ახალი ამბებისამართალი

რუსეთის მოქალაქე “ბიოს” დამზადება-შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს

19 ნოემბერი, 2018 • 1696
რუსეთის მოქალაქე “ბიოს” დამზადება-შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს

18 ნოემბეერს თბილისში დააკავეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1998 წელს დაბადებული გ.ბ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების (ე.წ. ბიოს) უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით. შსს-ს ცნობით, დანაშაული 6-დან 11-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, გ.ბ. რამდენიმე კვირის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უბანში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას რეალიზაციის მიზნით ტოვებდა.

შსს-ს განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილსში, პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 14 სამალავიდან რეალიზაციისთვის გამზადებული 14 შეკვრა ახალი ფსიქოატიური ნივთიერება – ე.წ. ბიო ამოიღეს.

როგორც შსს აცხადებს, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს, სავარაუდოდ, სარეალიზაციოდ გამზადებული 5 შეკვრა ახალი ფსიქოატიური ნივთიერება – ე.წ. ბიო. ასევე, უწყების ცნობით, ნივთმტკიცებად ამოღებულია ქალაქის სხვადასხვა ადგილის ამსახველი ფოტომასალა და რუკა, ლოკაციების მითითებით.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი