როგორია მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში – ამ საკითხთან დაკავშირებით “კავშირმა 21-ე საუკუნემ”, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გამოსცა წიგნი, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას მიმოიხილავს.
პუბლიკაციაში “მართლმადიდებელი ეკლესია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში” მიმოხილულია ბულგარეთის, კვიპროსის, რუმინეთის, საბერძნეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთისა და პოლონეთის მაგალითები. წიგნის ავტორები არიან დავით ჩიკვაიძე და თამარ ალექსიძე. თამარ ალექსიძის თქმით, წიგნი 800-იანი ტირაჟით დაიბეჭდა და უფასოდ გავრცელდება.
წიგნის პრეზენტაციას, რომელიც 23 მაისს “თბილისი მარიოტში” გაიმართა, წიგნის ავტორებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარდა, ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, მათ შორის, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
როგორც სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, ეს წიგნი არის კარგი პროდუქტი იმისათვის, რომ უპასუხოს საზოგადოების კითხვებს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.
“საქართველოს მომავალი უკავშირდება ევროპულ გზას. ეს მოიცავს ძალიან დიდ სპექტრს რეფორმებისა. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო აქტორების მხრიდან ამ პროცესს ჰქონდეს მხარდაჭერა,”- აღნიშნა მან.
მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას ბაქრაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს “კავშირ 21-ე საუკუნესთან” და რეგიონებში, სხვადასხვა ეპარქიებში საუბრობენ პრაქტიკაზე, რომელიც ევროკავშირში მართლმადიდებელ ეკლესიებსა და სახელმწიფოს შორის არსებობს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროცესში ინფორმაციას აწვდიან დაინტერესებულ მხარეს, ამავდროულად, აქარწყლებენ მითებს, რომელიც ევროკავშირში მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის შესახებ არსებობს საქართველოში და იღებენ ინფორმაციას იმ პოზიციების შესახებ, რომელიც ეკლესიას აქვს.
დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ გაძლიერებული რუსული პროპაგანდის ფონზე ამ კუთხით მუშაობა საჭიროა.
ნეტგაზეთის კითხვაზე, შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ ეკლესია ანტიდასავლური მითების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ასე არ არის:
“წყარო, რა თქმა უნდა, არა, თუმცა, როდესაც არსებობს კითხვები, როდესაც არსებობს საკითხები, ამ კითხვებით იქმნება სივრცე, რომელსაც ავსებს სწორედ რუსული პროპაგანდა, ავსებს ანტიდასავლური ნარატივი და ჩვენი ვალია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ ყველას, მით უმეტეს, მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუციას საქართველოში, რომელიც ევროპული ინტეგრაციის სარგებლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით იქნება მომავალში ჩვენი კიდევ უფრო აქტიური მხარდამჭერი,”- ამბობს მინისტრი.
შეხვედრეზე პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ დავით ბაქრაძეს ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მან განაცხადა, რომ შეხვედრები, რომლებიც ამ საკითხებზე ეწყობა, ხელს უწყობს ისეთი საკითხების გაცნობიერებას, რომლებიც სახელმწიფოსა და ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება წიგნს, გიორგი ზვიადაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ასეთი წიგნის გამოცემას მიესალმება. მისი განცხადებით, სასულიერო პირები ამ წიგნს ყურადღებით გაეცნობიან. თუმცა ჟურალისტებთან გიორგი ზვიადაძეს წიგნში მოყვანილ დეტალებზე აღარ უსაუბრია – მან განაცხადა, რომ პუბლიკაციას ჯერ არ იცნობს.
წიგნის რედაქტორი პაატა გაჩეჩილაძე და თანაავტორი თამარ ალექსიძე ამბობენ, რომ წიგნში განხილულ მოდელთაგან საქართველოში არსებული სიტუაცია არც ერთს არ ჰგავს.
“საქართველოში ვერ ვიტყვით, რომ რაიმე მოდელი არსებობს. რელიგიისა და სახელმწიფოს მარეგულირებელი ნორმები გაბნეულია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში. ამ საკანონმდებლო აქტების ერთობლიობით ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში რაიმე მოდელი არსებობს საერთოდ. ყოველ შემთხევაში, ეს მოდელი, ეს ურთიერთობა არ ჰგავს ევროკავშირში არსებულ რომელიმე მოდელს,”- განაცხადა პაატა გაჩეჩილაძემ.
მისივე განცხადებით, ამ წიგნის შექმნის მიზანია, რომ საქართველოში გაეცნონ საკითხებს, თუ როგორ არის ევროკავშირის ქვეყნებში დარეგულირებული მიმართულებები, რომლებიც საქართველოსთვის პრობლემაა, მაგალითად, დაფინანსების სისტემა, ქონების რესტიტუციის საკითხი, გამოხატვის თავისუფალებისა და რელიგიის კონფლიქტი და ა.შ.
წიგნის თანაავტორი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში მსგავსი თემატიკის წიგნი დაიბეჭდა. მისივე თქმით, გაუჩნდათ იდეა, გაეკეთებინათ პუბლიკაცია, რომელიც წარმოაჩენდა პრაქტიკას, რაც არსებობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით:
“რა როლი აქვს მართლმადიდებელ ეკლესიებს ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რა სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან სახელმწიფოსთან, რა უფლებები აქვთ, რა ტიპის თანამშრომლობის რეჟიმი ახასიათებთ სხვა რელიგიებთან, უფლებრივი სტატუსი როგორი აქვთ, რესტიტუციის საკითხები, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების საკითხები, ტრადიციული რელიგიების მიმართ გარკვეულად, უპირატესად მოპყრობის თემები, – ეს საკითხი ჩვენთან არ განხილულა და რახან არ განხილულა, რაც უცნობია, ყოველთვის საშიშად გამოიყურება. საზოგადოების გარკვეულ წრეებში არის მცდარი მოსაზრება, მინიმუმ არაგაცნობიერებული შიში იმისა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია კარგს არაფერს მოგვიტანს, რომ ეს იქნება რელიგიისთვის საფრთხე. ეს ასე არ არის, ვინაიდან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არის სახელმწიფოები, სადაც სახელმწიფო რელიგიის სტატუსი აქვს რომელიმე რელიგიას, მათ შორის, მართლმადიდებელს,”- განაცხადა მან.
რაც შეეხება თავად “კავშირ 21-ე საუკუნეს”, თამარ ალექსიძე განმარტავს, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ინტერრელიგური ურთიერთობების კუთხით მუშაობს. მისივე თქმით, აქვთ სხვადასხვა პროექტი ინტერკულტურული დიალოგის განვითარების საკითხზე, ასევე ხელს უწყობენ დიალოგს რელიგიებს შორის კულტურულ და სამართლებრივ თემებზე, მათ შორის, საერთაშორისო სტანდარტებზე, რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების თემებზე.