ახალი ამბები

IBSU-ს დაუბრუნდა პირველკურსელთა მიღების უფლება

8 დეკემბერი, 2018 • 6117
IBSU-ს დაუბრუნდა პირველკურსელთა მიღების უფლება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ შავ ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღების უფლება აღუდგინა. საბჭოს სხდომა დღეს, 8 დეკემბერს ჩატარდა.

როგორც IBSU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, შეზღუდვის მოხსნასთან ერთად საბჭომ უნივერსიტეტს კვოტაც გაუზარდა, 3 500 სტუდენტამდე.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, შავი ზღვის უნივერსიტეტს სექტემბრიდან შეეძლება პირველკურსელთა მიღება. თუმცა, ადმინისტრაცია აპირებს, უწყებას სპეციალური მობილობის გამოცხადებისათვის მიმართოს, რათა IBSU-მ მეორე სემესტრიდანვე შეძლოს იმ პირველკურსელთა მიღება, რომლებიც სექტემბერში შეზღუდვის გამო უნივერსიტეტში სწავლას ვერ შეუდგნენ და არც არჩევანი შეუცვლიათ.

ამ გადაწყვეტილებამდე, 22 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა მოხსნა.

20 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა IBSU-ს პირველკურსელთა ნაკადის მიღების უფლება 1 წლით შეუზღუდამიზეზად ფინანსური არამდგრადობა, კერძოდ, სახელმწიფოსადმი არსებული დავალიანება სახელდებოდა.  26 აგვისტოს IBSU-მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება გადაიხადა.  ცენტრში უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას მიესალმნენ, თუმცა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება აპელაციის გარეშე ვერ გადაიხედებოდა.

ამის შემდეგ, 15 ოქტომბერს განათლების ხარიხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებულმა სააპელაციო საბჭომ, IBSU საკითხი ავტორიზაციის საბჭოს განსახილველად ხელახლა დაუბრუნა.

უნივერსიტეტისათვის დაწესებულ ამ შეზღუდვას IBSU-ს სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაცია და მათი მხარდამჭერები აქციებითა და სხვა საშუალებებით მთელი ამ პერიოდის მანძილზე აპროტესტებდნენ.

IBSU-ს საქმე – შესაძლო პოლიტიკური მოტივები

ავტორიზაციის საბჭოს მიერ დაწესებული შეზღუდვის შემდეგ, IBSU-ს გარშემო განვითარებული მოვლენების შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობდნენ უნივერსიტეტის მხარდამჭერები როგორც საქართველოში, ისე საზღავრგარეთ.

მათ შორის ერთ-ერთს, პოლიტოლოგ გია ნოდიას ავტორიზაციის საბჭოს ხისტი გადაწყვეტილება ეჭვს უმყარებდა, რომ მოვლენები, შესაძლოა, დემირელისა და შაჰინის სკოლების დახურვით დაწყებული პროცესის გაგრძელება ყოფილიყო, რომელშიც თურქეთის ხელისუფლების გავლენა იგრძნობა.

ავტორიზაციის საბჭოს მიერ IBSU-სთვის დაწესებულ შეზღუდვამდე 4 დღით ადრე, 16 აგვისტოს, თურქეთის ელჩმა საქართველოში “ანადოლუს” უთხრა, რომ თურქეთი “გიულენისტებთან” ბრძოლის კუთხით თბილისის ქმედებებით ბოლომდე კმაყოფილი არაა. ფატმა ჯერენ იაზგანმა აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთიულაჰ გიულენის მხარდამჭერები იგულისხმა, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას ედავება.

მან ასევე თქვა, რომ “აღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში კვლავ გააჩნია უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა”. ელჩს უნივერსიტეტი არ დაუკონკრეტებია და, შესაბამისად, უცნობია, გულისხმობდა თუ არა ის შავი ზღვის უნივერსიტეტს.

საერთაშორისო გამოხმაურება

უნივერსიტეტის საკითხს გამოხმაურება, ძირითადად, ევროკავშირის წრეეებში მოჰყვა. ძირითად შემთხვევაში, განცხადებების დროს ყურადღება პროცესებში თურქული მხარის შესაძლო ჩართულობაზე მახვილდებოდა.

უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ერთ-ერთი პირველი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი გამოეხმაურა.

7 სექტემბერს მან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სოლიდარობა “ტვიტერის” მეშვეობით გამოუცხადა და საზოგადოებას მიმართა:  “დადექით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად! …ნუ მისცემთ უფლებას ერდოღანს, საქართველოში კანონის უზენაესობა დაასუსტოს!”

ამავე პერიოდში, IBSU-ს საკითხს ევროპარლამენტის წევრი ანა გომესიც გაეცნო, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა.

ევროპარლამენტის მიერ მომზადებული ერთ-ერთი ბოლო ანგარიშის შესწორებაში კი ჩაიწერა:

“ევროპარლამენტი შეშფოთებულია იმ წნეხის გამო, რომელსაც თურქეთი ახორციელებს საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, როგორიცაა, მაგალითად, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რადგანაც ამ უკანასკნელს უკავშირებენ გიულენის მოძრაობას”.

ევროპარლამენტი საქართველოს ოფიციალურ პირებს ამ პროცესების დროს კანონიერი ჩარჩოს შენარჩუნებისათვის ყურადღების გამოჩენისაკენ მოუწოდებდა, ევროკავშირს კი თურქეთის ქმედებებზე მიანიშნებდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის დახმარების გაწევისაკენ მოუწოდებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი