ახალი ამბები

სააპელაციომ 9 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ნებიერიძე უვადო პატიმრობაში დატოვა

26 სექტემბერი, 2019 •
სააპელაციომ 9 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ნებიერიძე უვადო პატიმრობაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ გორში მომხდარი რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულისთვის უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა, — იუწყება საქართველოს პროკურატურა.

პროკურატურის პრესრელიზის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საჩივარი. რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე იაგო ნებიერიძე 27 მაისს დამნაშავედ ცნეს და უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თავად იაგო ნებიერიძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ბავშვი არ მოუკლავს. ნებიერიძე მხოლოდ შეუტყობინებლობის გამო ითხოვს გასამართლებას.

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი გორში 2018 წლის 25 ოქტომბერს იპოვეს. ბავშვს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, სახეზე კი- პოლიეთილენის პარკი ჩამოფარებული. მეორე დღეს, 26 ოქტომბერს, შსს-მ  დააკავა 34 წლის ეჭვმიტანილი, იაგო ნებიერიძე.

იაგო ნებიერიძის მიმართ გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რასაც შემდგომ დაემატა გარყვნილი ქმედების ბრალდებაც.

აღნიშნულ პირი ფიგურირებს 14 წლის წინ გორში გაუჩინარებული მოზარდის საქმეშიც, რომლის ცხედრის სამძებრო სამუშაოებიც გასულ წელს გორში მიმდინარეობდა.

გასული წლის ნოემბერს, მედიის ნაწილის ცნობით, 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ 14 წლის წინ გატაცებული 11 წლის ბიჭის ცხედრის ადგილსამყოფელი დაასახელა, თუმცა, რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების მიუხედავად, ბავშვის ცხედარი სამართალდამცველებმა ვერ იპოვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი