ახალი ამბები

სადავო განცხადებიდან ხელმოწერა მმართველთა საბჭომაც გამოითხოვა — IBSU

15 მაისი, 2024 •
სადავო განცხადებიდან ხელმოწერა მმართველთა საბჭომაც გამოითხოვა — IBSU

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველთა საბჭომ რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე, რამაც სტუდენტებისა და ლექტორების უარყოფითი რეაქციები გამოიწვია, უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოითხოვა. მმართველთა საბჭო ამ გადაწყვეტილებას სტუდენტთა განსაკუთრებული ინტერესით ხსნის. ამ უნივერსიტეტის რექტორი „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი კახა შენგელიაა.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გამოიწვია. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატავთ ჩვენი ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ყველაფერი რუსული მიუღებელია,“  წერია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საუბარია 38 რექტორის ერთობლივ განცხადებაზე, რომლებიც აკრიტიკებენ საკუთარი უნივერსიტეტის იმ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. პროტესტის მიზეზი „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღებაა, რაც ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსს ცვლის დასავლეთიდან რუსეთისკენ.

რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე.

გუშინ, განცხადებაზე უნივერსიტეტის ხელმოწერა გაიწვია კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭომაც. მათი თქმით, რექტორთა განცხადებაზე ხელმოწერა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ გადაწყვიტა.

კავკასიის უნივერსიტეტის მმართველმა საბჭომ ხელმოწერის გამოთხოვის გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც უნივერსიტეტი 10-მდე ლექტორმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი პროტესტის მიზეზი, გარდა რექტორთა განცხადებაზე ხელმოწერისა, გახდა ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ კახა შენგელიამ უნივერსიტეტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით გაათავისუფლა.

სოსო ბერიკაშვილის დაახლოებით სამ საათში გამოეხმაურა კახა შენგელია. მან ბერიკაშვილს განცხადებას სამარცხვინო უწოდა და სტუდენტებისა და უნივერსიტეტის ღალატად შეაფასა. მისი მტკიცებით, ბერიკაშვილი ამ მეთოდით “პოლიტიკური კარიერის” შექმნას ცდილობს.

15 მაისის 16:40 საათის მონაცემებით, ტექნიკური უნივერსიტეტის ვებსაიტზე, სადაც გამოქვეყნებულია რექტორთა კონფერენციის განცხადება გაფიცვების წინააღმდეგ, ჯერ კიდევ არის როგორც შავი ზღვის საერთაშორისო, ისე კავკასიის უნივერსიტეტის ხელმოწერები.  

მასალების გადაბეჭდვის წესი