ნეტგაზეთი საქართველოში 2017 წლის ადამიანად ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერს, გურამ კაშიას ასახელებს. მივიჩნევთ, რომ არნემის “ვიტესის” კაპიტანმა მიმდინარე წელს საქართველოში ადამიანის უფლებების გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
გურამ კაშია პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს. მიუხედავად მის წინააღმდეგ აგორებული ჰომოფობიური და ფაშისტური კამპანიისა, ეროვნული ნაკრების ლიდერს უკან არ დაუხევია და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.
ცისარტყელის ფერის სამკლაურთან დაკავშირებით თითქმის ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა საქართველოში დისკუსია. ლევან კობიაშვილისა და ალექსანდრე იაშვილის ინიციატივით, ფეხბურთის ფედერაციამ და ქართველი ფეხბურთელების ნაწილმა გურამ კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს, ხოლო რამდენიმე ქართველმა სპორტსმენმა საჯაროდ გაიზიარა გურამის პოზიცია ადამიანის უფლებების საკითხზე.
[red_box]გთავაზობთ ინტერვიუს 2017 წლის ადამიანთან[/red_box]
საქართველოში ადამიანის უფლებების გაუმჯობესებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი წვლილისთვის, მივიჩნევთ, რომ 2017 წლის ადამიანი ხართ. ეს უკავშირდება თანასწორობის იდეას, რასაც თქვენ დაუჭირეთ მხარი, და ჰომოფობიური კამპანიის მიუხედავად, დარჩით პრინციპულ პოზიციაზე. როდესაც ფერად სამკლაურს იკეთებდით, გქონდათ თუ არა გააზრებული, რა რეაქცია მოჰყვებოდა ამას თქვენს ქვეყანაში?
პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა. ჩემთვის მართლაც სიურპრიზი იყო, რომ ასეთი დამსახურება მხვდა თქვენგან წილად. ეს საკითხი ჩემი სფეროდან, ფეხბურთიდან გამოსულია და ძალიან მიხარია. რომ გავიგე ეს ამბავი, ჩემს ცოლს ვეხუმრებოდი, წლის ადამიანი ვარ- მეთქი. ამიტომ ძალიან ამაყი ვარ ჩემი თავის; ძალიან დიდი მიღწევაა, როდესაც კარგი ორგანიზაცია გაღიარებს.
მართალი გითხრათ, არ მეგონა, რომ საქართველოში ამხელა ამბავი მოჰყვებოდა ასეთ პატარა ფაქტს. ჩემთვის, პირველ რიგში, მთავარია ფეხბურთის თამაში, ხოლო ეს იყო ჩვეულებრივი კამპანია და ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთი ყურადღება დაეთმობოდა ფერად სამკლაურს.
ყურადღებას არ უთმობენ, ალბათ, ჰოლანდიაში, სადაც მსგავსი პრობლემები არ დგას, თუმცა საქართველოში რამდენიმე წლის წინ ათასობით ადამიანი გამოვიდა სწორედ იმ პირების ჩასაქოლად, რომლებსაც თქვენ დაუჭირეთ მხარი…
მე კონკრეტულ ადამიანებს ან აქციას არ ვიცავ. მე თვითონ რაც გამოვცადე ამ პერიოდის მანძილზე, ეს არის ძალიან დიდი აგრესია, რაც მძაფრად არის ქართველ ხალხში და ერში. ერთმანეთის მიმართ გვაქვს ძალიან დიდი აგრესია. მე ბავშვობიდან ვხედავდი ქუჩაში, ოჯახებში და ბევრგან ამ აგრესიას, რისი წინააღმდეგიც ვარ. ეს იყო ერთ-ერთი ღონისძიება, რომელშიც ჩართული ვიყავი ავტომატურად და რა აზრიც დავაფიქსირე, იმის უკან ვდგავარ დღესაც. არაფერს არ ვნანობ. არ ვნანობ იმას, რაც გავაკეთე, მაგრამ ეს არ არის კონკრეტული პირების მხარდაჭერა. ეს არის აგრესიის წინააღმდეგ ჩემი დამოკიდებულება. რაც მოხდა საქართველოში, არ უნდა მომხდარიყო. მე ყველა ადამიანს ერთნაირად ვცემ პატივს – დიდსაც, პატარასაც, უმცროსსაც, უფროსსაც, პრეზიდენტსაც, ქუჩაში მოსიარულესაც. ეს არის ჩემი ხედვა, რის გამოც ჩემ წინააღმდეგაც იყო აგრესია.
კონკრეტულ ჯგუფს ნამდვილად ჰქონდა ამის მცდელობა, თუმცა უამრავი ადამიანი დაგიდგათ მხარში. რამდენად მოელოდით ასეთ მხარდაჭერას?
ეს იყო უმნიშვნელოვანესი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის იმიტომ, რომ ამ პერიოდის მანძილზე რთული იყო ჩვენთვის, როდესაც ამდენი სხვადასხვა აზრი მოდის შენამდე. ათასნაირი კრიტიკა იყო, თუმცა იყო დიდი სიყვარულიც. ასეთ მომენტში, როდესაც შენი კოლეგები, მეგობრები, ფეხბურთის ფედერაცია, ახლობლები და ქვეყნის პრეზიდენტი მხარს გიჭერენ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენი ადამიანის მხარდაჭერა ძალიან მაძლიერებდა.
ჰომოფობიური კამპანიის მიუხედავად, თქვენ ჩამოხვედით საქართველოს ნაკრებში და ორივე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღეთ მონაწილეობა. ბელარუსთან მატჩის მიმდინარეობისას, როდესაც უშუალოდ თამაშის დროს თქვენ წინააღმდეგ შეძახილებს ისმენდით, რას განიცდიდით ამ დროს?
ჩემს თავში რასაც მე თვითონაც ვაფასებ, ვარ პროფესიონალი და საქმეს ყოველთვის ძალიან სერიოზულად ვუდგები. “პიდარასტი” კი არა, რა აღარ უკადრებიათ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, მაგრამ თამაშის დროს, 90 წუთის განმავლობაში, ასეთ წვრილმანებს 30 წლის ასაკში უკვე აღარანაირი მნიშვნელობა აქვს და არავითარ ზეგავლენას ახდენს. სიმართლე რომ გითხრათ, არაფერი განმიცდია და არც გავბრაზებულვარ…
თუმცა ბელარუსთან თამაშის შემდეგ თქვით, რომ ასეთი ზიზღი და სიძულვილი არასდროს გიგრძვნიათ…
ისეთი ნეგატიური კომენტარები იწერებოდა რაღაც ყალბი ანგარიშებით და ისეთი ლანძღვა ისმოდა ჩემ გარშემო, ალბათ, ჩემს ადგილას ყველა იმავეს იგრძნობდა.

გურამ კაშია, ფეხბურთელი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი
მიუხედავად ამისა, დაიმსახურეთ ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარულიც. თქვენ გაცილებით მეტი მხარდამჭერი გამოგიჩნდათ საქართველოში. საინტერესოა, ჰოლანდიაში როგორი გამოხმაურება ჰქონდა იმ ისტერიას, რაც ფერადი სამკლაურის გაკეთებას მოჰყვა თქვენს სამშობლოში?
ჰოლანდიაშიც დაინტერესდნენ საქართველოში განვითარებული მოვლენებით იმიტომ, რომ პატარა სტატიები დაიწერა საერთაშორისო მედიაში. ერთ-ერთმა სახელმწიფო არხმა კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით დამისვა შეკითხვა, რაც ქართულ მედიაშიც დაიწერა. მოკლედ, ჰოლანდიაშიც ჩამოაღწია ამბავმა, მაგრამ მთლად ბოლომდე მაინც ვერ გაიგეს.
ის პრობლემები, რაც საქართველოში არსებობს, მათ შორის, ადამიანის უფლებების კუთხით, ალბათ, ჰოლანდიაში ყველაზე ნაკლებად არსებობს დღეს. გარდა იმისა, რომ გაიზარდეთ როგორც ფეხბურთელი, რა გასწავლათ ჰოლანდიაში გატარებულმა წლებმა?
ჰოლანდიაში ისეთ ასაკში მომიწია ცხოვრება, როდესაც ადამიანად ყალიბდები. 22 წლის ვიყავი, 23-ის ვხდებოდი, როცა წავედი ჰოლანდიაში და იმის მერე იქ ვცხოვრობ. იქ ჩამოვყალიბდი, როგორც ადამიანი და როგორც კაცი. მე ქართულ ტრადიციებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მჯერა, რომ ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ. არასდროს თავი არ ამირიდებია, რომ ქართველი ვარ. მაქვს ჩემი გარკვეული დამოკიდებულება და აზრი ადამიანებზე, რომლის დაფიქსირების შიშიც არ მაქვს. არ მომწონს, რომ ეს ადამიანებს აღიზიანებს. მე ყველა ადამიანის აზრს პატივს ვცემ. შეიძლება შენი აზრი არ მომეწონოს, მაგრამ დავილაპარაკოთ ცივილიზებულად, აგიხსნა-ამიხსნა და შევთანხმდეთ. ჩხუბი და აგრესია მხოლოდ მოედანზე ვიცი (იცინის).
ვიცით, რომ ლგბტ სამკლაურის გაკეთება არ იყო თქვენი ინიციატივა და სხვა კაპიტნებთან ერთად შეუერთდით ერთ-ერთი უფლებების დამცველი ორგანიზაციის დაგეგმილ კამპანიას, თუმცა აღმოჩნდა, რომ იყავით პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ხმამაღლა დაუჭირა მხარი თანასწორობის იდეას, ხოლო შემდეგ თქვენმა კოლეგებმაც გააკეთეს მსგავსი განცხადებები, მათ შორის, გიორგი მერებაშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა. თითქმის ორი თვე მიმდინარეობდა ამ საკითხზე დისკუსია და ამ ხსნის განმავლობაში ძალიან ბევრმა ადამიანმა გაბედა საჯაროდ თქვენი პოზიციის გაზიარება…
კურიერი რომ ჩემით დაიწყო, მანდ მივხვდი, რომ რაღაც ქაოსია ქვეყანაში. ჩემი ინიციატივა არ იყო. ეს იყო კამპანია, რომელიც ყველა ჩემპიონატში ტარდება ჰომოფობიის, რასიზმის და ძალადობის წინააღმდეგ. ეს კამპანია ჩემ გარეშეც ჩატარდებოდა. უბრალოდ, როდესაც ჩემი აზრი დავაფიქსირე, ეს არავის დაუძალიებია და არავის უკარნახია. ეს არის ჩემი თავისუფალი აზრი, რომელიც მაქვს და მექნება – ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ძალადობა. არ შეიძლება პოლიციელი ძალადობდეს მოქალაქეზე, არ შეიძლება ოჯახში ძალადობა და ა.შ.
ჩემი ამბავი კი არა, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა ბავშვებს შორის, ეს არის კატასტროფა. ზუსტად მანდ, მომავალ თაობაში არ უნდა ხდებოდეს მსგავსი შემთხვევები – უნდა მოისპოს ეს მენტალიტეტი. ბავშვებს ფეხბურთი, სპორტი უნდა უყვარდეთ…
მიმდინარე წლის აპრილში “ვიტესმა” თასიც მოიგო, რაც არის კლუბის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი მიღწევა და ალბათ, თქვენიც კარიერაში. ამის შემდეგად გაიზრდებოდა თქვენი ავტორიტეტი და მხარდამჭერთა რაოდენობა ჰოლანდიაში.
რა სიყვარულსაც იქ ვგრძნობ, იმის იქით აღარ არსებობს მეტი პატივისცემა. ეს ბედი მერგო მე. სიყვარულის მოპოვება არის ყველაზე რთული, რასაც ტიტულის მოგებით ვერ მიაღწევ. ეს ხდება შენი შრომით, თავდადებითა და პროფესიონალიზმით, რაც მე, ალბათ, შევძელი. ჰოლანდიის თასის მოგება არის ისტორია, რომელიც ჩვენ შევქმენით. იმ 7-8 წლის გამავლობაში, რაც ჩავერთე “ვიტესის” განვითარების პროექტში, მივაღწიეთ იმას, რასაც 125 წლის განმავლობაში ვერავინ მიაღწია, ხოლო მე ვიყავი გუნდის კაპიტანი. ისიც მაგარი ფაქტია, რომ ქართველი კაპიტანი ჰყავს ერედივიზიონის გუნდს. ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ ჰოლანდიაში. ჩემი ქალაქია არნემი. ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ადამიანად მთვლიან იქ, რასაც მივაღწიე ჩემი შრომით.

ნეტგაზეთის ინტერვიუ გურამ კაშიასთან. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი
სპორტულ მედიაში სხვადასხვა დროს იწერებოდა, რომ არაერთ კლუბს სურდა თქვენი გადაყვანა, მაგრამ “ვიტესი” არ დაგიტოვებიათ. გულშემატკივრების დიდი სიყვარულია მიზეზი, რის გამოც არ გსურთ კლუბის შეცვლა ამდენი ხნის განმავლობაში?
იყო რამდენიმე საინტერესო წინადადება, მაგრამ კონკრეტულ ფაზამდე არ მისულა მოლაპარაკებები. მართალი გითხრათ, წლების მანძილზე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ვიტესში, ხოლო ტოპ ჩემპიონატების საშუალო დონის კლუბებიდანაც არ ყოფილა შემოთავაზება. ამიტომ ახლოსაც არ ყოფილა რეალობასთან ჩემი სხვა გუნდში გადასვლის საკითხი. რა თქმა უნდა, მეორე მხარეც არის – სადაც კომფორტულად და კარგად გრძნობ თავს, იქ უნდა იყო. ჩემს გადაწყვეტილებას “ვიტესში” დარჩენასთან დაკავშირებით საერთოდ არ ვნანობ.
თბილისის “დინამოში” გატარებულ წლებს როგორ იხსენებთ? რას ნიშნავდა ამ კლუბებში თამაში თქვენთვის?
“დინამო” არის ჩემი პირველი, ყველაზე მაგარი და ფავორიტი გუნდი – მას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. აქ მივიღე საფეხბურთო განათლება; ჯერ “დინამოს” სკოლა დავამთავრე, ხოლო შემდეგ- იმის საშუალება, რომ ნაკრებში მეთამაშა. მან მომცა შესაძლებლობა, რომ ევროპაში წავსულიყავი. ბავშვობაში რაც ვისწავლე მოედანზე, დინამოს დამსახურებაა. ამ კლუბის დიდი გულშემატკივარი ვარ და ვისაც არ უნდა ეთამაშებოდეს, სულ “დინამოს” მხარეს ვიქნები.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში უფროს ძმასთან ერთად თამაშობდით. ვიცით, რომ შოთა ავარიაში მოჰყვა ოქტომბერში. როგორ არის ახლა?
დღეს გაიკეთა ოპერაცია და ამოიღო რკინა, რაც ჩაუდგეს ავარიის შემდეგ. წარმატებით ჩაიარა ამ პროცედურამ და დაახლოებით თვენახევარში დაუბრუნდება მოედანს.
პროფესიულ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ვინ და რამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა თქვენზე? ვინ არის თქვენთვის სამაგალითო ადამიანი?
ალბათ, ინტერნეტია ჩემთვის სამაგალითო. ონლაინ ვიღებ იმ ინფორმაციას, რაც მჭირდება. დღეს სოციალური ქსელი ისე არის განვითარებული, რომ ყველაფერია, რაც გჭირდება და ეს გეხმარება პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. მაგალითად, იღებ ინფორმაცის სწორი კვების, დროული ძილის, ვარჯიშის, დალევის და ა.შ. ასევე, როგორ უნდა მოემზადო თამაშის წინ. ამ ყველაფერს აქვს დრო და მიზეზი. ამ ყველაფერს უნდა მიუძღვნა შენი ორგანიზმი – ეს არის პროფესიონალიზმი.
კონკრეტული პიროვნებებიდან, ალბათ, 20-25 ადამიანი იქნება, ვისგანაც მაგალითი ავიღე და ვისაც აზრი ვკითხე. ბევრი კითხვები ინტერნეტში – Google-თან და ვეძებ განვითარებას. დღევანდელი ფეხბურთში ათლეტები ისე ვითარდებიან, რომ მაგალითად, 10 წლის წინ რომ გარბოდა 100 მეტრს 10 წამში, დღეს გარბის 9 წამში. დღეს ისე ვითარდება ათლეტის კუნთები, რომ ამას არ უნდა ჩამორჩეს ფეხბურთელიც. შენ უნდა გქონდეს სწორი ინფორმაციის მოპოვების რესურსი, აღმოაჩინო კომპეტენტური ადამიანები და სწორი კითხვები დაუსვა.

გურამ კაშია, ფეხბურთელი. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი
რაც შეეხება ქართულ ფეხბურთს, თქვენი აზრით რა აკლია? რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ევროპულ დონემდე მივიდეთ?
პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა. ყველა უნდა ჩაერთოს ფეხბურთის განვითარების პროცესში. შეიძლება ფული ჩადო, მაგრამ ხალხს თუ არ დააინტერესებს, აზრი არ აქვს. რა თქმა უნდა, უნდა გაუმჯობესდეს ეკონომიკური დონეც. შეიძლება არ არის ძალიან დიდი სხვაობა ჰოლანდიისა და საქართველოს ჩემპიონატს შორის. უბრალოდ, იქ მაყურებელი სულ დადის სტადიონზე. ჰოლანდიაში ფეხბურთი ოჯახებს კრებს – ბებია, ბაბუა, შვილიშვილი ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ფეხბურთი ტარდება შაბათ-კვირას, როდესაც ისინი ერთად იკრიბებიან სტადიონზე. ალბათ, ეკონომიკა ისეა იქ განვითარებული, რომ ყველა მუშაობს, ყველას თავის საქმე აქვს და შაბათ-კვირა არის ოჯახების შეკრების მიზეზი სტადიონზე. საქართველოში ახლოსაც არ ვართ ამასთან, თუმცა მივდივართ იქ, სადაც აგრესიაა.
ეროვნული ნაკრები ხარისხობრივად გაცილებით კარგ ფეხბურთს თამაშობს, ჰყავს საკმაოდ კარგი ფეხბურთელებიც, თუმცა იმ შედეგს, რაც მაყურებელს სურს, ვერ აღწევს. როგორ და როდის შეძლებს საქართველოს ნაკრები ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას?
ჩვენ, დღევანდელ თაობას, ერთა ლიგის შექმნის მერე, საშუალება მოგვეცა იმის, რომ აქედან გავიდეთ. დღევანდელი რესურსი რაც გვაქვს, ძალიან რთულია, რომ კონკურენცია გაუწიო ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი და ა.შ. ამიტომ ასეთ ქვეყნებთან ჭიდაობა ძალიან რთულია. საჭიროა თაობათა ცვლა და უნდა ვიყოთ მეტად პროფესიონალები, უფრო სწრაფები, უფრო ჯანმრთელები და სხარტად მოაზროვნეები.
ჩვენ ვიძახით, რომ გვაქვს შანსი ერთა ლიგიდან ჯგუფურ ეტაპზე გასვლის, თუმცა რთულია, რადგან იქ ჩვენნაირი “მშიერი” ნაკრებები არიან. თუმცა ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ. სულ იქნება 16 ქვეყანა და ერთი გავა მხოლოდ. ეს იქნება ურთულესი, მაგრამ ყველაზე დიდი შანსი ჯგუფურ ეტაპზე გასვლის. ამის რესურსი გვაქვს, რომ ამ 16 გუნდში გამარჯვება მოვიპოვოთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ, რისთვისაც საჭიროა, ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც ერთად დავდგეთ.
ნეტგაზეთი გირჩევთ:
[red_box]ცნობილი სპორტსმენები, რომლებიც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერას უცხადებენ[/red_box]
[yellow_box]დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში ფეხბურთი არ უნდა გამოვტოვოთ – ინტერვიუ ნიკა ჯღარკავასთან[/yellow_box]
[blue_box]ტესტი: რა იცით ფეხბურთელ გურამ კაშიაზე[/blue_box]