ახალი ამბები

გრიგოლ ვაშაძე: მე ველოდები ჩვენი გუნდის გამარჯვებას

28 ოქტომბერი, 2018 • 1158
გრიგოლ ვაშაძე: მე ველოდები ჩვენი გუნდის გამარჯვებას

პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში თავად გაიმარჯვებს. ამის შესახებ მან ქუთაისში, 22-ე საარჩევნო უბანზე ისაუბრა, სადაც არჩევნებზე ხმა მისცა.

ვაშაძისვე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა უამრავი საჩივარი დაწერეს:

“გაყალბებისთვის იყვნენ მომზადებული. აქტივობა ნორმალურია, მაგრამ ძალიან გთხოვთ, გადადეთ ყველა საქმე და მოდით არჩევნებზე, რადგან საქართველოს მომავალს ირჩევთ. ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ და ამით არის გამოწვეული ხელისუფლების ისტერიკა”.

კითხვას, ელოდება თუ არა მეორე ტურს, ვაშაძე შემდეგნაირად პასუხობს:

“მე ველოდები ჩვენი გუნდის გამარჯვებას, ეს პირველ ტურში მოხდება თუ მეორეში, ამომრჩეველი გადაწყვეტს. დამარცხება არ იქნება”.

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოში ბოლოჯერ იმართება საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს შორის მოუწევთ. საარჩევნო უბნები გაიხსნა დილის 8 საათზე და 20 საათამდე ღია იქნება. იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელ არჩევნებში ხმების 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, მაშინ დაინიშნება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც საუკეთესო შედეგის ორი კანდიდატი იყრის კენჭს.

მასალების გადაბეჭდვის წესი