პეტიციას დეკანოზმა ელიზბარ დიაკონიძემაც მოაწერა ხელი, რომელიც მეტრომშენის ეკლესიაში მსახურობს. პეტიციის ორგანიზატორები არიან კოალიცია “ერთსულოვნება” და “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია”. კოალიციის ხელმძღვანელის, მიხეილ ანდღულაძის თქმით, კოალიცია “ერთსულოვნებაში” 300-მდე ორგანიზაცია შედის.
პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერი ჟორბენი კვარაცხელია მოითხოვს, რომ ნაციონალირი მოძრაობის საქმიანობა აიკრძალოს.
“უნდა აიკრძალოს ასეთი პარტია, საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ეს უნდა გააკეთოს ხალხმა. უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი ან რაღაც, ან ყველა პარტია უნდა აღუდგეს.”
კითხვაზე, კანონის ძალით რამდენად არის დესაძლებელი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვა, კვარაცხელია გვპასუხობს, რომ ეს თვითონ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს – “თვითონ ხალხია კანონი”
აქციას ემზარ კვიციანი შეუერთდა, რომელიც სასამართლომ 1 თვის წინ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლა. ემზარ კვიციანი ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. კვიციანი ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და ნაციონალური მოძრაობის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. 2006 წლის ივლისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად კვიციანმა საქართველო დატოვა და წინა ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გადავიდა. რუსეთიდან გასული წლის თებერვალში დაბრუნდა.
დღეს, 21 მარტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს. აქცია 14 საათზე დაიწყება.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიხეილ ანდღულაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვა. როგორც ტელევიზიის დაცვის წარმომადგენელმა განუცხადა “ნეტგაზეთს”, რადგანაც დღეს არის შაბათი – უქმე დღე, ტელევიზიაში არხის ხელმძღვანელობა არ იმყოფება.