ვიტალი გუგუჩია, “ფორთოხლის გამყიდველი ქიქოძის ქუჩიდან“, სამთავრობო პროპაგანდისტული „პოსტივის“ ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელშეშლის საქმეზე ბრალის წარსადგენად დაიბარეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ვიტალი გუგუჩიას ცოლმა მირანდა ჯობავამ გაავრცელა.
„ბრალის წარსადგენად დაიბარეს ვიტა დღეს საღამოს. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაო. ანუ აქეთ გვდებს ვიქტორ ჯაფარიძის ტელევიზია რაღაცაში ბრალს და ცდილობს გაგვტეხოს, გაგვანადგუროს?! უფრო გავძლიერდებით, თქვენ კი ეს ამბავი გადაგიყოლებთ! იმ ინციდენტის შედეგებს ვიმკით დღემდე, რაზე საუბარიც არ მინდოდა და მიჭირდა, არ ვიყავი მზად“, — დაწერა ვიტალი გუგუჩიას მეუღლემ, მირანდა ჯობავამ.
წყვილი საზოგადოებამ მაისში, მას შემდეგ გაიცნო, როცა მათი მარკეტის წინ რუსული კანონის მომხრე 84 დეპუტატიდან ერთმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, ფორთოხალს ხელი სტაცა და იმ მოქალაქეს გაეკიდა, ვინც რუსული კანონის მიღების შემდეგ პარლამენტიდან მომავალი დეპუტატების კოლონას აგინა.
ვიქტორ ჯაფარიძე მაღაზიაში მეორე დღეს, 29 მაისს, ბოდიშის მოსახდელად მივიდა, მაგრამ წყვილმა უთხრა, რომ ბოდიში ფორთოხლის კი არა, მათი შვილების მომავლის გაყიდვისთვის ჰქონდა მოსახდელი.
დეპუტატისა და წყვილის კამათის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ნათესავის გარდაცვალების გამო სამეგრელოში წასულ ოჯახს სამთავრობო პროპაგანდისტული არხის “პოსტივის” წარმომადგენლებმა ჩააკითხეს. არხის, რომლის მთავარი მფლობელი თავად ვიქტორ ჯაფარიძეა. 31 მაისს სამეგრელოში, გუგუჩიების კარ-მიდამოში, “პოსტივის” წარმომადგენლებსა და ვიტალის შორის დაპირისპირება მოხდა.
მეორე სამთავრობო პროპაგანდისტულმა არხმა “იმედმა” ოპერატიულად გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუგუჩია “პოსტივის” ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდა და მის წინააღმდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
„ბატონო ვიქტორ, მოგმართავთ თქვენ, იმიტომ, რომ თქვენით დაიწყო ეს ყველაფერი და გეკითხებით მხოლოდ ერთ რამეს: რა გინდათ ჩვენგან? რას ეძებთ? რის მიღწევას ცდილობთ, რატომ დაგვდევთ? და საერთოდ, რას გვერჩით? პირველივე წინადადებაში ჩაგაყენეთ საქმის კურსში, რომ ვარ 4 შვილის დედა, რომ მომავალი წაართვით მათ. იქით მქონდა და მაქვს პრეტენზია! ამის მერე არ მთავრდება დევნა, მუქარა, ბულინგი!“ – მიმართვას ავრცელებს მირანდა ჯობავა სოციალურ ქსელში.
ამავე თემაზე: