ახალი ამბები

რესტორან “კახელების” მფლობელებმა სალომე ზურაბიშვილს 60 ათასი გადაურიცხეს

17 ოქტომბერი, 2018 •
რესტორან “კახელების” მფლობელებმა სალომე ზურაბიშვილს 60 ათასი გადაურიცხეს

რესტორან “კახელების” მეპატრონეებმა, ჭიჭიკო და ბონდო გოლეთიანებმა, “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად 60 ათასი ლარი გადაურიცხეს.

ჭიჭიკო გოლეთიანი არის შპს “კახელების” ერთპიროვნული მფლობელი. ის ასევე ფლობს 28.25 პროცენტს კომპანიაში “კახელები ბელიაშვილზე”. ამავე კომპანიის 10.75 პროცენტის მფლობელია ბონდო გოლეთიანიც. ორივე კომპანია ერთი ბრენდის – რესტორან “კახელების” – სახელით ოპერირებს.

ჭიჭიკო გოლეთიანმა ზურაბიშვილს 25 ათასი ლარი გადაურიცხა, ბონდო გოლეთიანმა კი – 35 ათასი.

ჭიჭიკო და ბონდო გოლეთიანები, რესტორან “კახელების” გარდა, ფლობენ წილებს სხვადასხვა კომპანიაში, მათ შორის “გოლეთიანის სავაჭრო სახლში”, რომელიც საქართველოში Nokia-სა  და Xiaomi-ის ოფიციალური შემომტანია.

სალომე ზურაბიშვილს ფული გადაურიცხეს გოლეთიანების ბიზნესპარტნიორებმა სხვადასხვა კომპანიიდან. მაგალითად, გოლეთიანების პარტნიორმა, სასტუმრო “თელავის” მეწილე შალვა ერისთავმა “ოცნების” მხარდაჭერილ კანდიდატს ოქტომბერში 60 ათასი ლარი შესწირა. კიდევ ერთმა პარტნიორმა სალომე მელაძემ კი – 7 ათასი.

სალომე ზურაბიშვილს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაწყებიდან დღემდე (28 აგვისტოდან 17 ოქტომბრამდე) 3 მილიონამდე ლარი შესწირეს, რაც აღემატება ყველა დანარჩენი კანდიდატისთვის ჯამურად შეწირული თანხის ოდენობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი