საზოგადოება

გორში სავარაუდოდ 2004 წელს მოკლული 11 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

10 აპრილი, 2022 • 3460
გორში სავარაუდოდ 2004 წელს მოკლული 11 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

„მთავარი არხისა“ და „რუსთავი 2-ის“ ცნობით, გორში, კომბინატის დასახლებაში, მდინარის პირას, 2004 წელს მოკლული 11 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.

„რუსთავი 2-ის“ ცნობით, მათ ეს ინფორმაცია მოკლული ბიჭის, ზაქრო ბერძენიშვილის ოჯახმა დაუდასტურა.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დასაზუსტებლად, სადაც ამ დროისთვის დაგვიდასტურეს, რომ ნაპოვნია ერთი ადამიანის ცხედარი.

შსს-ს განცხადებითვე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


ამ საქმეში ფიგურირებს იაგო ნებიერიძე, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის. მისი ამ საქმესთან კავშირი 2018-19 წლებში გამოიკვეთა.

იაგო ნებიერიძე ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეში – 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში.

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი გორში 2018 წლის 25 ოქტომბერს იპოვეს. მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, სახეზე კი – პოლიეთილენის პარკი ჩამოფარებული.

34 წლის იაგო ნებიერიძე ამ საქმესთან დაკავშირებით მეორე დღეს, 26 ოქტომბერს, დააკავეს.

ექვსთვიანი განხილვების შემდეგ, 2019 წლის 27 მაისს, სასამართლომ მკვლელობასა და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეუფარდა.

2018 წლის ნოემბერში მედიის ნაწილი წერდა, რომ 2004 წელს გატაცებული 11 წლის ბიჭის ცხედრის ადგილსამყოფელიც დაასახელა, თუმცა, რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, ბავშვის ცხედარი სამართალდამცველებმა ვერ იპოვეს.


გარეკანის ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი