ახალი ამბები

დისკრიმინაციის შესახებ უეფას მიერ გადაღებულ ფილმში გურამ კაშიაც მოხვდა

23 დეკემბერი, 2020 • 949
დისკრიმინაციის შესახებ უეფას მიერ გადაღებულ ფილმში გურამ კაშიაც მოხვდა

დისკრიმინაციის შესახებ უეფას მიერ გადაღებულ ფილმში საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრი გურამ კაშიაც მოხვდა. კაშიასთან ერთად, ფილმში საფეხბურთო სფეროს ისეთი წარმომადგენლებიც მოხვდნენ, როგორიც არიან ჟოზე მაურინიო და პოლ პოგბა.

ფილმში გურამ კაშია იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას თანასწორობის იდეას მხარი საჯაროდ  დაუჭირა, ჰომოფობია დაგმო და ლგბტ დროშის ფერებით სამკლაური გაიკეთა, რასაც ქართული საზოგადოების ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ზოგიერთი კი ითხოვდა ნაკრებიდან მის წასვლასაც.

“ჩემს ქვეყანაში ამას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. როდესაც ნაკრებში უნდა მეთამაშა, მატჩის დაწყებამდე საპროტესტო აქცია იყო, ბევრი ნეგატიური კომენტარი გაკეთდა ჩემი მისამართით. რთული დრო იყო.

არ მეგონა, რომ ამდენი ზიზღი იქნებოდა. რა შემიძლია ვთქვა, ასეთი რაღაცები დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე და ზოგჯერ მტკივნეულია. წარმომიდგენია, რამდენად რთულია, როცა ასეთი ბულინგის მსხვერპლი ხარ. ეს თავადაც გამოვცადე. 

უფრო მეტად ჩემს ოჯახზე, მეუღლეზე, დედ-მამაზე ვდარდობდი. მაგალითად, როცა ახალი ამბების გამოშვება შენი შვილით იწყება, უცნაური გრძნობაა. ვდარდობდი, მაგრამ მშობლებისგან მხარდაჭერა მივიღე — შენ იცი, რა არის სწორიო. მათ თავდაჯერებულობის გრძნობა გამიჩინეს”, — ამბობს კაშია.

უეფას ფილმში ასევე მოხვდა ქართველი ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი, რომელიც იხსნებს, რომ ჰომოფობიის დაგმობის გამო გურამ კაშია საზოგადოების მხრიდან ბულინგის ობიექტი გახდა.

” საქართველო ძალიან კონსერვატიული და რელიგიური ქვეყანაა. მართლმადიდებლური ქრისტიანობა [საქართველოში] საკმაოდ ძლიერია. ჩვენ ვნახეთ, როგორ გავიდა გურამი მოედანზე. ამან იმწამსვე გამოიწვია პროტესტი საქართველოში. ადამიანები ცუდ რაღაცებს წერდნენ, ონლაინსივრცეში ადგილი ჰქონდა სიძულვილის ენას. გურამი საზოგადოების ბულინგის ქვეშ მოექცა. აუცილებლად მივიჩნიე, გურამისთვის ხმა მიგვეწვდინა, გვეჩვენებინა ლგბტქ+ საზოგადოების სოლიდარობა სტადიონზე”, — ამბობს თაბაგარი.

გურამ კაშია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს. მიუხედავად მის წინააღმდეგ აგორებული ჰომოფობიური და ფაშისტური კამპანიისა, ეროვნული ნაკრების ლიდერს უკან არ დაუხევია და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

ცისარტყელის ფერის სამკლაურთან დაკავშირებით თითქმის ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა საქართველოში დისკუსია. ლევან კობიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის ინიციატივით, ფეხბურთის ფედერაციამ და ქართველი ფეხბურთელების ნაწილმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს, ხოლო რამდენიმე ქართველმა სპორტსმენმა საჯაროდ გაიზიარა გურამის პოზიცია ადამიანის უფლებების საკითხზე.

2018 წელს უეფამ გურამ კაშიას უეფა თანასწორობის( Equal Game-ის) ჯილდოც  გადასცა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცევა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით.

აღნიშნული ჯილდო ასახავს უეფას კამპანიის, #EqualGame-ის პათოსს, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთისგან სიამოვნების მიღების უფლება გააჩნია ყველას, განურჩევლად მისი წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური მდგომარეობისა თუ რელიგიისა.

გურამ კაშია ნეტგაზეთმა საქართველოში 2017 წლის ადამიანად დაასახელა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი