მირზა სუბელიანთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შევიდნენ

ციხეში მყოფ მირზა სუბელიანთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შევიდნენ. ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სუბელიანის საკითხზე ინფორმაციას მისი მონახულების შემდეგ გაავრცელებენ.

მირზა სუბელიანის ადვოკატი აცხადებს, რომ გუშინ, 15 ოქტომბერს სუბელიანმა თვითმკვლელობა სცადა. ადვოკატი განმარტავს, რომ მისი კლიენტი სტრესულ მდგომარეობაშია, რის გამოც გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა.

დღეს, 16 ოქტომბერს, მთავარმა პროკურატურამ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, უწყების რწმუნებით, მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერი 2018 წლის 6 ივლისსაა ჩაწერილი, მანამ, სანამ მეორე საუბარი შედგებოდა, რომლის ჩანაწერიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” ეთერში 14 ოქტომბერს გაუშვა.

ჩანაწერში მირზა სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძეს ეუბნება, რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი და მზადაა, ხელისუფლების წინააღმდეგ ცრუ განცხადებები გააკეთოს.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მედიით გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, 15 ოქტომბერს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა ციხეში სუბელიანი მოინახულეს.

“გარკვეული შიშები არსებობდა მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე გვაინტერესებდა, მას ჩვენთვის რამე ხომ არ ჰქონდა სათქმელი. სუბელიანს ჩვენთან შეხვედრა არ უნდოდა. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მას მისსავე კამერაში შეხვდნენ. ერთადერთი, რაც სუბელიანმა გვთხოვა, იყო ის, რომ დაგვეცვა მისი შვილის უფლებები ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით”,-აცხადებს ნინო ლომჯარია.


ტელეკომპანია რუსთავი 2-მა 14 ოქტომბერს გაავრცელა ფარული ჩანაწერები, რომელიც ციხეშია ჩაწერილი. ტელეარხის ცნობით, ჩანაწერებში საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენ. ინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი.

ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც ხელისუფლება სწორედ რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა ბიზნესრეკეტში.

საუბრის მონაწილე ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც “ქართული ოცნების წევრია”, “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ადასტურებს, რომ სუბელიანს ციხეში რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მისი მონაყოლი არასერიოზულად მიიჩნია.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 15 ოქტომბერს თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. გარდა ამისა, გამოძიება “ინტენსიურად განიხილავს პირთა ჯგუფის მიერ კონკრეტული შინაარსის საუბრების ორგანიზების ვერსიას მათი შემდგომი გავრცელების მიზნით”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.