ნეტგაზეთი | პარლამენტის შენობები – საქართველოს ბიუჯეტის გამოწვევა [Video] პარლამენტის შენობები – საქართველოს ბიუჯეტის გამოწვევა [Video] – Netgazeti
RU | GE  

პარლამენტის შენობები – საქართველოს ბიუჯეტის გამოწვევა [Video]

საქართველოს პარლამენტი მალე ორ შენობაში – ქუთაისსა და თბილისში ერთდროულად იმუშავებს მაშინ, როცა ქუთაისში პარლამენტის გადატანისა და ამ პროცესთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან, ოფიციალური მონაცემებით, ნახევარ მილიარდამდე ლარი დაიხარჯა. 

პარლამენტის შენობა ქუთაისში

 

პარლამენტის შენობის ქუთაისში გადატანის იდეა პარლამენტარ აკაკი ბობოხიძეს 2009 წელს გაუჩნდა. მიხეილ სააკაშვილმა ეს აზრი მოიწონა და 2009 წლის 24 სექტემბერს კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად გამოცხადდა. ქუთაისის მერიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 757 929 ლარი მიიღო და მშენებლობისთვის მზადება 2009 წლის ბოლოს დაიწყო. 


ქუთაისის მთავრობამ სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად 1.5 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი შპს „მენო ინტერნეიშენალთან“ 2010 წლის 17 მარტს გააფორმა. ქუთაისის მერიამ კონტრაქტის ღირებულება ექვსჯერ შეცვალა, ვიდრე მშენებლობისთვის განკუთვნილმა თანხამ 145 მილიონ ლარს არ მიაღწია. 


ქუთაისის მერიას სამშენებლო სამუშაოების დამკვეთის სტატუსი 2011 წლის თებერვლიდან ჩამოერთვა და ქუთაისის მერიის მიერ დადებული კონტრაქტებით აღებული ვალდებულებები შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ გადაიბარა. ეს უკანასკნელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2010 წლის 26 ოქტომბერს შექმნა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი დღემდე თავად არის. ოფიციალური მონაცემებით, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ მშენებლობისთვის განკუთვნილი 319 მილიონი ლარი ორ კომპანიას, შპს „მენო ინტერნეიშენალსა“ და შპს „კავკასუს როუდ პროჯექტს“ გაუნაწილა. მათ შორის შპს „მენო ინტერნეიშენალს“ პარლამენტის შენობის ასაშენებლად კონტრაქტის, ბოლო ცვლილების თანახმად, 281 მილიონი ლარი გადაერიცხა. 


შპს „მენო ინტერნეიშალი“ 2001 წელს დაფუძნდა. კომპანიის წილის მფლობელები არიან გიორგი გეგეშიძე (33%), გიორგი კურცხალია (34%) და ირაკლი ჩიქოვანი (33%). ჩიქოვანი 2013 წლის ნოემბრამდე  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე იყო. ჩიქოვანი წილს ფლობს შემდეგ კომპანიებში: შპს „მაგი სტილი,“ შპს „მაგი სტილი მედია,“ და შპს „ქართული საგამომცემლო სახლი+.“ 2013 წლის ოქტომბერში შპს „მენო ინტერნეიშანლის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. 


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2013 წლის 4 ოქტომბერს შემდეგი განცხადება გაავრცელა: „სამუშაოების მიმდინარეობისას გიორგი კურცხალიამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, პირდაპირი დანახარჯების ხელოვნურად გასაზრდელად, ხიმინჯების მოწყობაზე ქვეკონტრაქტი გაუფორმა მისსავე გამგებლობაში არსებულ შპს „გ.ს.კ.“-ს, რითაც ერთი გრძივი მეტრი ხიმინჯის ფასი, 690 ლარი, ხელოვნურად გაიზარდა 1200 ლარამდე. ერთიანობაში უნდა შესრულებულიყო 22 351 გრძივი მეტრი ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები, რისთვისაც შპს „მენო ინტერნეშნელ“-მა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოითხოვა და მიიღო 34 074 998 ლარი, მაშინ, როდესაც ხიმინჯების მოწყობის სამუშაოების ფაქტიური ღირებულება შეადგენდა 22 462 529,6 ლარს. მითითებული ხერხით გიორგი კურცხალია თაღლითურად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 11 612 469 ლარს.“


გამოძიება დღემდე გრძელდება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კურცხალიას 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 


შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „მენო ინტერნეიშენალის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ნაწილი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ჯერ არ შეუმოწმებია. ამიტომ შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების საფასური ჯერ სრულად არ დაუფარავს.  


შპს „კავკასუს როუდ პროჯექტთან“ პირველადი კონტრაქტი ქუთაისის მერიამ 2010 წლის 9 თებერვალს გააფორმა. კონტრაქტის მიხედვით კომპანიას პარლამენტის გვერდით მთავრობის სახლი 20.5 მილიონი ლარის სანაცვლოდ უნდა აეშენებინა. საბოლოოდ კი, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ კონტრაქტებისა და უფლება-მოვალეობების გადაბარების შემდეგ ეს თანხა 38 მილიონ ლარამდე გაზარდა. 


შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ პაატა ტრაპაიძემ 2005 წელს დააფუძნა. კომპანია მან 2012 წლის 4 ივლისს დატოვა და დასაქმების მინისტრის პოსტი დაიკავა, თუმცა კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელად დარჩა. დირექტორის თანამდებობა კი ლევან ტრაპაიძეს გადაულოცა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პაატა ტრაპაიძე შპს-ს დირექტორის თანამდებობას დაუბრუნდა. 


პარლამენტის შენობა ქუთაისში 2012 წლის 26 მაისს პრეზიდენტმა გახსნა, თუმცა სარემონტო სამუშაოები დასრულებული არ იყო. შოთა გოშაძე, პარლამენტის აპარატის უფროსი ამბობს, რომ შენობაში კონდენცირების სისტემა გამართულად დღემდე არ მუშაობს  და ზაფხულში იქ მუშაობა ძალიან რთულია. გოშაძის თქმით, პარლამენტის ადმინისტრაცია არსებული ტექნიკური პრობლემების აღმოსაფხვრელად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართავს, რადგან შენობა დღემდე მათ ბალანსზეა. სამინისტროს მიერ გამოგზავნილი წერილის თანახმად, 2012 წლის ოქტომბრიდან მათ არაფერი დაუხარჯავთ შენობის რომელიმე ნაწილის შესაკეთებლად. 

საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში
საქართველოს პარლამენტის შენობა ქუთაისში

 

როგორ გაიზარდა დანახარჯები ქუთაისში გადასვლის შემდეგ


პარლამენტის ქუთაისში გადატანამ ტექნიკური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების საცხოვრებლის შეცვლა გამოიწვია. ყოველთვიურად მათთვის ქუთაისში ბინის დასაქირავებლად საშუალოდ 240 000 ლარი იხარჯება. 2012 წლის ოქტომბრიდან 20 თვეა გასული, შესაბამისად, დანახარჯი, საერთო ჯამში ,4 800 000 ლარს შეადგენს. 


ამას ემატება დანახარჯები პარლამენტარების ბინების დასაქირავებლადაც, რაც ყოველთვიურად დამატებით 110 000 ლარს გულისხმობს. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე კი ეს თანხა 2 200 000 ლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისში სესიები თვეში მაქსიმუმ შვიდი დღე მიმდინარეობს. პარლამენტართა მიერ სესიების გაცდენის საშუალო მაჩვენებლი კი 33%-ს უტოლდება. 


აქვე უნდა აღინიშნოს პარლამენტარების ტრანსპორტირების ხარჯები. აქ კანონმდებლები ორ ჯგუფად იყოფიან: ისინი, ვინც პარლამენტის მანქანითა და მძღოლის მომსახურებით სარგებლობენ და ისინი, ვინც ამ სერვისს არ იყენებენ. მანქანით მოსარგებლე 49 პარლამენტარისთვის ტრანსპორტირების ხარჯების ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 53 508 ლარი გამოიყოფა. დანარჩენები კი ყოველთვიურად 400 ლარს იღებენ გადაადგილების ხარჯების დასაფარავად, რაც თვეში 21 200 ლარს უდრის, ჯამში. რომ შევკრიბოთ, მხოლოდ ტრანსპორტირებისთვის ყოველთვიურად 74 708 ლარი იხარჯება, თუ ამ ციფრს 20 თვეზე გავამრავლებთ (2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე), 1 494 160 ლარს მივიღებთ. 


როცა წინა მთავრობამ პარლამენტის ქუთაისში გადატანა გადაწყვიტა და შესაბამისი სამუშაოები დაასრულეს, თბილისის შენობის დაზიანების ბრძანებაც გაიცა. თუმცა ამ ბრძანების დამადასტურებელი არც დოკუმენტი არსებობს და დღემდე არავინ იცის, ვინ გასცა სიტყვიერი ბრძანება დაეზიანებინათ დარბაზები. როდესაც ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდნენ, დაიწყეს საუბარი პარლამენტის თბილისში დაბრუნებაზე. 


შესაბამისად, დაიწყო შენობის დაზიანებული ნაწილის გარემონტებაზე ზრუნვა. 2013 წლის ბიუჯეტიდან აღდგენითი სამუშაოებისთვის 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. 2014 წლის იანვარსა და თებერვალში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია ახალი ტენდერების შესახებ. 2014 წლის 11 თებერვლის მონაცემებით თბილისის შენობის შესაკეთებლად პარლამენტის ბიუჯეტიდან 15 416 443 ლარი დაიხარჯა. გარდა ამისა, კომპანია “სონიმ” შენობის აუდიო და ციფრული ტექნიკით აღჭურვისთვის 7 865 654 აშშ დოლარი მიიღო. 


აქვე გთავაზობთ, თუ რა მომსახურების მისაღებად აცხადებდა პარლამენტი ტენდერებს:

  • გასანათებელი მოწყობილობების მიწოდება – 26 300 ლარი;
  • ფარდები შესაბამისი აქსესუარებით (შესყიდვა-მონტაჟი) – 59 500 ლარი;
  • ხალიჩების შესყიდვა – 312 000 ლარი;
  • ავეჯის შესყიდვა – 127 970 ლარი;
  • სარკეების შესყიდვა – 2 400 ლარი;
  • განათების სისტემები – 144 926 ლარი;
  • მტვერსასრუტების შესყიდვა – 9 630 ლარი;
  • მზისგან დამცავი საშუალებები – 87 990 ლარი; 
  • ზამთარ-ზაფხულის კონდენციონერები (მიწოდება და მონტაჟი) – 20 980 ლარი;
  • პარლამენტის სასახლის გადახურვა – 48 900 ლარი;
  • საპირფარეშოს დისპენსერები – 36 500 ლარი; 
  • შვიდი ლიფტის შეკეთება – 29 800 ლარი;
  • სველი წერტილებისა და სანიტარული კვანძების შეკეთება-შეცვლა – 215 000 ლარი;
  • ტვირთის გადაზიდვა – 18 500 ლარი;
  • ავეჯის შესყიდვა 2 – 1 267 970 ლარი.


29 მაისს კი პარლამენტის აპარატმა კიდევ ერთი კონტრაქტი გააფორმა შპს „ორნამენტთან,“ რომელსაც სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება 522 000 ლარის სანაცვლოდ დაევალა. სწორედ ამ კომპანიამ ააშენა პრეზიდენტის სასახლე ავლაბარში, ლევან სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნული ბიუროსა და სარფის სასაზღვრო კონტროლის ზონის შენობები. 

 

როდის დაბრუნდება პარლამენტი თბილისში? 


დავით უსუფაშვილმა ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემაში (1:11:00 –1:17:00 წუთები) 2014 წლის 21 თებერვალს განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტი თბილისში მაინც დაბრუნდებოდა. უსუფაშვილის თქმით, იმ პარლამენტარებს, რომლებსაც ქუთაისში დარჩენა უნდოდათ, ამის საშუალება მიეცემოდათ, ისე, როგორც თბილისში დაბრუნების მსურველთა მოთხოვნა იქნებოდა დაკმაყოფილებული. 


საპარლამენტო მუშაობის სრულად თბილისში დაბრუნებისთვის კონსტიტუციაში შესაბამისი მუხლი უნდა შეიცვალოს, რასაც მინიმუმ 100 ხმა სჭირდება. ამჟამად კი  კოალიცია „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 83 დეპუტატი წარმოადგენს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კი, 52. 


პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილმა მორიგი განცხადება 29 მაისს გააკეთა. მისი თქმით, 2014 წლის ზაფხულიდან პარლამენტი ორ შენობაში იმუშავებს და ეს ნაბიჯი 2015 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობას არ გაზრდის, ვინაიდან ადმინისტრაცია ეცდება ბიუჯეტის კომპონენტებს შორის თანხების განაწილების წესი შეცვალოს. 


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი თევდორაძე ამბობს, რომ მისი პარტია პარლამენტის თბილისში გადატანას არასდროს დათანხმდება.


„პარლამენტის მუშაობა ვერ იქნება ეფექტური, თუკი საკომიტეტო მოსმენები თბილისში ჩატარდება და პლენარული სხდომები – ქუთაისში. ხანდახან ხდება ისე, რომ საკომიტეტო მოსმენები პლენარულ სხდომებს შორის არსებულ დროის მონაკვეთში იმართება. თუ პარლამენტი ქუთაისშიც იმუშავებს და თბილისშიც, ეს ნიშნავს, რომ პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ჩვენ უნდა წავიდეთ თბილისში საკომიტეტო მოსმენის ჩასატარებლად და ისევ უკან დავბრუნდეთ პლენარულ სხდომაზე დასასწრებად. ჩვენმა მთავრობამ უკვე 10 მილიონზე მეტი დახარჯა თბილისის შენობის მოსამზადებლად, მაშინ, როცა არავინ იცის როდის შეძლებს პარლამენტი სამუშაოდ იქ დაბრუნებას,“ – ამბობს თევდორაძე. 

 

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მათ არ იციან რამდენ ხანს იმუშავებს პარლამენტი ორ შენობაში და გამოიწვევს თუ არა ეს გადაწყვეტილება ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალის რიცხვის გაზრდას. 


ორივე შენობის ათვისებას ჩვენს ბიუჯეტზე არცთუ მთლად სახარბიელო გავლენა ექნება. 2011 წელს თბილისის შენობის კომუნალური გადასახადების საერთო მაჩვენებელი 1 005 960 ლარი იყო. 2013 წელს კი ქუთაისის შენობისთვის ამავე მიზნით 1 996 070 ლარი დაიხარჯა. 


ამასობაში კი, საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ გამოკითხულთა 66% პარლამენტის თბილისში დაბრუნების მომხრეა. საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დარჩენას კი მხოლოდ 20% უჭერს მხარს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
სტატია მომზადებულია პროექტის "ორგანიზებული დანაშაული და კორუფციის გაშუქება" ფარგლებში, reportingproject.net ნინო ბაქრაძე