ახალი ამბები

ლევან ყიფიანის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება “ომეგას” საქმეზე

10 ოქტომბერი, 2018 •
ლევან ყიფიანის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება “ომეგას” საქმეზე

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით ლევან ყიფიანის მიერ პროკურატურისთვის 9 ოქტომბერს მიცემული ჩვენება გაასაჯაროა. პროკურატურის თქმით, ყიფიანი გამოიკითხა მედიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით.

ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, სპორტის ყოფილი მინისტრი პროკურატურაში ჰყვება “ომეგა ჯგუფის” გარშემო განვითარებული მოვლენების მისეულ ვერსიას. კერძოდ, როგორც ყიფიანი აღნიშნავს, მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, მან მუშაობა “ომეგა ჯგუფში” დაიწყო.

ლევან ყიფიანი თავის ჩვენებაში ამბობს, რომ ზაზა ოქუაშვილი ორჯერ შეახვედრა ბიძინა ივანიშვილს, თუმცა საუბარი შეეხებოდა საქართველოში თამბაქოს წარმოების გაფართოებას, ამაში ივანიშვილის შესაძლო დახმარებას და არაფერ სხვას.

ყიფიანი ასევე აცხადებს, რომ მან და ოქუაშვილმა, ოქუაშვილისვე თხოვნით, მოაწყვეს საუბრების ინსცენირება, რომელიც ოქუაშვილმა ჩაიწერა და მოგვიანებით ფარული ჩანაწერის სახით გაავრცელა. როგორც ყიფიანი ამბობს, ინსცენირებული საუბრის შინაარსი ეხებოდა მთავრობიდან მომდინარე ზეწოლას. ლევან ყიფიანის თქმით, აღნიშნული ინსცენირებული საუბარი ოქუაშვილს უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად სჭირდებოდა.

ჩვენებაში ყიფიანი უარყოფს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლას და ამ საუბარსაც ინსცენირებად მოიხსენიებს. გარდა ამისა, ის ადასტურებს თიბისი ბანკიდან რამდენიმე მილიონი ლარის გატანას, თუმცა, მისივე თქმით, ეს ფული თავად ოქუაშვილმა წაიღო და არავინ სხვამ.

სრულად ლევან ყიფიანის ჩვენება ნახეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი