ახალი ამბები

ომეგას საქმე: ყიფიანი და ფარცხალაძე “ზარალამ” და მაღრაძემ შეარიგეს — რუსთავი2

13 ოქტომბერი, 2018 •
ომეგას საქმე: ყიფიანი და ფარცხალაძე “ზარალამ” და მაღრაძემ შეარიგეს — რუსთავი2

რუსთავი2 იუწყება, რომ მოიპოვეს ახალი ფარული ჩანაწერები “ომეგას” საქმესთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, მათი ვერსიით, საქმეში განვითარებული მოვლენების ჯაჭვი ასე იკვრება:

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი თავად მიდის ივანიშვილთან დაახლოებულ პირთან, ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან შეხვედრაზე, სადაც ყიფიანი ფარცხალაძეს აგინებს; ყიფიანი ჩაჰყავთ სარდაფში, სცემენ, სავარაუდოდ, აშიშვლებენ და გაუპატიურებით ემუქრებიან; ამის შემდეგ ფარცხალაძე მიდის ივანიშვილთან და უყვება ინციდენტის შესახებ, რის შემდეგაც ივანიშვილი ყიფიანთან არკვევს საქმის ვითარებას. ბოლოს კი ყიფიანსა და ფარცხალაძეს არიგებენ ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი (ზარალა), რომელიც ფარცხალაძის მეჯვარეა, და დავით მაღრაძე.

რუსთავი2-ის მიერ წინა პერიოდში გავრცელებული ჩანაწერების და ზაზა ოქუაშვილის თანახმად, ამ ყველაფერს წინ უძღოდა მოთხოვნა ივანიშვილის წარმომადგენლებისგან, კერძოდ, ფარცხალაძისგან, ოქუაშვილს გადაეხადა 4 მილიონი ლარი “ოცნების შავ ყულაბაში”; საკითხის გასარკვევად “ომეგას” დამფუძნებელმა საქმეში ლევან ყიფიანი ჩართო, რომელმაც მაშინდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჩარია საქმეში, ამ უკანასკნელმა კი ივანიშვილს მიმართა. ოქუაშვილის თქმით, ფარცხალაძემ “დასაჯა” ყიფიანი “არასწორი მისამართისთვის და ზედმეტი სიარულისთვის”. სწორედ ამ “დასჯის” ინციდენტზეა ახლად გავრცელებული ჩანაწერში საუბარი.

ახალ ვიდეოში, როგორც რუსთავი2 ახდენს იდენტიფიკაციას, ისმის ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილის, ლევან ყიფიანისა და ომეგას ერთ-ერთი მენეჯერის ხმები. ამ აუდიოში ყიფიანი ადასტურებს, რომ მივიდა ფარცხალაძესთან შეხვედრაზე, ჩაიყვანეს სარდაფში და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ჩანაწერის მეორე ნაწილში, რუსთავი2-ის თანახმად, ყიფიანი ყვება, რომ ივანიშვილმაც იცის ინციდენტის შესახებ. იგი, ამ ვერსიით, ყიფიანს ეკითხება, თუ ვინ შეაგინა ფარცხალაძეს.

ჩანაწერის მესამე ნაწილში კი იკვეთება ორი ახალი ფიგურანტი — დავით მაღრაძე და გიორგი რამიშვილი, რომლებიც ყიფიანსა და ფარცხალაძის არიგებენ.

რუსთავი2-ს აცხადებს, რომ დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერი კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.

ყიფიანმა 3 ოქტომბერს “ფარსი” უწოდა ცნობებს მისი ცემისა და ყოფილი პროკურორი ფარცხალაძის მხრიდან ზეწოლის შესახებ. “ოცნებაც” უარყოფს “შავი ყულაბის” არსებობას.


ჩანაწერებთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ლევან ყიფიანის 9 ოქტომბრის ჩვენებამ ოქუაშვილის მონაყოლიდან შემდეგი ინფორმაცია დაადასტურა:

  • პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ყიფიანი ადასტურებს, რომ ის და ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილს ორჯერ მართლაც შეხვდნენ.
  • ოქუაშვილის მონაყოლის მსგავსად, ყიფიანიც ადასტურებს,  რომ პირველ შეხვედრას გიორგი გახარიაც ესწრებოდა, როგორც ბიზნესომბუდსმენი.
  • ყიფიანის თქმით, შეხვედრის მიზანი  საქართველოში თამბაქოს წარმოების გაფართოებაზე საუბარი იყო. ასევე ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც ქართული ბიზნესი დგას, მათ შორის ისაუბრეს დემპინგზეც.
  • ყიფიანი ასევე ადასტურებს, რომ გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრა იმ ვალის რესტრუქტურიზაციას ეხებოდა, რომელიც “ომეგა ჯგუფს” სახელმწიფოს წინაშე დაუგროვდა.
  • სპორტის ყოფილი მინისტრი არ უარყოფს, რომ 4 მილიონის ბანკიდან გატანაში ოქუაშვილს დაეხმარა.
  • მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძეს დახმარებისთვის ბანკიდან რამდენჯერმე დაურეკა, რადგან თიბისი ბანკის ფილიალში 17:30 საათზე მივიდნენ და ფიქრობდა, რომ ბანკის სამუშაო საათებში შესაძლოა ოპერაციის განხორციელება ვერ მოესწროთ. თუმცა ყიფიანი აცხადებს, რომ ფარცხალაძის დახმარება საჭირო არ გახდა.

თუმცა, პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ლევან ყიფიანი ოქუაშვილის მონაყოლის სხვა ეპიზოდებს უარყობს. მათ შორის:

  • სპორტის ყოფილი მინისტრი არ ადასტურებს ზაზა ოქუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ივანიშვილთან მეორე შეხვედრისას ივანიშვილი ოქუაშვილს 4 მილიონ ლარს პირადად სძალავდა.
  • ყიფიანი აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა ნაღდი ფულის სახით ოქუაშვილს თავადვე, საკუთარი ბიზნესისთვის სჭირდებოდა და რადგან დიდ თანხაზე იყო საუბარი, თანხის მოკლე ვადაში გასანაღდებლად სთხოვა ყიფიანს დახმარება.
  • ყიფიანი ასევე არ ადასტურებს, რომ ბანკიდან თანხა გარეშე პირებმა წაიღეს იარაღის მუქარით. ყიფიანის თქმით, ბანკში განაღდებული თანხის ტრანსპორტირება ზაზა ოქუაშვილმა უზრუნველყო.
  • ლევან ყიფიანის თქმით, თანხის გატანისას კომუნიკაცია არც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორთან და არც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან არ ჰქონიათ.
  • ლევან ყიფიანი ბანკში ყოფნის დროს გიორგი გახარიასთან კომუნიკაციასაც უარყოფს.
  • სპორტის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძესთან კარგი მეგობრული ურთირთობა აქვს და ოქუაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს კვირიკაშვილთან შეხვედრის გამო ფარცხალაძემ ის დასაჯა და თავისი სახლის სარდაფში ფიზიკურად გაუსწორდა – სიცრუეა.
  • მთლიანობაში, ყიფიანი ოქუაშვილის ბრალდებებს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თანხების გამოძალვაზე უარყფოს.
  • ყიფიანი ამბობს, რომ ჩანაწერები დადგმულია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, საუბრების ტექსტი წინასწარ იყო მომზადებული, ისინი მეტი დამაჯერებლობისთვის ხელახლა დაამონტაჟეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი