ახალი ამბები

დათუნა სარალიძის საქმის მოსამართლე „ოცნების“ ბრალდებებს პასუხობს

21 აგვისტო, 2024 •
დათუნა სარალიძის საქმის მოსამართლე „ოცნების“ ბრალდებებს პასუხობს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე „ქართული ოცნების“ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ამ ტიპის საჯარო განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია.

საუბარია მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს 20 აგვისტოს განცხადებაზე, რომელშიც „ქართული ოცნება“„საეჭვოს“ უწოდებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. იმავე განცხადებაში მმართველი გუნდი თავს ესხმის იმ მოსამართლეს, რომელმაც იმ განაჩენით მიანიშნა, რომ მკვლელი ჯერაც თავისუფალი იყო და აცხადებს, რომ ეკა არეშიძე დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს უცხოელებისგან, ხოლო საპროტესტო აქციები, რომლებსაც მოქალაქეები დათუნა სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად მართავდნენ, ოცნების განცხადებით, “გადატრიალების მცდელობა” იყო.

საპასუხოდ, ეკა არეშიძე აცხადებს, რომ თავის მართლება იმ აბსურდულ ბრალდებებზე, რაც აღნიშნულ განცხადებაში გახმიანდა, უბრალოდ დამამცირებელი და ღირსების შემლახავია და ყურადღებას კონსტიტუციის 63-ე მუხლზე ამახვილებს, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს და რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით.

ამასთან, კონსტიტუციაში ხაზგასმულია, რომ არავის აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე და ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას.

არეშიძე ასევე ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე:

„აღნიშნულ საქმეზე, 6 წლის წინ, სპეციალურად შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულია შესაბამისი დასკვნა. სასამართლო არ არის ვალდებული გაიზიაროს პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება ან დაცვის მხარის პოზიცია.

სასამართლოს განაჩენი ყველასთვის გასაგები და მისაღები ვერ იქნება. უსამართლობის განცდა იწვევს საზოგადოების აღშფოთებას. ორი უდანაშაულო არასრულწლოვანის მკვლელობის თემით სპეკულირება, ნებისმიერი მხრიდან, ნებისმიერ დროს, უზნეობაა! ამ ტიპის საჯარო განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველია“ ,— აცხადებს მოსამართლე.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ: “ოცნება” სარალიძის აქციებზეც ირიბად უცხოელებზე მიანიშნებს და “გადატრიალების მცდელობაზე” საუბრობს

მასალების გადაბეჭდვის წესი