ახალი ამბები

“თანასწორობის მოძრაობის” ცნობით, მათ ოფისთან ლგბტ აქტივისტებს სცემეს

29 სექტემბერი, 2018 • 6431
“თანასწორობის მოძრაობის” ცნობით, მათ ოფისთან ლგბტ აქტივისტებს სცემეს

“თანასწორობის მოძრაობის” ინფორმაციით, დღეს, 28 სექტემბერს, მათი ოფისის მიმდებარედ ოთხ ლგბტ აქტივისტს თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ თბილისში მოხდა.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიამ კვარაცხელიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, თავდამსხმელი მეზობელი კაცი იყო, რომელიც მათი ოფისის მიმდებარე სახლში ცხოვრობს. ინციდენტში მისი ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ.

აქტივისტის ცნობით, თავდაპირველად კაცი და მისი ოჯახი “თანასწორობის მოძრაობის” ოფისში მიმდინარე წვეულებიდან გამოსულმა ხმაურმა გააღიზიანა, ხოლო წვეულების დასრულების შემდეგ ღონისძიებიდან გამოსულ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“პატარა წვეულება გვქონდა, 15-მდე ადამიანი ვიყავით. გვითხრეს, რომ ხმაურია და გააჩერეთო. დავემორჩილეთ ამ თხოვნას და დავკეტეთ ოფისი, გავუშვით ყველა ადამიანი. ბოლო რამდენიმე ადამიანი ვიყავით დარჩენილი, გოგოები წინა კარიდან გამოვედით, უკანა ეზოს მხრიდან კი ოთხი ბიჭი გამოდიოდა.

უცებ მამაკაცი მეზობელი სახლიდან გამოვარდა, დაიწყო მათი ცემა, გინება. საშინლად სცემდა, ტანსაცმელი მოახია, ერთს კი ყელში უჭერდა ძლიერად ხელს”, – აცხადებს ის.

მარიამ კვარაცხელიას თქმით, ინციდენტამდე კაცმა ჭიშკარი წინასწარ ჩაკეტა, აქტივისტების ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ კი იარაღით დაემუქრა.

“აღმონჩდა, რომ ჭიშკრის კარი წინასწარ ჰქონია ჩაკეტილი,[დაზარალებულები] ეჯაჯგურებოდნენ და ვერ გამოდიოდნენ, ის კი კიდევ ურტყამდა მათ. მერე რაღაცნაირად ეს ჭიშკარი გავაღეთ, რის შემდეგაც ეს კაცი მანქანასთან მივარდა, იარაღი უნდა ამოვიღო და გიჩვენებთ სეირსო. ამ დროს მანქანებს ამოვეფარეთ, რომ მართლა არ ესროლა. მერე გავერიდეთ, გამოვიძახეთ პატრული და ახლა იღებენ ჩვენებებს”, – უთხრა აქტივისტმა “ნეტგაზეთს”.

“ნეტგაზეთი” შსს-საც დაუკავშირდა, სადაც ინციდენტის დეტალების გარკვევას დაგვპირდნენ.

შენიშვნა: თავდაპირველად, სტატიაში მითითებული იყო, რომ ინციდენტის დროს სამი ლგბტ აქტივისტი დაზარალდა. როგორც “თანასწორობის მოძრაობაში” მოგვიანებით დაგვიზუსტეს, საუბარია არა სამ, არამედ ოთხ აქტივისტზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი