ახალი ამბები

ვინ ვინ არის დამკვირვებლებიდან – არჩევნები 2018

26 ოქტომბერი, 2018 • 4209
ვინ ვინ არის დამკვირვებლებიდან – არჩევნები 2018

დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, არჩევნებს აკვირდებიან ისეთი ორგანიზაციებიც, რომლებიც აფილირებული არიან როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციურ პარტიებთან.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ცესკოში სულ 62 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული. ისინი განაწილდებიან საქართველოში არსებულ 3 637 საარჩევნო უბანზე. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა იმ ორგანიზაციებით, რომლებსაც არჩევნებზე 300-ზე მეტი დამკვირვებელი ჰყავთ დარეგისტრირებული. ასეთი სულ 19 ორგანიზაციაა. 

ზოგიერთი მათგანი ცნობილი სადამკვირვებლო NGO-ა — “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (408 დამკვირვებლით), “სამართლიანი არჩევნები” (ISFED — 1030), “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” (479) და “მრავალეროვანი საქართველო” (307).

ნანა კაკაბაძის ორგანიზაციას “ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის” 1528 დამკვირვებელი ჰყავს. ნანა კაკაბაძე აქტიურად პოზიციონირებს ენმ-ის წინააღმდეგ. 

2926 დამკვირვებლითაა წარმოდგენილი “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია”, რომლის დირექტორია გრიგოლ გაგნიძე. გაგნიძე გაზეთ “საერთო გაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ “ერთადერთი, ვინც ამომრჩეველს რეალურ დაპირებებს აძლევს, სალომე ზურაბიშვილია”.

გრიგოლ გაგნიძის განცხადება ზურაბიშვილზე “საერთო გაზეთში”

553 წარმომადგენელი ეყოლება ორგანიზაციას “ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის”, რომლის ხელმძღვანელია მიხეილ ანდღულაძე. ანდღულაძე 2014 წელს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას; 2015 წელს, სხვა ორგანიზაციებთან და “პატრიოტთა ალიანსის”  წევრ ემზარ კვიციანთან ერთად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაუქმებას ითხოვდა.

სამოქალაქო ალიანსს განვითარებისთვის 1034 დამკვირვებელი ჰყავს. ალიანსის თავმჯდომარეა ირაკლი შეთეკაური, რომელიც 2016 წელს მუშაობდა პაატა ბურჭულაძის მოძრაობისათვის “სახელმწიფო ხალხისათვის”, 2017 წელს კი გიორგი ვაშაძის პარტიამ წარადგინა თბილისში, ავჭალის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად. ბურჭულაძე და ვაშაძე ამჟამად გრიგოლ ვაშაძეს დეკლარირებულად უჭერენ მხარს.

პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის”. 28.05.16 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

“ამერიკის მხარდამჭერთა ლიგას” 474 დამკვირვებელი ჰყავს. მისი თავმჯდომარეა ირაკლი კიკიანი, რომელიც ენმ-სთან აფილირებული “თავისუფალი ზონის” ვაკის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

არჩევნებზე 465 დამკვირვებელი ეყოლება “საქართველოს პარლამენტართა საზოგადოებას”. მისი ხელმძღვანელია მანანა ჯებაშვილი. ორგანიზაცია ფეისბუკის გვერდზე აზიარებს პაატა ბურჭულაძის ფონდ “იავნანას” და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პოსტებს.

“ახალგაზრდებს ევროპული მომავლისთვის” ჰყავს 527 დამკვირვებელი. მანანა ანდღულაძე, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელია, 2018 წლის იანვარში ხელს აწერდა განცხადებას  ენმ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, ბაჩო ახალაიას შეწყალების მოთხოვნით.

ამავე განცხადებას აწერდა ხელს ვაჟა ცეცაძე, თავმჯდომარე ორგანიზაციისა, სახელად “ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია ძლიერი ერთიანი საქართველო”. მათ 309 დამკვირვებელი ჰყავთ წელს არჩევნებზე.

ევროპულმა საქართველომ ელენე ხოშტარია თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა. 27.05.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

537 ადამიანი ჰყავს დამკვირვებლად რეგისტრირებული “მოძრაობას საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის”. თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ფიქსირდება ნანა ქირია. ელენე ოზაშვილი, რომელიც ორგანიზაციის გამგეობის წევრია, 2017 წელს “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ, წარადგინა გლდანის მაჟორიტარად. გამგეობის კიდევ ერთ წევრს, გიორგი შალიკაშვილს, შარშან, ჯამში, 3500 ლარი აქვს შეწირული “ევროპული საქართველოსთვის”, 20 სექტემბერს კი- 0.05 ლარი შესწირა (იმ პერიოდში, როდესაც მოწინააღმდეგეები ზურაბიშვილს პროტესტის ნიშნად სიმბოლურად 30 თეთრს ურიცხავდნენ).

ყველაზე მეტი — 3174 — დამკვირვებელი ჰყავს ორგანიზაციას, სახელად “კავშირი 21-ე საუკუნე”, რომელიც 1998 წლის 9 დეკემბერს დაარსდა. ხელმძღვანელია თამარა ალექსიძე.

2934 დამკვირვებელი ჰყავს “ინიციატივას სამოქალაქო საზოგადოებისათვის”. ორგანიზაცია 2014 წლის აპრილშია დაფუძნებული. თავმჯდომარეა ნანა ფირცხალაიშვილი.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერსაა დანიშნული

2426 დამკვირვებელი ჰყავს დარეგისტრირებული “ანალიტიკურ საერთაშორისო დემოკრატიულ ინსტიტუტს”, 2009 წელს დაარსებულ ორგანიზაციას, რომლის აღმასრულებელი დირექტორია ეკა ჩაჩანიძე.

591 დამკვირვებელი ჰყავს “საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირს”, რომელსაც ხელმძღვანელობს გიორგი დიღმელაშვილი.

421 დამკვირვებელი ჰყავს ადამიანთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო თანამეგობრობას, რომლის ხელმძღვანელია დიანა ეგანიანი.

379 ადამიანი ჰყავს დამკვირვებლად დარეგისტრირებული “მომავლის არჩევანს”, რომლის ხელმძღვანელია ირაკლი ებანოიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი