ახალი ამბები

“ვსწავლობთ ერთად, ვიბრძვით ერთად” – პროტესტი IBSU-ს მხარდასაჭერად

27 აგვისტო, 2018 •
“ვსწავლობთ ერთად, ვიბრძვით ერთად” – პროტესტი IBSU-ს მხარდასაჭერად

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს მხარდაჭერა დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქციით გამოუცხადეს. სტუდენტები, ლექტორები, აბიტურიენტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის სხვა მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს მოსთხოვეს, დროულად მისცეს IBSU-ს პირველკურსელთა მიღების უფლება.

“განათლება ჩვენი უფლებაა!”; “პირველკურსელები IBSU-ს!”; “ჩვენ ვსწავლობთ ერთად, ვიბრძვით ერთად!” – ამ და სხვა შინაარსის ტრანსპარანტებით აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან 18:00-დან იკრიბებოდნენ. აქციას თბილისიდან და რეგიონებიდან ის აბიტურიენტებიც შეუერთდნენ, რომლებიც IBSU-ში სწავლის დაწყებას საბჭოს გადაწყვეტილების ფონზე ვერ ახერხებენ. 800 მსურველიდან უმეტესობამ მობილობის მეშვეობით არჩევანი უკვე შეცვალა, თუმცა 100-ზე მეტი აბიტურიენტი არჩევანს არ ცვლის და კვლავ იმედი აქვს, რომ სასურველ უნივერსიტეტში(IBSU-ში) სწავლის დაწყებას შეძლებს.

შავი ზღვის უნივერსიტეტის მხარდამჭერი აქცია. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

უნივერსიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, ახლა, როცა IBSU-მ მასზე დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა, პირველკურსელთა ნაკადის მიღების უფლების კვლავ შეზღუდვა დაუშვებელი და დაუსაბუთებელია.

“ცენტრი თავისივე პირვანდელ განცხადებებში აიბურდა. 21 აგვისტოს განცხადება რომ წაიკითხოთ, ისინი პირველკურსელების მიღების შეზღუდვის ფუნდამენტურ მიზეზად ასახელებდნენ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანების გადაუხდელობას. ვამბობდით, რომ არ ვიხდიდით ჯარიმას, რადგან მიმდინარეობდა სასამართლო დავა.

მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ეჭვიც არ შეჰპარვოდათ, რომ ყველაფრისთვის მზად ვართ ჩვენთან ჩაბარების მსურველთა ინტერესების დასაცავად, ჯარიმა გადავიხადეთ. ახლა იმის განცხადება, რომ კიდევ სხვა მიზეზები შეიძლება არსებობდეს ამ გადაწყვეტილებისა, ერთ დიდ აბსურდში ხვევს თავად ცენტრს”, – აღნიშნა უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სალომე სუხიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

შავი ზღვის უნივერსიტეტის მხარდამჭერი აქცია. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ გეგენავა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას სხვებთან ერთად აპროტესტებს. მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის მიმართ კითხვები არ არსებობს, თუმცა უწყება ამას არ ითვალისწინებს.

” IBSU-ს წინაშე ფინანსური არამდგრადობა და სხვა პრობლემები არ დგას. ჩვენ წარვადგინეთ ბიზნესუწყვეტობის გეგმა და გადავიხადეთ ჯარიმაც, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დავა არ დასრულებულა. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ცენტრს უნივერსიტეტის ფინანსური გამართულობა დაენახა. ამიტომ კითხვები ფაქტობრივად არ არსებობს. თუმცა ამას არ ითვალისწინებენ. ამიტომ ვდგავართ აქ, რომ თვალები ავუხილოთ და ვუთხრათ, რომ ყველა პირობა შევასრულეთ, გადაწყვეტილება კი დროულად უნდა გაუქმდეს”, – განუცხადა მან “ნეტგაზეთს”.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თავს იკავებენ საქმის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე საუბრისგან, თუმცა IBSU-ს მხარდამჭერთა ნაწილი აღნიშნულ ეჭვს არ მალავს. პოლიტოლოგ გია ნოდიას, რომელიც დღევანდელ აქციას შეუერთდა, მიაჩნია, რომ პროცესში საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად არ მოქმედებს. საბჭოს ხისტი გადაწყვეტილება, პოლიტოლოგს ეჭვს უმყარებს, რომ მოვლენები, შესაძლოა, დემირელისა და შაჰინის სკოლების დახურვით დაწყებული პროცესის გაგრძელება იყოს, რომელშიც თურქეთის ხელისუფლების გავლენა იგრძნობა.

“საკმაოდ გამჭვირვალე ამბავია, რომ უნივერსიტეტი უკავშირდება თურქეთს, უკავშირდება გიულენის მოძრაობას, თურქეთის ხელისუფლება კი ყველგან დასდევს იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომელთა დაარსებაც გიულენთან იყო დაკავშრებული. რამდენიმე დაწესებულება უკვე დაიხურა საქართველოში, ეს კი არის ახალი შემთხვევა ამ ლოგიკურ ჯაჭვში. გამოდის, რომ ჩვენი ხელისუფლება ემორჩილება თურქეთის დიქტატს.

აშკარაა, რომ ეს არის უნივერსიტეტებზე ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით. დაიწყო აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტებით, როცა, რა თქმა უნდა, გარე ძალა არაფერ შუაში იყო. თუმცა შემდგომ გაგრძელდა გიულენის სასწავლო დაწესებულებებით. აქ ჩანს, რომ ავტორიზაციის, აკრედიტაციის მექანიზმები არის პოლიტიზებული და არ არის დამოუკიდებელი”, – აცხადებს პოლიტოლოგი.

შავი ზღვის უნივერსიტეტის მხარდამჭერი აქცია. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა ნაკადის მიღების უფლება 1 წლით 20 აგვისტოს შეუზღუდა. მიზეზად ცენტრი ასახელებდა სახელმწიფოსადმი IBSU-ს დავალიანების – 700 000 ლარის – გადაუხდელობას. უნივერსიტეტში გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს და აღნიშნეს, რომ ვალთან დაკავშირებით სასამართლო დავა ამ დრომდე მიმდინარეობს. თუმცა გუშინ, 26 აგვისტოს, IBSU-მ მუშაობის ჩვეულ რეჟიმში გასაგრძელებლად თანხა მაინც გადაიხადა.

IBSU-ს მიერ სადავო ჯარიმის გადახდას განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი მიესალმა, თუმცა განაცხადა, რომ პირველკურსელთა ნაკადის მიღების შეზღუდვის შესახებ 20 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება ხელაღებით ვერ გაუქმდება და უნივერსიტეტმა სააპელაციო საბჭოს უნდა მიმართოს. აღნიშნულის პასუხად შავი ზღვის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ აპელაციას სჭირდება ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს 20 აგვისტოს გადაწყვეტილების დასაბუთების დოკუმენტი, რომელიც IBSU-სთვის ამ დრომდე არ მიუწოდებიათ.

 

მანამდე:

რას და რატომ ედავება ავტორიზაციის საბჭო IBSU-ს

მასალების გადაბეჭდვის წესი