ახალი ამბები

შემომწირველთა უმრავლესობამ ზურაბიშვილს სექტემბერში 30 თეთრი ჩაურიცხა

28 სექტემბერი, 2018 • 7073
შემომწირველთა უმრავლესობამ ზურაბიშვილს სექტემბერში 30 თეთრი ჩაურიცხა

5-25 სექტემბრის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის შემომწირველთა უმრავლესობა 30 თეთრს ურიცხავდა.

5-25 სექტემბრის განმავლობაში ზურაბიშვილს თანხა სულ 91-მა ადამიანმა შესწირა, აქედან 83-მა (ერთმა ადამიანმა ორჯერ) მას 30 თეთრი გადაურიცხა.

ზურაბიშვილისთვის 30 თეთრის შეწირვის საპროტესტო კამპანია მოქალაქეთა ჯგუფმა 14 სექტემბერს დაიწყო. ისინი ზურაბიშვილს თავის  ანგარიშზე 30 თეთრს ურიცხავდნენ, დანიშნულების გრაფაში კი, მათივე თქმით, წერდნენ: “ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად!”

კამპანიის მონაწილეები გადარიცხვის ქვითრებს ფოტოებს უღებდნენ და სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ.

ზემოხსენებული 30 თეთრებით ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდს სულ ჩაერიცხა 25.2 ლარი.

რაც შეეხება სხვა შემოწირულობებს: 5-25 სექტემბრის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა 108 000-ზე მეტი ლარის შემოწირულობა მიიღო. ყველაზე მსხვილი თანხები მას ვახტანგ ლაღიძემ და დავით თოფურიძემ შესწირეს 50 000 – 50 000 ლარი.

ვახტანგ ლაღიძე – “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დირექტორია. “კოკა კოლადან” “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ვახტანგ ლაღიძემ როგორც კერძო პირმა, ისე შესწირა თანხა სალომე ზურაბიშვილს და კომპანია არანაირ პოლიტიკურ კამპანიაში არ ერთვება.  2016 წელს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ”, როგორც იურიდიულმა პირმა, ისე შესწირა 30 ათასი ლარი “ქართულ ოცნებას”.

დავით თოფურიძე – საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, დავით თოფურიძე წილებს ფლობს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებში შპს “ტიფლისი დისტილერი”, შპს “ბარაკონში”, შპს “ტიფლისში”, ასევე, კომპანიაში შპს “კოკა-კოლა სამხრეთ ჯგუფი”. აღნიშნული კომპანიები ალკოჰოლური სასმელების წარმოებითა და ექსპორტით არიან დაკავებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი