ახალი ამბები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება შესაძლოა გადავადდეს — ომბუდსმენი

18 დეკემბერი, 2018 • 1338
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება შესაძლოა გადავადდეს — ომბუდსმენი

პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომლითაც უმრავლესობის პარლამენტარები ითხოვენ, გადავადდეს სპეციალური საგამოძიებო ორგანოს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა — იუწყება სახალხო დამცველი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელმაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულები უნდა გამოიძიოს, 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა უმრავლესობის პარლამენტარების- გედევან ფოფხაძის, დავით მათიკაშვილის და სხვების ინიციატივით, პარლამენტის კომიტეტი 19 დეკემბერს განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ამ ვადის გადაწევას ითვალისწინებს.

სახალხო დამცველის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მექანიზმი “არ არის პრობლემის სრულყოფილად მოგვარების საშუალება”, ის მაინც იყო წინ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომაც, ინსტიტუტის თანახმად, “ინსპექტორის სამსახურის დროული ამოქმედება უსწრაფესად განსახორციელებელი რეფორმაა”.

ასეთი სამსახურის არსებობა, ომბუდსმენის ცნობითვე, ევროკავშირის წინაშე აღებული ერთ-ერთ ვალდებულებაცაა. “ნებისმიერი ბარიერი და დაბრკოლება ამ მიმართულებით სწრაფ გამოსწორებას საჭიროებს”, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

 

პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ. ამით უნდა შექმნილიყო ახალი სამსახური, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის  გამოძიების ფუნქციას იკისრებდა — რასაც დიდხანს ითხოვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

სახალხო დამცველის თანახმად, 2018 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება გადავადდება, თუმცა ეს ნაბიჯი დასაბუთებული არ არის.

“გადავადების ერთადერთ მიზეზად დასახელებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საჭირო თანხების გამოყოფის აუცილებლობა. აღნიშნულის მიუხედავად, კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ მოხდა ამ თანხის გამოყოფა 2018 წელს, როცა აღნიშნულისთვის საკმარისზე მეტი დრო იყო. სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საჭირო სახსრები გამოეყოთ როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილებების გზით, ისე სარეზერვო სახსრებიდან”, – წერს სახალხო დამცველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი