შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ქონებას ყადაღა მოეხსნა. შემოსავლების სამსახურმა უმაღლეს სასწავლებელთან სამართლებრივი დავა შეწყვიტა და სარჩელი გაიხმო. ყადაღის მოხსნის თაობაზე საქალაქო სასამართლომ განჩინება დღეს, 22 ოქტომბერს გამოიტანა. IBSU-ის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინებით, ყადაღა უნივერსიტეტის ქონებასა და წილებს მოეხსნა.
“ამ დავის წარმოების იურიდიული საფუძველი აღარ არსებობდა, რადგან IBSU-მ აგვისტოს ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხა ის თანხა, რომელზეც სახელმწიფოსთან დავა ჰქონდა. შესაბამისად, ამ თანხის ამოღებაზე დავა, რომლის ფარგლებშიც ყადაღა ჰქონდა უნივერსიტეტის ქონებას დადებული, აღარ არსებობდა. ანუ რისკი იმისა, რომ სახელმწიფო ამ თანხას ვერ მიიღებდა, არ იყო,” – აცხადებს IBSU-ს ადვოკატი მარიამ ჩიქოვანი.
რაც შეეხება 735 ათას ლარს, რომელიც უნივერსიტეტმა ავტორიზაციის საბჭოს 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ბიუჯეტში გადაიხადა, უნივერისტეტი ამ თანხაზე სასამართლოში დავას კვლავ აგრძელებს. მარიამ ჩიქოვანის თქმით, ბიუჯეტში თანხის გადარიცხვის მიუხედავად, IBSU ამ დავალიანების კანონიერებას არ აღიარებს.
ავტორიზაციის საბჭომ, 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა. 26 აგვისტოს IBSU-მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება გადაიხადა. მანამდე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საბანკო ამონაწერი გაასაჯაროა, სადაც დეპოზიტზე დავალიანების დასაფარი თანხა იყო. IBSU-ში აცხადებდნენ, რომ საბანკო ამონაწერი ავტორიზაციის საბჭოსაც წარუდგინეს.
15 ოქტომბერს განათლების ხარიხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებულმა სააპელაციო საბჭომ, IBSU საკითხი ავტორიზაციის საბჭოს განსახილველად ხელახლა დაუბრუნა.
IBSU-ს გარშემო განვითარებული მოვლენების შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე უნივერსიტეტის მხარდამჭერები საქართველოშიც საუბრობენ. პოლიტოლოგ გია ნოდიას ავტორიზაციის საბჭოს ხისტი გადაწყვეტილება ეჭვს უმყარებს, რომ მოვლენები, შესაძლოა, დემირელისა და შაჰინის სკოლების დახურვით დაწყებული პროცესის გაგრძელება იყოს, რომელშიც თურქეთის ხელისუფლების გავლენა იგრძნობა.