ახალი ამბები

შსს ამბობს, რომ “თანასწორობის მოძრაობის” ოფისთან დაპირისპირება ორმხრივი იყო

29 სექტემბერი, 2018 • 2466
შსს ამბობს, რომ “თანასწორობის მოძრაობის” ოფისთან დაპირისპირება ორმხრივი იყო

28 სექტემბერს “თანასწორობის მოძრაობის” ოფისთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება აცხადებს, რომ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ლგბტ თემის წარმომადგენლებსა და მეზობლებს შორის მოხდა.

შსს-ც ვერსიით, ინციდენტი გვიან ღამით, “თანასწორობის მოძრაობის” რამდენიმე წარმომადგენელსა და იმავე ეზოში მცხოვრებ ქალს შორის დაიწყო, რასაც აღნიშნული ქალის ნათესავი შეესწრო. უწყების თქმით, ამის შემდეგ “მათ[კაცმა და აქტივისტებმა] ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”.

“კონფლიქტის შედეგად, გ.ფ.[ქალის ნათესავი] მიღებული დაზიანების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა”, – აცხადებს უწყება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

“თანასწორობის მოძრაობა” აცხადებს, რომ მათ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების მაპროვოცირებელი მეზობელი კაცი და მისი ოჯახის წევრი ქალი იყვნენ. ორგანიზაციის თქმით, თავდაპირველად ისინი ოფისში მიმდინარე ღონისძიებიდან გამომავალმა ხმაურმა შეაწუხა, რის შემდეგაც აქტივისტებმა წვეულება დაასრულეს და ოფისი დაკეტეს; ხოლო როცა შენობას უანა გასასვლელიდან რამდენიმე აქტივისტი ტოვებდა, მეზობელმა ქალმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ინციდენტში კაცი ჩაერთო და ფიზიკურად შეურაცხყო ისინი.

“აღმონჩდა, რომ ჭიშკრის კარი წინასწარ ჰქონია ჩაკეტილი,[დაზარალებულები] ეჯაჯგურებოდნენ და ვერ გამოდიოდნენ, ის კი კიდევ ურტყამდა მათ. მერე რაღაცნაირად ეს ჭიშკარი გავაღეთ, რის შემდეგაც ეს კაცი მანქანასთან მივარდა, იარაღი უნდა ამოვიღო და გიჩვენებთ სეირსო. ამ დროს მანქანებს ამოვეფარეთ, რომ მართლა არ ესროლა. მერე გავერიდეთ, და გამოვიძახეთ პატრული”, – უთხრა “ნეტგაზეთს” აქტივისტმა მარიამ კვარაცხელიამ.

“თანასწორობის მოძრაობის” ცნობით, მათ ოფისთან ლგბტ აქტივისტებს სცემეს

მასალების გადაბეჭდვის წესი