სურსათის ეროვნული სააგენტო კორუფციის მკვლევარ ბესიკ დონაძეს პასუხობს და აღნიშნავს, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა საღამოს 7 საათის შემდეგ ივახშმეს და არა სამუშაო საათებში.
„სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც საერთაშორისო დელეგაციის ოფიციალურ მასპინძლობასთან დაკავშირებული ფაქტები არასწორად არის ინტერპრეტირებული და საზოგადოებას შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საუბარია ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 45-კაციანი ოფიციალური დელეგაციის მასპინძლობაზე, რომელიც საქართველოში 20-22 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
ოფიციალური ვახშამი გაიმართა საღამოს საათებში, რაც სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებულ ქვითარზე ასახული დროითაც დასტურდება, სადაც შეკვეთის მიღების დროდ 19:08 საათია მითითებული.
შესაბამისად, იმის მტკიცება, თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები რესტორანში სამუშაო საათებში იმყოფებოდნენ, წარმოადგენს სრულ დეზინფორმაციას. სურსათის ეროვნული სააგენტო მასპინძლის რანგში იმყოფებოდა ღონისძიებაზე, ქვითარზე მითითებული თანხა კი წარმოადგენს საერთაშორისო დელეგაციის ოფიციალური მასპინძლობისთვის და არა სააგენტოს თანამშრომლების პირადი მიზნებისთვის გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯს“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
ერთი დღით ადრე ბესიკ დონაძემ დაწერა, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა სამუშაო საათებში იქეიფეს, რაც ბიუჯეტს 11 ათას ლარზე მეტი დაუჯდა. მის პოსტს თან ახლავს ქვითრის ფოტო, რომელზეც გახსნის დროდ 12:36 სთ-ია მითითებული, ხოლო ბოლო შეკვეთად – 19:08.

სააგენტოს არ განუმარტავს, თუ რატომ იმყოფებოდა როსსელხოზნადზორის დელეგაცია მათივე მიწვევით საქართველოში.
