ახალი ამბები | , ,

მნიშვნელოვანია, მომავალი პოლიტიკური ცხოვრებაც ამ კამპანიის მსგავსად არ წარიმართოს – NDI

29 ნოემბერი, 2018 | | 1130
მნიშვნელოვანია, მომავალი პოლიტიკური ცხოვრებაც ამ კამპანიის მსგავსად არ წარიმართოს – NDI

არჩევნები, რომელიც ზაფხულის დასაწყისში ფასდებოდა როგორც მშვიდი და არაფრით გამორჩეული, დაძაბული და პოლარიზებული გამოდგა, – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში, რომელიც მათ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით დღეს, 29 ნოემბერს, გაავრცელეს.

“NDI-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიზანია საარჩევნო პროცესის სხვადასხვა ასპექტის ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება და რეკომენდაციების გაცემა, რომელიც მშვიდობიანი, სანდო არჩევნებისა და პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცებას ემსახურება. დელეგაცია მიიჩნევს, რომ არჩევნების სანდოობასა და ლეგიტიმაციას საბოლოოდ საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს”, – აცხადებს სადამკვირვებლო მისია. 

ორგანიზაციის განცხადებით, დემოკრატიული მმართველობა საქართველოს ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია.

“ამან ქვეყანა ავტორიტარული მეზობლებისგან გამოარჩია და მას ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა მისცა”, – აცხადებს NDI და დასძენს, რომ ამ მონაპოვრის დაკარგვას განუზომლად დიდი ფასი ექნება. მათივე შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ცხოვრებაც ამ კამპანიის მსგავსად არ წარიმართოს.

“მეორე ტურამდე პერიოდი ძალადობის შემთხვევებით, დაშინების შესახებ ინფორმაციითა და სხვა ისეთი ქმედებებით ხასიათდებოდა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის სულისკვეთებას და ნორმებს არღვევდა. ორ ტურს შორის კამპანიის რიტორიკა კიდევ უფრო აგრესიული და მტრული გახდა, შიშისშემცველი მესიჯებითა და არასტაბილურობის შესახებ მუქარებით. არჩევნებს პრეზიდენტის იდეების, ღირებულებებისა და ხედვის შესახებ კონსტრუქციული დებატები აკლდა. ეს იყო რეფერენდუმი პოლიტიკურ ლიდერობაზე, ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ცრუ არჩევანი სამყაროს დასასრულის აღმწერ სცენარებს შორის. საარჩევნო დისკურსმა, მედიის ხელშეწყობით, ამომრჩევლების უკიდურესი გახლეჩა გამოიწვია და მათ არჩევანის გაკეთება “სააკაშვილის სისხლიან ცხრა წელსა” და “მილიარდერი ოლიგარქის კორუმპირებულ, უუნარო მმართველობას” შორის შესთავაზა. ამან საქართველოს ბევრ მოქალაქეს, რომელსაც ამ ორი უკიდურესობიდან არცერთი მოსწონს, წართმეული პოლიტიკური არჩევანის განცდა დაუტოვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

NDI ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული მმართველობა საქართველოს ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია და მის დაკარგვას განუზომლად დიდი ფასი ექნება.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ცხოვრებაც ამ კამპანიის მსგავსად არ წარიმართოს. დელეგაცია იმედს გამოთქვამს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს მოქალაქეები ამ არჩევნების პოლარიზებულ და ზიანის მომტან პრაქტიკებს უარყოფენ და უფრო კონსტრუქციულ პოლიტიკური გარემოს შექმნაზე იმუშავებენ, სადაც კონკურენტებს თანაბარ პირობებში პაექრობისა და მოქალაქეთა ინტერესების ამსახველი განსხვავებული პოლიტიკური ხედვების წარმოდგენის საშუალება ექნებათ”, – ნათქვამია გაცხადებაში.

NDI-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ მედიაგარემო მრავალფეროვანი იყო, თუმცა, პარტიული ნიშნით დაყოფილი; არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში და წესების დაცვით ჩაიარა, თუმცა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო გარემო საჯარო მოხელეების დაშინების შემთხვევებითა და ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ამომრჩევლის მობილიზაციის მცდელობით ხასიათდებოდა.

“არჩევნების პირველი ტური ყველაზე მეტად სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის და პარტიის ხელმძღვანელი პირების მხრიდან ქვეყნის საყოველთაოდ აღიარებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ აგრესიული, პერსონალური და უპრეცედენტო თავდასხმებით გამოირჩეოდა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ კრიტიკა მეორე ტურის განმავლობაშიც გაგრძელდა, თუმცა რიტორიკა ნაკლებად მწვავე იყო”, – განაცხადა NDI-მ.

NDI-ის დამკვირვებლების შეფასებით, მეორე ტურის სტრატეგია ორ ძირითად კომპონენტზე იყო აგებული: ერთი იყო გადაწყვეტილება, რომ პარტია, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ზურაბიშვილის კამპანიას სათავეში უფრო სრულად ჩაუდგებოდა და ღონისძიებების ჩატარებაზე, მესიჯებსა და სტრატეგიაზე პასუხისმგებლობას აიღებდა, მეორე კი – “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დაბრუნების შიშზე დაფუძნებული მესიჯების შემუშავება.

“მთელი ქვეყნის მასშტაბით, სატელევიზიო არხებზე, სოციალურ მედიასა და რეკლამებში საქართველოს მოქალაქეებს ქართული ოცნების წამყვანი ლიდერების გაფრთხილება ესმოდათ, რომ ვაშაძის სასარგებლოდ მიცემული ხმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასა და ქვეყანაში დაბრუნებას და  შესაბამისად, წარსულის სავარაუდო წამებისა და ძალადობის ფაქტებს გამოიწვევდა. “ქართული ოცნების”
ლიდერებმა საზოგადოებას სამოქალაქო ომისა და არეულობის საფრთხის შესახებ აუწყეს. ივანიშვილმა სატელევიზიო მიმართვები გაავრცელა, რომელიც ხალხს ძალადობისა და დესტაბილიზაციის საფრთხეზე მიუთითებდა, თუ ისინი ზურაბიშვილს არ მისცემდნენ ხმას. ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა კამპანიები და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები “სამოქალაქო ომის” შესაძლებლობაზე საუბრობენ,  აქციები სლოგანით “არა მიშას” და “მე ვიცავ თავისუფლებას”, რომელიც უცნობი ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული და ზურაბიშვილის კამპანიის ნარატივს უჭერდა მხარს”, – ნათქვამია ანგარიშში.

ვაშაძის კამპანია, საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით,  ასევე, ნეგატიური რიტორიკით ხასიათდებოდა, ვინაიდან კამპანია სატელევიზიო რეკლამებში ზურაბიშვილს კვლავაც მოღალატედ მოიხსენიებდა და მას რუსულ ინტერესებთან აკავშირებდა და ქვეყნის უშიშროებისთვის საფრთხედ წარმოაჩენდა.

ამავე თემაზე:

ვალების ჩამოწერა, შეიძლება, უტოლდებოდეს ხმების ყიდვას – საერთაშორისო დამკვირვებლები

მასალების გადაბეჭდვის წესი