ახალი ამბები

ცესკომ პროკურატურას მიმართა არჩევნების შესაძლო გაყალბების კადრებთან დაკავშირებით

19 დეკემბერი, 2018 • 1704
ცესკომ პროკურატურას მიმართა არჩევნების შესაძლო გაყალბების კადრებთან დაკავშირებით

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროკურატურას მიმართა ტელეკომპანია რუსთავი2-ის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომლებიც, სავარაუდოდ, არჩევნების გაყალბების კადრებს ასახავს.

როგორც ნეტგაზეთს პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტრეს, მათ ცესკოსგან ამ საკითხზე მიღებული აქვთ წერილი და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

ნეტგაზეთის კითხვაზე, უკვე დაწყებულია თუ არა გამოძიება, ან დაიწყებენ თუ არა უახლოეს მომავალში, პროკურატურაში გვიპასუხეს: “რა სამართლებრივ რეაგირებასაც მოახდენს პროკურატურა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი”.

“რუსთავი2”-მა კადრები 15 დეკემბერს გაავრცელა. ვიდეოები, სავარაუდოდ, უბნებზე ოპოზიციის ან მათთან აფილირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციებისმიერ დამონტაჟებული ვიდეოკამერების გადაღებულია.

ამ კადრებში ჩანს, როგორ ათავსებენ სავარაუდოდ საარჩევნო კომისიის წევრები ბიულეტენებიან კონვერტებს საარჩევნო ყუთებში, რასაც თან სდევს შესაბამისი დიალოგები. ტელეარხის ცნობით, ყველა შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ე.წ. ბიულეტენების ჩაყრას.

ერთ-ერთი ასეთი ვიდეო დმანისის 44-ე საარჩევნო უაბნზეა გადაღებული, სადაც ტელეარხის ცნობით, ჩანს, თუ როგორ აწერს ხელს სავარაუდოდ კომისიის წევრი ამომრჩევლის ნაცვლად, კონვერტებში ათავსებს ბიულეტენებს და ბეჭედს არტყამს, შემდეგ კი კომისიის სხვა წევრი საარჩევნო ყუთში ყრის მათ. შემდგომ, ყუთში კონვერტებს კომისიის სხვა წევრებიც ყრიან. ოპოზიციის წარმომადგენლის კითხვაზე, თუ რას აკეთებენ, ისინი პასუხობენ, რომ ხმას აძლევენ.

კიდევ ერთი ვიდეო ისევ დმანისში, 24-ე უბანზეა გადაღებული. კადრში ჩანს, რომ ქალი, რომელიც რ2-ის ცნობით, კომისიის წევრია, კონვერტს საარჩევნო ყუთში რამდენჯერმე ათავსებს, გარკვეულ მომენტში კი კომისიის სხვა წევრი უბანზე განთავსებულ კამერას ეფარება.

ნეტგაზეთი 16 დეკემბერს ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გაერკვია, დაიწყო თუ არა გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტზე, თუმცა უწყებებმა მაშინ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარები არ გააკეთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი