გორში, ნანიკო ბერიაშვილის სახლთან, მისი სახელობის სკვერის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ ნეტგაზეთს გორის მერიაში განუცხადეს.
მერიაში ამბობენ, რომ სკვერის პროექტი უკვე მზადაა. პროექტის მიხედვით, პატარა ზომის სკვერში მოეწყობა მწვანე სივრცეები, სკამები და საბავშვო ატრაქციონები.
9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი გორში 2018 წლის 25 ოქტომბერს იპოვეს. ბავშვს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, სახეზე კი- პოლიეთილენის პარკი ჩამოფარებული. მეორე დღეს, 26 ოქტომბერს, შსს-მ დააკავა 34 წლის ეჭვმიტანილი, იაგო ნებიერიძე.
იაგო ნებიერიძის მიმართ გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რასაც შემდგომ დაემატა გარყვნილი ქმედების ბრალდებაც.
ექვსთვიანი განხილვების შემდეგ, 27 მაისს, სასამართლომ გორში 9 წლის გოგოს მკვლელობასა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა.
9 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა