ახალი ამბებისაზოგადოება

რას და რატომ ედავება ავტორიზაციის საბჭო IBSU-ს

23 აგვისტო, 2018 • 6681
რას და რატომ ედავება ავტორიზაციის საბჭო IBSU-ს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) სასამართლოში გაასაჩივრებს ავტორიზაციის საბჭოს მიერ 20 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას.

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც  სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა.  IBSU სასამართლოსგან მოითხოვს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეჩერებას.

IBSU-ს ინფორმაციით, უნივერსიტეტს სახელმწიფოს სასარგებლოდ 700 ათასი ლარი ჯარიმა აქვს დაკისრებული. 

უნივერსიტეტის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკან გარკვეული პირები დგანან, რომლებსაც უნივერსიტეტის ხელში ჩაგდება უნდათ. ამ ეტაპზე ადვოკატი ამ ადამიანების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ისინი ქართველი ბიზნესმენები არიან.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ფინანსურმა პრობლემებმა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი დგას, შესაძლოა სასწავლო პროცესები სერიოზული რისკების წინაშე დააყენოს. დღეს, 22 აგვისტოს IBSU-მ საბანკო ამონაწერი გაასაჯაროა, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტს დეპოზიტზე სახელმწიფოს მიმართ დავალიანების დასაფარი თანხა აქვს. ადვოკატი ამბობს, რომ ამონაწერი ავტორიზაციის საბჭოსაც წარუდგინეს.

“ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება თითქოსდა ეფუძნება იმას, რომ IBSU-ს სასამართლო დავა აქვს საგადასახადო ინსპექციასთან. უნივერსიტეტის წარმომადგენელმა საბჭოს წარუდგინა საბანკო ამონაწერი, სადაც დეპოზიტზეე 739 ათასი ლარი დევს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო უნივერსიტეტს 700 ათასი ლარის გადახდას დააკისრებს, ეს თანხა IBSU-ს მიერ დაუყოვნებლივ იქნება გადახდილი,” – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატი განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტი სამართლებრივ დავას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს. სოსო ბარათაშვილის თქმით, საბჭოს 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით ირღვევა განათლების მიღებისა და საკუთრების უფლება.

რატომ დაეკისრა უნივერსიტეტს ჯარიმა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  უნივერსიტეტს სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება აქვს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადაუხდელობის გამო დაუწესდა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ ამბობს, რომ უნივერსიტეტი ახალ კამპუსს აშენებს საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს. მისი თქმით, კამპუსის ასაშენებლად კომპანია იქირავეს, რომელმაც გადაიხადა დღგ (დამატებითი ღირებულების გადასახადი). რექტორი განმარტავს, რომ ამ კომპანიის მიერ ბიუჯეტში დღგ-ს სახით შეტანილია 400 ათასი ლარი, რომელიც რეალურად უნივერსიტეტმა გადაიხადა. 

შემოსავლების სამსახურმა შავი ზღვის უნივერსიტეტი 2013 წელს შეამოწმა. უწყებამ უნივერისტეტს კომპანიის მეშვეობით გადახდილი დღგ არ ჩაუთვალა. IBSU-ს რექტორი განმარტავს, რომ უნივერისტეტს ჰქონდა ვალდებულება, დღგ-ს გადამხდელად თვითონ დარეგისტრირებულიყო.

“2011 წელს კანონი შეიცვალა. ახალი კანონმდებლობით უნივერსიტეტი დღგ-ს გადამხდელად უნდა დარეგისტრირებულიყო, ჩვენ ეს გამოგვრჩა. ამის გამო დაგვეკისრა დავალიანება 400 ათასი ლარის ოდენობით. მათ შეეძლოთ ადმინისტრაციული ჯარიმა 20 ათასი ლარი დაეწერათ და ამას გადავიხდიდით, თუმცა 400 ათასი ლარის გადახდა დაგვაკისრეს. ამას დაემატა საურავი და საბოლოოდ IBSU-ს  1.5 მლნ ლარი ჰქონდა გადასახდელი,”-აცხადებს ილიას ჩილოღლუ.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, დაკისრებული ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრეს და სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავალიანება 700 ათას ლამდე შემცირდა. ამ ეტაპზე დავა საქალაქო სასამართლოში კვლავ მიმდინარეობს. სასამართლოში IBSU ასაჩივრებს 700 ათასი ლარის გადახდას.

“უკვე წლებია სასამართლოში ვდავობთ ამ საკითხზე. რატომ უნდა გადავიხადოთ 700 ათასი, როცა დღგ უკვე გადახდილი გვაქვს. თუ 1.5 მლნ ლარიდან ჯარიმა 700 ათასზე ჩამოვიდა, შესაძლოა სასამართლომ 100 ათასი ლარის გადახდა დაგვაკისროს. მაშინ ისმის კითხვა 700 ათასი რატომ უნდა გადავიხადოთ?!”- აცხადებს რექტორი.

