კომენტარი

გლობალური დათბობა, ცხელი ომები, დახურული საზოგადოებები — ჯორჯ სოროსი

17 თებერვალი, 2023 • 1606
გლობალური დათბობა, ცხელი ომები, დახურული საზოგადოებები — ჯორჯ სოროსი

ავტორი: ჯორჯ სოროსი

თარგმანი: ნიკა ბურდული

სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად. 


მსოფლიო ვითარების ამჟამინდელი შეჯამება მოკლეა. სანამ მმართველობის ორი სისტემა გლობალური დომინაციისთვის იბრძვის, კაცობრიობას კოლაფსი ემუქრება კლიმატის ცვლილების გარდაუვალი წინსვლის გამო.

მთელი ცხოვრება ვცდილობდი, შემეცნო სამყარო, რომელშიც დავიბადე. შემიძლია ზომიერი წარმატებით დავიკვეხნო. შედარებით ადრეულ ასაკში გავაცნობიერე, რომ ჩვენი შეგნება დაბადებიდანვე არასრულყოფილია.

ასე იმიტომაა, რომ ჩვენ ვართ იმ სამყაროს ნაწილი, რომელშიც ვცხოვრობთ. მონაწილეებიც და დამკვირვებლებიც. როგორც მონაწილეებს, გვსურს სამყარო ჩვენს სასარგებლოდ შეცვალოთ. როგორც დამკვირვებლებს, გვსურს შევიცნოთ რეალობა ისეთი, როგორიც არის. ეს ორი მიზანი ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

ეს წინააღმდეგობა თანაბრად არ ეხება რეალობის ყველა სფეროს. მაგალითისთვის: ზუსტ მეცნიერებაში შესაძლებელია სრულყოფილ ცოდნასთან მიახლოება. იქ მეცნიერებს აქვთ ობიექტური კრიტერიუმები, როგორიცაა ვარსკვლავების მოძრობა. ეს მათ საშუალებას აძლევს, განსაჯონ, არის თუ არა მათი პროგნოზები სწორი.

სოციალურ მეცნიერებაში საქმე ასე მარტივად არაა. ადამიანთა ქცევაც კი ასახავს მათ არასრულყოფილ შეგნებას. ასე რომ, ეს არ არის სანდო კრიტერიუმი, ვარსკვლავების მოძრაობისგან განსხვავებით.

ესე იგი, როგორ შეგვიძლია ამჟამინდელი ვითარება გავიგოთ? უნდა მოვნახოთ საშუალება მნიშვნელოვნისა და ნაკლებად მნიშვნელოვნის გასარჩევად.

მოდით, თამამი მტკიცებით დავიწყოთ. სანამ მმართველობის ორი სისტემა გლობალური დომინაციისთვის იბრძვის, კაცობრიობას კოლაფსი ემუქრება კლიმატის ცვლილების გარდაუვალი წინსვლის გამო. ეს ძალზედ მოკლე განცხადებაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ამჟამინდელი ვითარების ზუსტი შეფასებაა.

ჩემი განცხადება აკავშირებს კლიმატის ცვლილებას – დიდწილად ზუსტი მეცნიერების კვლევის საგანს, მმართველობის სისტემებთან, რაც სოციალური კონცეფციაა. ჯერ კლიმატის ცვლილებას განვიხილავ, შემდეგ კი, მმართველობის სისტემებს.

გრენლანდიის ყინულის საფარი ჩემში ყოველთვის განცვიფრებას იწვევდა. მისი სიღრმე რამდენიმე კილომეტრია, მის ჩამოყალიბებას კი ათასი წელი დასჭირდა. 2022 წლის ივლისში გრენლანდიაში ექსტრემალურ მოვლენა მოხდა. ისეთი სითბო იყო, რომ მეცნიერებს ფრენბურთის თამაში მოკლესახელოებიან მაისურებსა და შორტებში შეეძლოთ.

ეს რომ ვნახე, გრენლანდიაში ფოტოგრაფების გუნდი გავაგზავნე ვიზუალური მტკიცებულებების შესაგროვებლად. ისინი იქ იყვნენ, როცა სექტემბერში მსგავსი რამ მოხდა და ამის ამსახველი კადრებიც გადაიღეს.

გრენლანდიის ყინულის საფარის დადნობა ოკეანეების დონეს შვიდი მეტრით გაზრდის – ეს ჩვენი ცივილიზაციის არსებობისთვის საფრთხეა. არ მსურდა, ეს ხვედრი უბრალოდ მიმეღო, ასე რომ, ვცადე, შეიძლებოდა თუ არა რამის გაკეთება ამის თავიდან ასაცილებლად. გადამამისამართეს დეივიდ კინგთან – კლიმატის სფეროს მეცნიერთან, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობების მთავარი სამეცნიერო მრჩეველი იყო.

მის მიერ შემუშავებულ თეორიას კოლეგები ფართოდ იზიარებენ. თეორიის თანახმად, გლობალური კლიმატური სისტემა სტაბილური იყო, ხოლო ადამიანურმა ჩარევამ სტაბილურობა დაარღვია. ერთ დროს არქტიკის წრე დანარჩენი მსოფლიოსგან ქარით იყო მოწყვეტილი. ეს ქარი ხასიათდებოდა საათის საწინააღმდეგო, პროგნოზირებადი და წრიული მოძრაობით. ადამიანის შექმნილმა კლიმატის ცვლილებამ ეს იზოლაცია დაარღვია.

სხვა ყველაფერთან ერთად, ეს ხნის არქტიკულ აფეთქებას, რომელიც შეერთებულ შტატებს წინა შობას დაატყდა, ტეხასის შტატში კი -ახლანდელ სიცივეს.

თავის დროზე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე ხელშეუხებელი ყინულითა და თოვლით იყო დაფარული. ისინი მზის სხივებს ირეკლავდნენ – ამას „ალბედოს ეფექტი“ ეწოდება. ტემპერატურის ზრდამ ყინულის დნობა გამოიწვია. არც გრენლანდიის ყინულოვანი საფარია ხელშეუხებელი. ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი ტყის ხანძრების, არქტიკის რეგიონთან ახლოს ნაოსნობისა და სხვა მიზეზების გამო ის ჭვარტლითაა დაფარული.

დეივიდ კინგს კლიმატის სისტემის შეკეთების გეგმა აქვს. მას სურს, „ალბედოს ეფექტი“ კვლავ გამოიწვიოს – მაღლა ცაში თეთრი ღრუბლების შექმნის გზით. შესაბამისი დამზღვევი მეთოდებითა და ადგილობრივებთან კონსულტაციით ამ პროექტს შეუძლია წვლილი შეიტანოს არქტიკის კლიმატური სისტემის ხელახალ სტაბილიზაციაში. ეს სისტემა კი მთელი მსოფლიოს სისტემას განსაზღვრავს.

გზავნილი ნათელია: ადამიანურმა ჩარევამ გაანადგურა ერთ დროს სტაბილური სისტემა. ახლა კი მის აღსადგენად საჭიროა ადამიანური გამჭრიახობა – როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამჟამად ძალისხმევა ფოკუსირებულია შედეგების შერბილებასა და ადაპტაციაზე. ეს საჭიროა, მაგრამ არ არის საკმარისი.

კლიმატის სისტემა დაზიანებულია და შეკეთებას საჭიროებს. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი.

გზავნილი სასწრაფოა, ვინაიდან სახიფათოდ ახლოს ვართ ტემპერატურის 1.5 გრადუსით ზრდის ზღვართან, რომელიც 2015 წლის პარიზის შეთანხმებით დაწესდა. უკვე 1.2 გრადუსზე ვართ და ამჟამინდელ კურსს თუ შევინარჩუნებთ, 2070 წლისთვის დათბობა 2.5 გრადუსზე მეტი იქნება. ასე გადავკვეთ რამდენიმე წითელ ხაზს, როგორიცაა არქტიკის მრავალწლოვანი პერმაფროსტი (გაყინული მიწა, ნიადაგი). როგორც კი ეს მოხდება, კლიმატის სისტემის სტაბილიზაციისა და შეკეთებისთვის დასახარჯი თანხა გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება. ეს კარგად არ არის გააზრებული.

კლიმატის ცვლილების მაღალი ტემპი ფართომასშტაბიან მიგრაციასაც გამოიწვევს, რომლისთვისაც მსოფლიო ცუდად არის მომზადებული. თუ არ შევცვლით კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების გზებს, ჩვენი ცივილიზაციას დიდ პრობლემებს შეუქმნის ტემპერატურის ზრდა, რაც მსოფლიოს დიდ ნაწილს ცხოვრებისთვის გამოუსადეგარს გახდის. ჩვენი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და მსოფლიო ბანკის პრიორიტეტები უნდა შეიცვალოს და კლიმატის ცვლილებებზე უნდა ფოკუსირდნენ. დეივიდ მელფასი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, რომელიც უარყოფს კლიმატის ცვლილებას, გუშინ გადადგა.

გლობალური დათბობიდან ცხელ და ცივ ომებამდე

რაც შეეხება გეოპოლიტიკას. მსოფლიო დომინაციისთვის მმართველობის ორი სისტემა იბრძვის. მხედველობაში მაქვს ღია და დახურული საზოგადოებები. განსხვავება მაქსიმალურად მარტივად მაქვს განსაზღვრული: ღია საზოგადოებაში სახელმწიფოს როლი პიროვნების თავისუფლების დაცვაა; დახურულში – პიროვნების როლი სახელმწიფო ინტერესების მსახურებაა. როგორც ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებლისთვის, ღია საზოგადოება ჩემს გულთან ახლოსაა და ისინი დახურულებზე მორალურად უპირატესი მგონია.

მორალურ უპირატესობაზე საუბრისას სირთულეს ვეჭიდებით: ორივე სისტემას საკუთარი თავი ჰგონია უპირატესი. ასე რომ, ღია საზოგადოებებმა განსხვავება უნდა აჩვენონ პიროვნების თავისუფლების რეალური დაცვით. ეს ნამდვილად მოიზიდავს დახურულ საზოგადოებებში მცხოვრებ ადამიანებს.

რა თქმა უნდა, რეპრესიულ სახელმწიფოებს მაინც შეეძლებათ გამარჯვება, ვინაიდან შეუძლიათ ხალხს დააძალონ მათი ინტერესებისთვის მსახურება. სიმართლე ის არის, რომ ორივე სისტემას აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. მათი უკეთესად გაგებით მსოფლიოს შეცნობასაც გავიუმჯობესებთ.

ღია და დახურული საზოგადოებები კი განვასხვავე, მაგრამ დარჩა ბევრი ქვეყანა, რომელმაც ძალ-ღონე არ დაიშურა, რათა საკუთარი თავი შეუქცევადად ერთ კურსზე არ მოექცია.

საინტერესო შემთხვევაა ინდოეთი – დემოკრატიული ქვეყანა, რომლის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი დემოკრატი სულაც არაა. მუსლიმების წინააღმდეგ ძალადობის წაქეზება მის აღმასვლაში მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოდგა.

მოდი ახლო ურთიერთობებს ინარჩუნებს ღია და დახურულ საზოგადოებებთან. ინდოეთი „ოთხეულის“ წევრია (აშშ-თან, იაპონიასთან და ავსტრალიასთან ერთად), მაგრამ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დიდი ფასდაკლებით ყიდულობს რუსულ ნავთობს და ამით კარგ შემოსავალს იღებს.

პრეზიდენტ ერდოღანის თურქეთი, ალბათ, კიდევ უფრო საინტერესო შემთხვევაა ქვეყნის, რომელსაც ორივე ბანაკში სურს ყოფნა. ერდოღანი აქტიურადაა ჩართული უკრაინის ომში და მიიჩნევა, როგორც ნეიტრალური შუამავალი მხარეებს შორის. მას ბევრი აქვს საერთო მოდისთან. თუმცა, თუ უკანასკნელი ბოლო დრომდე სკამზე მყარად იჯდა, ერდოღანმა არასწორად მართა თურქეთის ეკონომიკა და მაისში ორი არჩევნები ელის. მთელი მისი ძალისხმევა მათი მოგებისკენაა მიმართული.

იგი უფრო დაუახლოვდა პუტინს. რუსეთის პრეზიდენტი თურქეთს აქცევს რუსული ნავთობის სადისტრიბუციო ჰაბად, რაც ერდოღანს არჩევნებისთვის საჭირო ფულს მისცემს. შიდა პოლიტიკაშიც ერდოღანი უფრო ავტოკრატიული გახდა. იგი ცდილობს დააპატიმროს ყველაზე ძლიერი ოპონენტი, სტამბოლის მერი; აუკრძალოს ქურთების პარტიას არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა ვერ შეძლო დაერღვია პარტიების მიერ ხმების დათვლის ზედამხედველობის ტრადიცია, რად არჩევნების შედეგების გაყალბებას გაართულებს.

7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომელიც თურქეთში მოხდა, ტრაგედიაა. შოკი გაბრაზებაში გადადის – ხალხი გაბრაზებულია მთავრობის ნელი რეაგირებითა და დახმარების ძალისხმევის სრული კონტროლის მცდელობით. მიშვებულმა მშენებლობებმა და მზარდ მშენებლობაზე დაფუძნებულმა მოდელმა ყველაფერი გააუარესა. საუკეთესო გამოსავალი არჩევნების ჩატარებაა.

მოდი და ბიზნესმენი გაუტამ ადანი მოკავშირეები არიან, მათი ბედი გადახლართულია. ადანის კომპანიამ, „ადანი ენტერპრაიზეზმა“ სცადა, სააქციო ბაზარზე თანხები მოეზიდა, თუმცა, წარუმატებლად. ადანის ედავებიან აქციებით მანიპულირებას, მისი პორტფელი ბანქოს სახლივით ჩამოიშალა. მოდი დუმილს ინარჩუნებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უცხოელი ინვესტორებისთვის და პარლამენტისთვის პასუხის გაცემა მოუწევს.

ეს ძლიერ დაასუსტებს მოდის კონტროლს ინდოეთის ფედერალურ მთავრობაზე და კარს გაუღებს საჭირო ინსტიტუციურ რეფორმებს. შეიძლება გულუბრყვილო ვარ, მაგრამ ინდოეთში დემოკრატიულ აღორძინებას ველი.

არიან სხვა რეგიონული ლიდერები, რომლებსაც ისტორიაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. თვალსაჩინოა ბრაზილია, სადაც გასული წლის ბოლოს უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო პრეზიდენტად ლულა და სილვას არჩევა. 8 იანვარს ბრაზილიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო – 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის მსგავსად. ლულამ ამ მცდელობას ოსტატურად გაართვა თავი.

ბრაზილია ღია და დახურული საზოგადოებების კონფლიქტისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში წინა ხაზებზეა.

ლულამ ერთსა და იმავე დროს უნდა დაიცვას ტროპიკული ტყეები, წინ წაწიოს სოციალური სამართლიანობა და დაიწყოს ეკონომიკური ზრდა. მას ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა დასჭირდება. მისი წარუმატებლობის შემთხვევაში, გზა [ნახშირბადის დიოქსიდის, CO2] ნულოვან ემისიამდე მოჭრილია.

ამჟამინდელი ვითარება რაღაცით წააგავს ცივ ომს, მაგრამ განსხვავებები ბევრად დიდია. უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველაფერი შეცვალა. ოქტომბრამდე უკრაინა ბრძოლის ველზე იგებდა, შემდეგ კი რუსეთმა, ირანის დახმარებით, ფართოდ დაიწყო დრონების გამოყენება. მოსკოვის მიზანი იყო სამოქალაქო პირებისთვის ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის წართმევა და ამით მათი მორალური მდგომარეობის შერყევა. უკრაინა თავდაცვაზე გადავიდა.

რუსეთის რეგულარული ჯარი სასოწარკვეთილ სიტუაციაშია. ისედაც დემორალიზებულს, მას ცუდად ხელმძღვანელობენ და ცუდად ამარაგებენ. პუტინმა ეს იცოდა და სასოწარკვეთილი ფსონი დადო. მან მიმართა ევგენი პრიგოჟინს და დაქირავებული მებრძოლების „ვაგნერის ჯგუფს“. პრიგოჟინი მოწადინებულია დაადასტუროს, რომ რეგულარულ ჯარზე უკეთესია. თავად პრიგოჟინს დანაშაულებრივი წარსული აქვს და იცის, როგორ მოიქცეს დამნაშავეებთან. პუტინმა მას პატიმრების რეკრუტირების უფლება მისცა. ეს კანონს არღვევს, მაგრამ პუტინი კანონს არ იცავს.

ფსონმა გაამართლა. პატიმრების დახმარებით, „ვაგნერის ჯგუფმა“ ტერიტორიების დაკავება დაიწყო. უკრაინულმა ჯარმა მათი წინსვლა შეანელა, მაგრამ დღეში ასზე მეტ ნავარჯიშებ ჯარისკაცს კარგავდა და ამ ფასის გადახდა არ შეეძლო. უკრაინა დადგა სტრატეგიული არჩევანის წინაშე: ჩათრეულიყო „ვაგნერის ჯგუფის“ შეჩერებაში, ანდა მიეცა რუსეთისთვის პროპაგანდისტული გამარჯვება და შეზღუდული რესურსები კონტრიერიშისთვის შემოენახა.

21 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტ ბაიდენთან ვითარების განსახილველად ვაშინგტონში გაემგზავრა. ისინი დაეთანხმნენ იმას, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა მასში გამარჯვებაა, თუმცა ბაიდენმა გააფრთხილა ზელენსკი, რომ არის საზღვრები იმისა, თუ რისი გაკეთებისთვისაა მზად აშშ. მესამე მსოფლიო ომი ყველაფრის სანაცვლოდ უნდა იყოს არიდებული, ევროპის მიერ კი უკრაინის მხარდაჭერა შენარჩუნდეს.

ბაიდენის ადმინისტრაცია აწვდის უკრაინას რუსეთის დასამარცხებლად საჭირო იარაღს, მაგრამ რესპუბლიკური პარტიის კონტროლის ქვეშ მყოფი წარმომადგენელთა პალატის ოპოზიციის მორიგი ორპარტიული მსხვილი დახმარების პაკეტი უკრაინისთვის ნაკლებად სავარაუდოა. ევროპის ქვეყნებთან ზელენსკი დიპლომატიურ შეტევაზე გადავიდა და მათ დაჟინებით მოუწოდა, დააჩქარონ ტანკების მიწოდება. მან აგრეთვე ითხოვა მოიერიშე თვითმფრინავები, ევროპული ქვეყნები კი დათანხმდნენ უკრაინელი პილოტებისთვის წვრთნების ჩატარებას.

უკრაინიაში შეჭრის ერთი წლისთავამდე, 24 თებერვლამდე, პუტინმა პრიგოჟინს უბრძანა, ბრძოლის ველზე გამარჯვება მოიპოვოს. პრიგოჟინი ცდილობს, ალყაში მოაქციოს ბახმუტის მცველები – აქ მას რიცხობრივი უპირატესობაც აქვს. მისი წარმატება შესაძლებელია, მაგრამ მე მგონია, რომ  ამას ვერ მიაღწევს – უკრაინული ჯარი დიდ წინააღმდეგობას უწევს რუსულ ძალებს, ხოლო როცა უკრაინა მიიღებს დანაპირებ იარაღს, ვითარება შეიცვლება.

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ამბობს, რომ პუტინი მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. შეიძლება, ეს საფრთხე სისრულეში წლისთავამდეც მოვიდეს.

11 თებერვლის ინტერვიუში პრიგოჟინმა აღიარა, რომ ვერ მოახერხებს ბახმუტის მცველების ალყაში მოქცევას. „ბევრი გამოსასვლელი გზაა, შესასვლელი – ნაკლები“. დონბასის ოკუპაციისთვის საჭირო დროზე საუბრისას მან 2-3 წელი დაასახელა.

ეს უკრაინას აძლევს შესაძლებლობის მცირე ფანჯარას. გვიან გაზაფხულისკენ, როცა კიევი დაპირებულ იარაღს მიიღებს და შეეძლება დაიწყოს კონტრიერიში, რომელიც რუსეთის შეჭრის ბედს განსაზღვრავს. ყოფილი საბჭოთა ქვეყნები სულმოუთქმელად ელიან რუსეთის მარცხს უკრაინაში, ვინაიდან საკუთარი დამოუკიდებლობის განმტკიცება სურთ. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის გამარჯვება რუსული იმპერიის დაშლით დასრულდება. რუსეთი აღარ იქნება საფრთხე ევროპისა და სამყაროსთვის. ეს დიდი სასიკეთო ცვლილება იქნება, დაეხმარება ღია საზოგადოებებს და დიდ პრობლემებს შეუქმნის დახურულებს.

რაც შეეხება ჩინეთს, პრეზიდენტ სი ძინპინი რუსული მარცხის შედეგად თავადაც წააგებს – ახლო კავშირი პუტინთან მას ზიანს მიაყენებს. თუმცა, შესაძლოა, ჩინეთში უკვე მიდის რევოლუცია.

სი ძინპინის პრობლემების დიდი ნაწილი მის მიერვეა გამოწვეული. ჯერ კიდევ მმართველობის დასაწყისში არასწორად მართა ეკონომიკა – ძალ-ღონე არ დაიშურა, რათა გაეუქმებინა დენ სიაოპინის რეფორმისტული მიღწევები.

ყველაზე დიდი შეცდომა „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკა გამოდგა. ამან მოსახლეობას დიდი სირთულეები შეუქმნა და ღია ამბოხის ზღვრამდე მიიყვანა. სახალხო ზეწოლის საპასუხოდ, სი ძინპინმა უარი თქვა ამ პოლიტიკაზე, თუმცა არაფრით ჩაანაცვლა. შედეგი სოციალური არმაგედონის ფორმა გამოდგა.

ინფექცია ტყის ხანძარივით გავრცელდა. საავადმყოფოები და საცხედრეები გარდაცვლილთა უცნობმა რაოდენობამ წალეკა. დაღუპულთა უმრავლესობა ხანში შესული იყო – ისინი ძალიან მცირე დროში დაიღუპნენ. რეჟიმმა შეწყვიტა ხალხის ინფორმირება, მაგრამ ხალხს შეეძლო თავად დაენახა, რაც ხდება, როცა მათი მეგობრები და ნათესავები იღუპებოდნენ.

ინფექციის ურბანული ტალღის პიკი იანვარში იყო. მეორე, რეგიონული ტალღა ახლა შედის პიკში. ჯანდაცვის სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას კი სადღაც ერთი თვე დასჭირდება.

სი ძინპინის მიერ „ნულოვანი კოვიდის“ პოლიტიკიდან ქაოსურმა გამოსვლამ შეარყია ხალხის რწმენა მის ხელმძღვანელობაში. ამჟამინდელი ვითარება აკმაყოფილებს რეჟიმის ცვლილების ან რევოლუციის ყველა წინაპირობას. თუმცა ეს არის გაუმჭვირვალე პროცესის დასაწყისი, რომლის შედეგებსაც კიდევ დიდხანს ვიგრძნობთ.

მოკლევადიან პერსპექტივაში, სი ძინპინი დარჩება ხელისუფლებაში – იგი კარგად აკონტროლებს ყველა რეპრესიულ ინსტრუმენტს. მაგრამ მე მჯერა, რომ სიცოცხლის ბოლომდე იგი ხელისუფლებაში არ იქნება, ხოლო სანამ ხელისუფლებაშია, ჩინეთი ვერ გახდება დომინანტური პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა. მისდა საბედნიეროდ, გარედან არაფერი ემუქრება – ბაიდენი არაა დაინტერესებული ჩინეთში რეჟიმის ცვლილებით. მას მხოლოდ ტაივანში status quo-ს აღდგენა სურს.

შიდა საქმეებში სუსტი პოზიციის გამო, სი ძინპინმა დადებითად უპასუხა ბაიდენის შეთავაზებას ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის დაწევაზე. თუმცა აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინური საჰაერო ბუშტის აღმოჩენამ ურთიერთობები კვლავ გააფუჭა. ჩამოგდებული ბუშტის ნარჩენების წინასწარი კვლევის თანახმად, მისი მიზანი არა მეტეოროლოგიური, არამედ სადაზვერვო ხასიათის იყო.

ნებისმიერ შემთხვევაში, სი ძინპინის გადასვლა თანამშრომლობაზე მაინც დროებითი და ტაქტიკური იქნებოდა. იგი აღარ იქნებოდა ის, ვინც ახლა არის, ასე მარტივად რომ ივიწყებდეს საკუთარ რწმენას. ახლა თვალს ვადევნებთ ჩინეთში მიმდინარე ისტორიულ პროცესს, რომლის მნიშვნელობაც ფართოდ არაა გააზრებული.

გეოპოლიტიკური სურათის შესავსებად უნდა განვიხილო, როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია აშშ-ში. გასაგებია, რომ არც ისე კარგად.

როცა 2016 წელს დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდა, იგი ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენდა ამერიკული დემოკრატიისთვის. ტრამპი ბევრი ნაკლის მქონე, თავდაჯერებული მატყუარაა, რომლის ნარცისიზმიც დაავადებად იქცა. იგი არ არის დემოკრატიის ერთგული – დემოკრატია მხოლოდ სცენაა მისი წარმოდგენებისთვის. პრეზიდენტობისას დემოკრატიული პრინციპების წინ წაწევაზე მეტად დიქტატორებთან მეგობრობით იყო დაინტერესებული. ტრამპისთვის მაგალითი იყო პუტინი, რომელმაც ქვეყანაზე ტოტალური კონტროლის დამყარებისას დიდძალი ქონებაც მოიხვეჭა.

ტრამპს მხარი დაუჭირა ბევრმა განათლების არმქონე თეთრკანიანმა, მაგრამ მისი ყველაზე დიდი მხარდამჭერები ძალზედ მდიდრები იყვნენ – მათთვის კი დაპირებები მართლაც შეასრულა.

პირველი – შეუმცირა გადასახადები. მეორე – უზენაეს მოსამართლეებად წარადგინა ხალხი, ვინც მხარს უჭერს რესპუბლიკური პარტიის დღის წესრიგის ექსტრემისტულ ვერსიას.

მესამე – კონტროლი დაამყარა პარტიაზე. ყველას, ვინც მას ერთგულებას არ შეჰფიცებდა, ემუქრებოდა პრაიმერიზში [საყოველთაო არჩევნებზე პარტიის კანდიდატის არჩევნები – რედ.] გამოწვევით. ბოლოს კი მოუწოდა ცალკეული შტატების რესპუბლიკურ საკანონმდებლო ორგანოებს, მიეღოთ ამომრჩეველთა შემზღუდველი ზომები, რათა მისი პარტია სამუდამოდ დარჩენილიყო ძალაუფლებაში. ამ პროგრამით კინაღამ მეორე ვადით აირჩიეს.

იმედი მაქვს, 2024-ში ტრამპი და [ფლორიდის] გუბერნატორი რონ დესანტისი იბრძოლებენ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატობისთვის. ტრამპი საწყალ ფიგურად გადაიქცა, რომელიც ჯერ კიდევ მისტირის 2020 წლის მარცხს. რესპუბლიკური პარტიის სპონსორები მისგან მიდიან. დესანტისი დაუნდობელი, ამბიციური და შორსმჭვრეტია. სავარაუდოდ, იგი იქნება რესპუბლიკელთა კანდიდატი.

ამან შეიძლება ტრამპს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისკენ უბიძგოს, რაც დემოკრატებს უდიდეს გამარჯვებას მოუტანს და რესპუბლიკურ პარტიას რეფორმაციას აიძულებს. თუმცა, შეიძლება ოდნავ მიკერძოებული ვარ.

შესაჯამებლად, გავიმეორებ იმას, რაც დასაწყისში ვთქვი: სანამ მმართველობის ორი სისტემა გლობალური დომინაციისთვის იბრძვის, კაცობრიობას კოლაფსი ემუქრება კლიმატის ცვლილების გარდაუვალი წინსვლის გამო. ვფიქრობ, რომ ეს ამჟამინდელი ვითარების ზუსტი შეფასებაა.

ასევე მჯერა, რომ ღია საზოგადოება დახურულზე უპირატესია და ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებიც რეპრესიულ რეჟიმებში ცხოვრობენ, როგორებიცაა ასადის სირია, ბელარუსი, ირანი და მიანმარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი