ახალი ამბები

თანასწორობის მოძრაობა: მომეტებული საფრთხის გამო, ორგანიზაციამ ოფისი შეიცვალა

25 ოქტომბერი, 2018 • 2103
თანასწორობის მოძრაობა: მომეტებული საფრთხის გამო, ორგანიზაციამ ოფისი შეიცვალა

1 თვის წინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ მომეტებული საფრთხის გამო ლგბტ ადამიანების უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “თანასწორობის მოძრაობამ” ოფისი შეიცვალა. ამის შესახებ “ნეგტგაზეთს” ორგანიზაციაში განუცხადეს, სადაც აღნიშნეს, რომ ძველ მისამართზე დარჩენა უსაფრთხოების გარანტიის არარსებობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო.

“ნინოშვილის ქუჩაზე მუშაობა და ლგბტ თემის წევრების და მეგობრების, ასევე ჩვენი ბენეფიციარების მიღება საფრთხის გამო შეუძლებელი გახდა. ვარჩიეთ, მოგვეძებნა ახალი ოფისი სადაც შედარებით მშვიდად შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას.

მეზობელი, რომელიც თავს დაესხა ლგბტ აქტივისტებს, ამბობდა, რომ გვაიძულებდა, გადავსულიყავით ნინოშვილის ქუჩიდან, ამისთვის აპირებდა მეზობლების ხელმოწერების შეგროვებას”, – აღნიშნეს “თანასწორობის მოძრაობა”.

თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე, “თანასწორობის მოძრაობის” უკვე ყოფილ ოფისთან ინციდენტი 28 სექტემბერს მოხდა.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაპირისპირების მაპროვოცირებელი ოფისის მეზობლად მცხოვრები კაცი და მისი ოჯახის წევრი ქალი იყვნენ. ორგანიზაციის თქმით, თავდაპირველად ისინი ოფისში მიმდინარე ღონისძიებიდან გამომავალმა ხმაურმა შეაწუხა, რის შემდეგაც აქტივისტებმა წვეულება დაასრულეს და ოფისი დაკეტეს; ხოლო როცა შენობას უკანა გასასვლელიდან რამდენიმე აქტივისტი ტოვებდა, მეზობელმა ქალმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ინციდენტში კაცი ჩაერთო და ფიზიკურად შეურაცხყო აქტივისტები.

მომხდარზე განსხვავებულია შსს-ს ვერსია: უწყება აცხადებს, რომ დაპირისპირება ორმხრივი იყო და ოფისის მეზობლად მცხოვრებ ქალსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო, რომელშიც მოგვიანებით ნათესავი კაცი ჩაერია. სამინისტრო იუწყებოდა, რომ ეს უკანასკნელი “კონფლიქტის შედეგად მიღებული დაზიანებებით” საავადმყოფოში მოხვდა. გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-ს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც  მიმართეს და ინციდენტის დროული გამოძიება მოითხოვეს.

“თანასწორობის მოძრაობის” ცნობით, მათ ოფისთან ლგბტ აქტივისტებს სცემეს

მასალების გადაბეჭდვის წესი