100-ს გადააჭარბა ბაღის ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც მოწამვლის სიმპტომების გამო ჰოსპიტალიზება დასჭირდათ.

„100-ზე მეტი იყო რიცხვი ბავშვებისა, რომელთა ჰოსპიტალიზებაც გახდა აუცილებელი, თუმცა, მათი მდგომარეობა, საბედნიეროდ, არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ისეთი, რომელიც საგანგებო ყურადღებას მოითხოვდა იმ თვალსაზრისით, რომ მდგომარეობის გართულების რისკი ყოფილიყო მოსალოდნელი. სრულფასოვანი გამოძიების შედეგად გვეცოდინება რა მოხდა და ყველას მოუწევს პასუხისგება, ვისაც ბრალი მიუძღვის, თუ მიუძღვის ბრალი“, — განაცხადა, IPN-ის ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

ის ვერ ხედავ მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ „რაიმე საყვედურის სათქმელად“.
„მაინტერესებს, რატომ უნდა დადგეს მაკონტროლებელი რგოლის პასუხისმგებლობა, როდესაც ის აკონტროლებს“, — თქვა სარჯველაძემ.

18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.

ბავშვები პირღებინებას და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ.

ეს ამბავი დაადასტურა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, ვისი განცხადებიდანაც გავიგეთ, რომ ბავშვებს დაუფიქსირდათ ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინებაც. სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

“ბავშვებს გასტროენტერიტი აღენიშნებათ, გამომწვევი ჯერ იდენტიფიცირებული არაა” — პედიატრი