რატომ შეუჩერეს უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის  სტუდენტების მიღების პროცესის შეჩერების მიზეზად სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანებას ასახელებენ. ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის ქონებას ყადაღა ადევს და მსგავს შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭო სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

“მათ უკვე რამდენიმე წელია სახელმწიფოსთან დავა აქვთ იმ თანხასთან დაკავშირებით, რომლის გადახდაც სახელმწიფო ბიუჯეტში ეკუთვნით. არ გვქონია მსგავსი შემთხვევა, როდესაც რომელიმე დაწესებულებას მსგავსი პრობლემა ჰქონოდეს, განგვეხილა და დადებითი გადაწყვეტილება მიგვეღო,”-აცხადებს თამარ სანიკიძე.

უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ თუ საბჭო მათ ფინანსურად არასტაბილურად მიიჩნევს, მაშინ სტუდენტების მიღებას რატომ უკრძალავენ. მათი თქმით, სტუდენტების ახალი ნაკადი უნივერსიტეტის ფინანსური სტაბილურობისთვის უმინიშვნელოვანესია.

შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორი ამბობს, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტს 3 მლნ ლარის ზარალი ადგება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ქონება სრულად დაყადაღებულია. IBSU-ს რექტორი ამბობს, რომ მათ ქონებას ყადაღა რამდენიმე წელია ადვეს, თუმცა ეს ფაქტი სწავლის ხარისხზე არ ასახულა.

“ შენობებზე ყადაღა ნამდვილად გვიდევს. ეს ყადაღა ჩვენს ქონებას რამდენიმე წელია ადევს. მაშინ ვკითხულობ, ამ ყადაღამ შეაფერხა უნივერსიტეტის განვითარება? ან აისახა ეს ლექტორების ხელფასზე?” – ამბობს რექტორი.

ავტორიზაციის საბჭო

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს. საბჭოს ფუნქცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის მინიჭებაა. საბჭოს წევრებს უფლებამოსილების განსახორციელებლად ერთწლიანი ვადა აქვთ. ამჟამად, საბჭოში 17 წევრია.

ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სხდომას, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, 17 წევრიდან მხოლოდ 10 წევრი ესწრებოდა. დამსწრეთაგან ზემოხსენებულ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ერთმა – თსუ – ს დოქტორანტმა მაკა გველესიანმა მისცა.

“სულ ათი ადამიანი ესწრებოდა ამ განხილვას. აქედან ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ ერთმა წევრმა მისცა ხმა. ჩვენ ვერ დავრწმუნდით, რომ უმაღლესი დაწესებულების ადმინისტრაცია პასუხისმგებლობით ეკიდება მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვას. დაწესებულების ყველა ქონება დაყადაღებულია, ეს არ არის პასუხისმგებლიანი მიდგომა,”- განუცხადა “იმედს” დავით აფრასიძემ.

საბჭოს თავმჯდომარის თქმით, აქამდე არ ყოფილა პრეცედენტი, როდასაც ფინანსური დავალიანების გამო უმაღლეს სასწავლებელს მსგავსი სანქცია დაუწესდა.

“სტუდენტების მიღების შეჩერების საკითხი ახალი მექანიზმია, რომელიც წელს ამოქმედდა დააქემდე გამოყენებული არ ყოფილა,”-უთხრა დავით აფრასიძემ “ნეტგაზეთს”.

პოლიტიკური მოტივი?

კითხვაზე, ავტორიზაციის საბჭოს მიერ IBSU-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დემირელისა და შაჰინის სასწავლებლების კურსის გაგრძელება ხომ არ არის, ილიას ჩილოღლუ პასუხობს: “ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ჩემთვის ძალიან ძნელია. ამ ეტაპზე არ მინდა ამ თემას შევეხო. ვფიქრობ, საზოგადოებამ თავად უნდა შეაფასოს ეს პროცესი”.

“გიულენისტებთან” ბრძოლის კუთხით თურქეთი ჯერ ბოლომდე კმაყოფილი არ არის ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯებით. ამის შესახებ „ანადოლუსთვის“ მიცემულ ინტერვიუში თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა ისაუბრა.

მან თქვა, რომ “აღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში კვლავ გააჩნია უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა”.

ელჩს უნივერსიტეტი არ დაუკონკრეტებია და, შესაბამისად, უცნობია, გულისხმობდა თუ არა ის შავი ზღვის უნივერსიტეტს – IBSU-ს.

ელჩის ინტერვიუ ანადოლუზე 16 აგვისტოს გამოქვეყნდა, 20 აგვისტოს კი ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება. IBSU-ს მსგავსად ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის ნაწილია გასულ წლებში ხმაურიანად დახურული სკოლები: დემირელი და შაჰინი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა უნივერსიტეტის გაყიდვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, ბრიტანულ კომპანიას IBSU-ს ყიდვა სურდა. რატომ სურდათ უნივერსიტეტის მფლობელებს მისი გაყიდვა, ამ კითხვაზე  ილიას ჩილოღლუ არ პასუხობს. მისი თქმით,  ეს დამფუძნებლების საქმეა და ამაში არ ერევა.

“ისინი უნივერსიტეტის ყიდვით დღესაც არიან დაინტერესებულნი. დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ეს ადამიანები აქ დადიოდნენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა საბოლოოდ მათ უნივერსიტეტი ვერ იყიდეს. ამის მიზეზი არ ვიცი.”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1995 წელს დაარსდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი