ახალი ამბები

ჯორჯ სოროსის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

23 ოქტომბერი, 2018 • 2695
ჯორჯ სოროსის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

ფონდ “ღია საზოგადოების” დამფუძნებლის, მილიარდერ ჯორჯ სოროსის სახლთან, ნიუ იორკის შტატში, ქალაქ ბრედფორდში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

CNN-ის ცნობით, პოლიცია სოროსის რეზიდენციიდან 22 ოქტომბერს, შუადღისას, მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მომსახურე პერსონალმა საფოსტო ყუთში საეჭვო შეკვრა აღმოაჩინა.. საეჭვო შეკვრაში კი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩნდა.

საქმე გამოსაძიებლად FBI-ის კონტრტერორისტულ დანაყოფს გადაეცა.

ჯორჯ სოროსი არაერთხელ გამხდარა ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური დაჯგუფებების სამიზნე არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში. უფრო მეტიც, როგორც Washington Post წერს, ის ამერიკის სენატის რესპუბლიკელი სენატორებისა და თავად პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკის ობიექტიც გახდა. მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა სოროსი დაადანაშაულა ბრეტ კავანას წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მხარდაჭერაში. ბრეტ კავანა პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ის უზენაესი მოსამართლის პოსტზე წარადგინა, რის შემდეგაც კავანა რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა ახალგაზრდობისას ჩადენილ სექსუალურ შევიწროებაში. მოსამართლის პოსტზე მისი დამტკიცების წინააღმდეგ აშშ-ში აქციებიც კი იმართებოდა, თუმცა კავანა პოსტზე მაინც დაამტკიცეს.

სოროსის ტესტი – QUIZ

მასალების გადაბეჭდვის წესი