ნეტგაზეთი | ვალების ჩამოწერა შეიძლება, უტოლდებოდეს ხმების ყიდვას – საერთაშორისო დამკვირვებლები ვალების ჩამოწერა შეიძლება, უტოლდებოდეს ხმების ყიდვას – საერთაშორისო დამკვირვებლები – Netgazeti
Batumelebi | RU

ვალების ჩამოწერა შეიძლება, უტოლდებოდეს ხმების ყიდვას – საერთაშორისო დამკვირვებლები

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და კანდიდატებს შესაძლებლობა მიეცათ, თავისუფლად წარემართათ საარჩევნო კამპანია, თუმცა ერთი მხარე სარგებლობდა საფუძველსმოკლებული უპირატესობით.

ეუთო-ს (OSCE), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპარლამენტის (EP) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დამკვირვებლებმა დღეს, 29 ნოემბერს, წარმოადგინეს წინასწარი მოხსენება არჩევნების მეორე ტურის შესახებ. უცხოელი დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაცილებით პოლარიზებულ გარემოში ჩატარდა, ვიდრე პირველი ტური, და წინასაარჩევნო კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა ზიანი მიაყენა პროცესს.

დამკვირვებლებმა თავი შეიკავეს პირდაპირი პასუხისგან კითხვაზე არჩვენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ საჩივრების განხილვა გრძელდება. ასევე, განაცხადეს, რომ მოსყიდვასთან დაკავშირებით საქმის წარმოება სასამართლოს საქმეა, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსი. რაც შეეხება საარჩვენო პროცესში არსებულ დარღვევებს, მათი თქმით, ამ დარღვევებს არჩევნების შედეგზე არსებითი გავლენა, სავარაუდოდ, არ მოუხდენია.

“მეორე რაუნდი იყო კონკურენტული და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის წარმოება. თუმცა პროცესს ძირს უთხრიდა კამპანიის ნეგატიური შინაარსი. ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებამ წაშალა ხაზი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. ადგილი ჰქონდა მედიის მძაფრ პოლარიზაციას”, – განაცხადა ეუთო-ს (OSCE) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალური კოორდინატორმა და ხელმძღვანელმა, კრისტიან ვიგენინმა.

დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ხისტმა რიტორიკამ და ცალკეულმა ძალადობრივმა ინციდენტებმა, ასევე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ზრდამ, დააზარალა ხმის მიცემის პროცესი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის ინიციატივაზე.

“დიდი სიურპრიზი იყო, როცა შევიტყვეთ ვალების ჩამოწერაზე 600 000 მოქალაქისთვის. გვესმის, რომ ეს არის გრძელვადიანი პროცესის შედეგი, მაგრამ არჩევნების წინ ამის გამოცხადება, თან როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარის ორგანიზაციის მიერ ხორციელდება პროექტი, წარმოშობს ეჭვს, რომ ეს აქცია შეიძლება მივიჩნიოთ ამომრჩეველთა ხმების ყიდვად”, – განაცხადა, ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაიმა ანდრიკიენემ.

საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ ანგარიშში ასევე საუბარია, რომ ამომრჩეველთა პირადი მონაცემების შეგროვებამ და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე თვალის მიდევნებამ დაშინების პოტენციური წარმოშვა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.