ახალი ამბები

გორში მოკლული ბავშვის თანაკლასელებს ფსიქოლოგები გაესაუბრებიან

26 ოქტომბერი, 2018 •
გორში მოკლული ბავშვის თანაკლასელებს ფსიქოლოგები გაესაუბრებიან

გორში მოკლული 9 წლის გოგოს თანაკლასელებს დღეს, 26 ოქტომბერს, ფსიქოლოგები გაესაუბრებიან. აღნიშნულის შესახებ ნეტგაზეთს გორის მე-5 სკოლის დირექტორმა, ზურაბ ქარელმა განუცხადა.

ნეტგაზეთის კითხვაზე, იმოქმედა თუ არა მკვლელობამ მოსწავლეთა დასწრებაზე, ზურაბ ქარელმა განუმარტა, რომ სკოლაში გამოცხადებულ მოსწავლეთა რაოდენობა არ შემცირებულა.

“თუმცა ბავშვები საშინლად სტრესულ მდგომარეობაში არიან, განსაკუთრებით კი, გოგოს თანაკლასელები. მე ვესაუბრე ფსიქოლოგის სამსახურს და ვთხოვე, რომ დღეს ამ ბავშვებს გაესაუბრონ. საშინელ მდგომარეობაში არიან ემოციურად,” – დასძენს სკოლის დირექტორი.

მისივე თქმით, გუშინ, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სკოლის ყველა კამერა შემოწმდა.

“მკვლელობა სკოლის გარეთ მოხდა, ბავშვი იმ დროს სკოლაში არ შემოსულა. მთელი ღამე მიმდინრეობდა საგამოძიებო სამუშაოები, ღამის 6 საათი იყო დაახლოებით, აქედან რომ წავედით. გადამოწმდა ყველა კამერა, ამ ბავშვის თითოეული ნაბიჯი სკოლაში,” – ამბობს ზურაბ ქარელი.

გორში 9 წლის გოგო გუშინ, 25 ოქტომბერს მოკლეს. შს მინისტრის მოდაგილის, კახა საბანაძის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე გორში ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ის წარსულში ნასამართლევი 34 წლის კაცია.

მინისტრის მოადგილის თქმით, სამართალდამცავებმა შეისწავლეს ბავშვის მოძრაობის მარშრუტი და ამ გზაზე შეამოწმეს ყველა ბინა,  ერთ-ერთ ბინაში კი იპოვეს სისხლის საეჭვო კვალი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. ამ დროისთვის უცნობია მომხდარის მოტივი.

გორში მოკლული 9 წლის ბავშვის საქმეს პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იძიებს. ეს კი  წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი