“რა თბილისის ბიუჯეტი, რაებს ბოდიალობთ?” – ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ “რუსთავი2″-ის ჟურნალისტს, რომელმაც მას მმართველი პარტიის ვაკის ოფისიდან თანხის დაკარგვის შესახებ ჰკითხა.
ჟურნალისტ დავით დვალიშვილის თავდაპირველი კითხვების საპასუხოდ, თუ რა იცის ამ ფაქტის შესახებ, კალაძემ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, დაკარგული თანხა ერთ-ერთ გამგებელს ეკუთვნოდა, ახლა გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. კალაძემ უარყო ჟურნალისტის მიერ გახმიანებული ცნობა, რომ თანხა საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომუშავე კოორდინატორებისთვის იყო განკუთვნილი.
შემდეგ, საუბარი ასე წარიმართა:
” – როგორ მოხდა ამ თანხის შევსება?
– ვერ გეტყვით, არ ვიცი, შეგიძლიათ, ჰკითხოთ, მიმდინარეობს გამოძიება. არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია.
– თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– არა მაქვს-მეთქი… რასთან დაკავშირებით?
– დაკარგულ თანხასთან დაკავშირებით.
– რომ გეუბნებით, არ გესმით, რასაც გეუბნებით? თუ გინდათ, იტალიურად გეტყვით.
– შესაძლებელია თუ არა, რომ მოხდა ამ თანხის ანაზღაურება ან შევსება თბილისის ბიუჯეტიდან?
– ვერ გეტყვით, არა მაქვს ინფორმაცია. რა თბილისის ბიუჯეტი, რაებს ბოდიალობთ?
– არა, მე კითხვას გისვამთ…
– რა თბილისის ბიუჯეტიდან, როგორ უნდა მომხდარიყო კერძო ფულის შევსება? ახალგაზრდა ბიჭი ბრძანდებით, შეგიძლიათ, ამიხსნათ, როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო ფულით შევსება კერძო ადამიანის მიმართ?”
ნახეთ დიალოგის ამსახველი ვიდეო, რომელსაც Palitravideo.ge ავრცელებს.