ახალი ამბები

მისი საუბარი არასერიოზულად ჩავთვალე – ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს

15 ოქტომბერი, 2018 • 6311
მისი საუბარი არასერიოზულად ჩავთვალე – ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე ნეტგაზეთთან საუბრისას ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მირზა სუბელიანს რამდენჯერმე შეხვდა. ჯაფარიძის თქმით, ციხეში ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულის დაჟინებული თხოვნით მივიდა.

ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ არ მოუსმენია რუსთავი 2-ის ეთერში გასული აუდიოჩანაწერები, თუმცა, მისი თქმით, მირზა სუბელიანის საუბარი არასერიოზულად ეჩვენებოდა.

როგორც პარლამენტარი ამბობს, მირზა სუბელიანს იცნობდა ისევე, როგორც ყველა სვანს და რადგან მოითხოვა ბრალდებულმა მისი ნახვა, უფლება არ ჰქონდა, არ ენახა.

როგორც ვიქტორ ჯაფარიძე განმარტავს, მირზა სუბელიანის ნალაპარაკები არც შს მინისტრისთვის, გიორგი გახარიასთვის უთქვამს და არც არავისთან მოუყოლია. დეპუტატი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულთან კერძო საუბრები ჩაიწერეს.


გუშინ, 14 ოქტომბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა  გაავრცელა ფარული ჩანაწერები. ტელეარხის ცნობით, ჩანაწერებში საუბრობენ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენ.ინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი.

ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომლებიც მმართველი ელიტის წინააღმდეგ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც, ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

რუსთავი 2 იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც ხელისუფლება სწორედ რამდენიმე კვირის წინ დაადანაშაულა ბიზნესრეკეტში.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

რ2-ის სკანდალური ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით ხორავას ქუჩის საქმეზე – დეტალები

მასალების გადაბეჭდვის წესი