ახალი ამბები

“გიულენისტებთან” ბრძოლის კუთხით თურქეთი თბილისის ქმედებებით ბოლომდე კმაყოფილი არაა

21 აგვისტო, 2018 • 8612
“გიულენისტებთან” ბრძოლის კუთხით თურქეთი თბილისის ქმედებებით ბოლომდე კმაყოფილი არაა

“გიულენისტებთან” ბრძოლის კუთხით თურქეთი ჯერ ბოლომდე კმაყოფილი არ არის ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯებით. ამის შესახებ „ანადოლუსთვის“ მიცემულ ინტერვიუში თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა ისაუბრა.

ელჩის თქმით, “ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ იმ პირების მიმართ, რომლებიც ემუქრებიან ჩვენს მტკიცე ორმხრივ ურთიერთობებს”.

„სამწუხაროდ, „ფეტოს“ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ჩვენი მოლოდინები ჯერ არ შესრულებულა და ვისურვებდით, რომ ამ საკითხზე გადაიდგას სერიოზული ნაბიჯი“, – განაცხადა მან.

ფეტო ამერიკაში მცხოვრები მქადაგებელ ფეტულა გიულენთან დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ქსელად მიიჩნევს და გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

იაზგანის თქმით, ურთიერთობები ქვეყნებს შორის ერთი და იმავე ინტენსივობით არ ვითარდება ყველა სფეროში. მაგალითად, მისი თქმით, საქართველოში მარიფის ფონდის სკოლის გახსნის პროცესიც არ მიმდინარეობს სასურველი ტემპით. ელჩმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ განსაკუთრებით „ფეტოს“ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში უფრო სწრაფი რეაგირების მიზნით მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს უწყებებთან, ამ კუთხით კი შეეხო ადგილობრივ სტრუქტურებთან ჩამოყალიბებულ ინტენსიურ კავშირებს.

მან თქვა, რომ “აღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში კვლავ გააჩნია უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა”.

ელჩს უნივერსიტეტი არ დაუკონკრეტებია და, შესაბამისად, უცნობია, გულისხმობდა თუ არა ის შავი ზღვის უნივერსიტეტს – IBSU-ს.

ელჩის ინტერვიუ ანადოლუზე 16 აგვისტოს გამოქვეყნდა, 20 აგვისტოს კი ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება. გადაწყვეტილების მიზეზად უწყება უნივერსიტეტის დავალიანებას და მის ქონებაზე, ასევე, წილებზე დადებულ ყადაღას ასახელებს. IBSU-ს მსგავსად ჩაღლარის ქსელის ნაწილია გასულ წლებში ხმაურიანად დახურული სკოლები: დემირელი და შაჰინი.

ელჩი ინტერვიუში შეეხო, მისი თქმით, ტერორისტული ორგანიზაციის ფინანსურ საკითხსაც. „ჩვენ შევწყვიტეთ თურქეთთან დაკავშირებული ფინანსური წყარო. ამჟამად საიდან იღებენ ფულს? „ფეტოს“ წევრებს კვლავ აქვთ სურვილი, თურქეთთან დაკავშირებული ოპერაციები საქართველოდან განახორციელონ. ჩვენ ვცდილობთ პასუხი გავცეთ ამ კითხვას და ამ მიმართულებით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაა ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის“, – განაცხადა მან.

ამავე თემაზე გირჩევთ

ვინ არის ფეტულა გიულენი? – მოძრაობა “ჰიზმეტი” და დაპირისპირება ერდოღანთან

 

დევნა რიცხვებში – თურქეთის 2 წელი გადატრიალების მცდელობიდან[ინფოგრაფიკა]

ცნობილი საქმეები, როცა თურქეთს “გიულენისტების” ექსტრადიციის მოთხოვნაზე უარით უპასუხეს

რატომ უნდა ანაღვლებდეს საქართველოს თურქეთსა და EU-ს შორის ურთიერთობების გამწვავება

მასალების გადაბეჭდვის წესი