კომენტარი

ალასანია: “სააკაშვილს სურს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაგვავიწყოს”

24 აგვისტო, 2011 • • 1153
ალასანია: “სააკაშვილს სურს, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაგვავიწყოს”

რუსეთის ხელისუფლების განცხადებას, 26 აგვისტოს საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ, დღეს ირაკლი ალასანია პასუხობს, რომ “არანაირ ლოგიკაში არ უნდა ჯდებოდეს, რომ ჩვენ გვაწყობდეს ახალი პროვოკაციები. პირიქით, ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი სტაბილურობა შევინარჩუნოთ ადმინისტრაციულ საზღვართან და მეტი დრო დავიტოვოთ ჩვენი ეკონომიკის, ჩვენი სოფლის მეურნეობის, თვითონ ჩვენი ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებაზე.”

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა დღეს “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს “ეროვნული ინტერესია”.

“მე არ ვიცი, ეს რამდენად ესმის სააკაშვილს, იმიტომ, რომ ხშირად მის წარსულში დამინახავს გადაწყვეტილებები, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს. მე ასევე გული მწყდება, რომ ამ კონფლიქტიდან სამი წლის შემდეგ, სახელმწიფომ, მთავრობამ, სააკაშვილმა, არაფერი არ გააკეთა იმ ადამიანებისთვის, ვინც ყველაზე უფრო დაზარალდა ამ კონფლიქტით. ეს არის შიდა ქართლის მოსახლეობა, ასევე, აფხაზეთის ადმინსიტრაციული საზღვრის გასწვივ მცხოვრები სამეგრელოს მოსახლეობა. არც ერთი ვალდებულება მათ მიმართ არ შეუსრულებია. აქედან გამომდინარე, მე ვასკვნი ერთადერთს: სააკაშვილს და მის მთავრობას სურს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაგვავიწყოს, თითქოს არ არსებობს, თითქოს პრობლემები იქ არა გვაქვს, თითქოს ახალგორიდან რეალურად არ გამოედინება ქართული მოსახლეობა. სააკაშვილის ხელსიუფლება არ ზრუნავს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გავაძლიეროთ კონფლიქტის რეგიონში მცხოვრები ადამიანების იქ დამაგრების ხელშეწყობით, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით,” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლება ახალგორის მიმართულებით გეგმავს “სამშვიდობო მარშის” მოწყობას, რაც რუსების აზრით, რეგიონში დესტაბილიზაციის და პროვოკაციის მცდელობაა.

საქართველოს შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა რუსეთის საგარეო უწყების ამ განცხადებას “აბსურდული და არარეალური” უწოდა. იგივე განცხადება გააკეთა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ქართული მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ კონფლიქტისპირა ქართულ სოფლებს ევრომონიტორები მუდმივად ამოწმებენ და იქ არანაირი “სამშვიდობო მარში” დაგეგმილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი