ახალი ამბები

“ანტიდისკრიმინაციულ კანონს” პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 6 მაისს გააპროტესტებენ

5 მაისი, 2014 • • 1352
“ანტიდისკრიმინაციულ კანონს” პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 6 მაისს გააპროტესტებენ

დღეს სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში სრულიად საქართველოს გვარის წინამძღოლთა დარბაზი გეგმავდა “ანტიდისკრიმინაციული კანონის” წინააღმდეგ დეკლარაციის მიღებას. 


თუმცა, როგორც “ნეტგაზეთს” ანდღულაძეთა გვარის წინამძღოლმა მიხეილ ანდღულაძემ განუცხადა, იმის გამო, რომ საკითხმა ფართო დაინტერესება გამოიწვია, დღევანდელ შეხვედრაზე მოხდება მხოლოდ დეკლარაციის განხილვა და პრეზენტაცია, ხოლო მიღება და ხელმოწერა მოხდება 6 მაისს მასობრივი აქციის ფონზე, რომელიც გაიმართება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

ანტიდისკრიმინაციული კანონის საპროტესტო დეკლარაცია
ანტიდისკრიმინაციული კანონის საპროტესტო დეკლარაცია

“ყველა გვარის წინამძღოლი ხვალ თავის გვარიშვილებს მოუწოდებს, რომ მოვიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რათა ერთად გავაპროტესტოთ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია იმის გამო დაიგეგმა, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება ვეტო დაადოს ამ კანონს. ეს არის სწორედ ჩვენი მოთხოვნა”–  განაცხადა მიხეილ ანდღულაძემ.”


ამ დროისათვის პატრიარქის მიერ 700 გვარია დალოცვილი.  


პარლამენტმა კანონპროექტი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მესამე და საბოლოო მოსმენით 2 მაისს დაამტკიცა. 


ანტიდისკრიმინაციული კანონი პარლამენტმა 114 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო.

 

კანონპროექტი არ ქმნის ახალ სამართლებრივ მატერიალურ უფლებებს, არამედ მიზნად ისახავს კანონმდებლობით უკვე დაცული უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას.

 

კანონპროქტით პირდაპირ იკრძალება ნებისმიერი ნიშნით დისკრიმიანცია, მათ შორის ისეთები, როგორიცაა ასაკი, ჯანმართელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობები, სექსუალური ორინეტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია.

 

 კანონპროექტში მოცემულია დისკრიმინაციის სამართლებრივი დეფინიცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დისკრიმინაციის კონკრეტული შემთხვევის იდენტიფიკაცია.

 

“კანონპროექტი დისკრიმინაციას კრძალავს, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში”, – ნათქვამია “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის” შესახებ კანონპროექტში.


მასალების გადაბეჭდვის წესი