ახალი ამბები

ქვითრები, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ გაანაღდეს TBC-ში 4 მლნ ლარი

1 ოქტომბერი, 2018 •
ქვითრები, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ გაანაღდეს TBC-ში 4 მლნ ლარი

“ნეტგაზეთმა” მოიპოვა ქვითრების ასლები, სადაც ასახულია, რომ მოქალაქე ალექსანდრე ხაჩიშვილმა TBC ბანკიდან, ახლად დარეგისტირებულ კომპანია “ოლიმპუსის” ანგარიშიდან, ჯამში, დაახლოებით 4 მილიონი ლარის ეკვივალენტი მიიღო დოლარში.

ქვითრები “ომეგა ჯგუფის” გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა მოგვაწოდა. ჯერჯერობით დაუდასტურებელია დოკუმენტების ავთენტურობა.

ქვითრების თანახმად, პირველი ტრანზაქცია — 1მლნ აშშ დოლარი — 2016 წლის 21 აპრილის საღამოს 8-ის 22 წუთზეა შესრულებული. მეორე ტრანზაქცია (781 000 აშშ დოლარი) კი- მეორე დღეს, 22 აპრილს 12:25 საათზე.

ანგარიშის მფლობელად ქვითარზე მითითებულია კომპანია “ოლიმპუსი”, რომელიც 2016 წლის 19 აპრილსაა რეგისტრირებული. “ოლიმპუსის” 100%-იანი წილის მესაკუთრედ მითითებულია კორპორაცია უაიდპოინტ ინვესტმენტს ინკ, რომელიც ოფშორულ ზონაში, პანამაშია რეგისტრირებული.

როგორც აღდგომელაშვილი გვიხსნის, TBC ბანკს არ ჰქონდა უფლება ეს თანხა გაეცა. აღდგომელაშვილის თანახმად, საქართველოში მოქმედი საბანკო რეგულაციების მიხედვით, “როდესაც კომპანია და მისი ანგარიში იხსნება, ბანკი ანგარიშის გახსნიდან 90 დღის განმავლობაში,უნდა დარწმუნდეს ამ ანგარიშზე მოხვედრილი თანხების წარმომავლობაში, კომპანიის წარმომავლობაში”… მისი თქმით, ინფორმაცია “საბოლოო ბენეფიციარამდე მონიტორინგს ექვემდებარება ბანკის მხრიდან”.

აღდგომელაშვილის თქმით, გადაცდომა ისაა, რომ TBC ბანკს არ ჰქონდა მიღებული დოკუმენტები, საიდანაც უნდა გაეგო, თუ ვინ იდგა “ოლიმპუსის” მფლობელი ოფშორული კომპანიის უკან — ვინ იყო საბოლოო ბენეფიციარი — და ამ დოკუმენტების ქონის გარეშე დაუშვა თანხის გაცემაზე ავტორიზაცია. საჭირო დოკუმენტები, მისი თქმით, ბანკმა მხოლოდ მაისის შუა რიცხვებში მიიღო.

საქართველოს კანონი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ განსაზღვრავს, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირის — კომერციული ბანკის — მიერ მონიტორინგს ექვემდებარება “იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის რეგისტრაციიდან 90 კალენდარულ დღეში თანხის მის საბანკო ანგარიშზე განთავსება ან ამ ანგარიშიდან გადარიცხვა”, თუკი გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს.

TBC ბანკმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ცრუ ინფორმაცია უწოდა “ომეგას” დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ნეტგაზეთი საბანკო ქვითრების გაცნობის შემდეგაც დაუკავშირდა TBC ბანკს  კითხვით, როგორ ახსნიან იმ ფაქტს, რომ 2-3 დღით ადრე დაარსებული კომპანიის კუთვნილი ანგარიშიდან შესაძლებელი გახდა ამ რაოდენობის თანხის გამოტანა, რაც შესაძლოა რეგულაციის დარღვევა იყოს, რაზეც კიდევ ერთხელ გვიპასუხეს, რომ ბანკს “გააჩნია კანონიერი ვალდებულება დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება” და ინფორმაციას ვერც უარყოფდნენ და ვერც დაადასტურებდნენ.

ალექსანდრე ხაჩიშვილის მონათრხობი

1 ოქტომბერს რუსთავი2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი ფოტომასალა მოიპოვეს, სადაც “თიბისი ბანკის” ცენტრალურ ფილიალში ჩანან ალექსანდრე ხაჩიშვილი, რომელმაც გამოიტანა ოქუაშვილის მიერ გადარიცხული თანხა, და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, რომელიც ოქუაშვილის ცნობით, “ომეგაზე” ზეწოლის საქმეში შუამავალი იყო.

წინა დღით ოქუაშვილმა რუსთავი2-ს უთხრა, რომ 4 მილიონი ლარი თიბისი ბანკის ანგარიშზე იმ იმედით ჩარიცხა, რომ საბანკო რეგულაციების თანახმად, კომპანიის დირექტორები ამ ოდენობის თანხას ნაღდი ფულის სახით იმავე დღეს ვერ გაიტანდნენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილს და მის წარმომადგენლებს შეუქმნიდა ილუზიას, რომ ფულს აძლევდა. 

ალექსანდრე ხაჩიშვილი (მარცხნივ) და ლევან ყიფიანი (მარჯვნივ). როგორც რუსთავი2 ამბობს, TBC ბანკის სათავო ოფისში თანხის განაღდების დღეს

ხაჩიშვილი რუსთავი2-თან ინტერვიუში ყვება, როგორ იმყოფებოდა TBC ბანკში დირექტორებთან და ყიფიანთან ერთად. ალექსანდრე ხაჩიშვილი იხსენებს: 

“[TBC ბანკში] ოპერატორმა გვითხრა, კი, დამჯდარია ფული, მაგრამ ამ ფულს ვერ გაიტანთო, იმიტომ, რომ შესაბამისი დოკუმენტი არა გაქვთო. იქ არის ყიფიანიც. ყიფიანი ნერვიულობს, ბორგავს, რეკავს. ჩვენ ვუთხარით, რომ სამსახურები მიტოვებული გვაქვს, ტყუილად ვართ, ამ ფულის ამღებები ჩვენ [არა ვართ,] ვერ ავიღებთ დღეს. დათოს [ფანქველაშვილი კომპანია ოლიმპუსის მეორე დირექტორი] ვეუბნები, უნდა წავიდეთ. ყიფიანი მეუბნება, რომ დაიცადე ცოტა ხანიო. დაახლოებით 7-ის ნახევარზე მოდიან ბუცხრიკიძე და ხაზარაძე, შემოდიან, ამოდიან მაღლა, ამის მერე ჩამოდიან ლევან ყიფიანთან ერთად და გვეუბნებიან, რომ ფული გაიცემა”.

ზაზა ოქუაშვილიც აცხადებს, რომ TBC ბანკში თანხა არასამუშაო დროს გაანაღდეს. მან დაასახელა TBC-ის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე, რომლებიც, მისი თქმით, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და იმ დროს ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ.

ამის შემდეგ ხაჩიშვილი აღწერს, როგორ იღებს ფულს სალაროდან და როგორ დებს მანქანაში:

“მარჯვენა მხრიდან მივდივართ სალაროში, ვიღებთ ფულს. გვილაგებენ ჩანთაში და გამომაქვს ფული. გამომაქვს და კარები დაკეტილია ბანკის. ამ დროს უკვე წამომეწია ლევან ყიფიანი და მეუბნება, რომ კარებთან რომ გახვალ, არავის არ შეხედო, ჩადე მანქანაში ფული. იმ წუთში მივხვდი, რაცა ხდებოდა. გამოვედი გარეთ, არავის არ შეხედო სახეზეო, ჩადე ფული პირდაპირ მანქანაშიო და გამოტრიალდი უკანო. როგორც კი გამოვედი გარეთ, დავინახე, რომ პერიმეტრი კონტროლდება. იქ იდგა კაცი, აქ მანქანა დგას, უკან მანქანა უდგას. რამდენიმე ცოტა საეჭვო ადამიანი დავინახე. მანქანიდან გადმოსულია ერთი ბრგე მამაკაცი, ჩასხმული, და კარები ღია აქვს, წინა კარები ჯიპიდან, და იქ უნდა ჩავდო ფული. დავინახე, რომ შეიარაღებული ხალხი იყვნენ. დავინახე სავარძელზე მოკლე ავტომატი. ვიფიქრე, ხომ არ გავიქცე, წავიღო ფირმაში ფული… მე რომ ეს ფული წამეღო ფირმაში, დარწმუნებული ვიყავი, რომ იქიდან ცოცხალი ვერ [გამოვაღწევდი]”…

ამავე თემაზე წაიკითხეთ

ივანიშვილის რჩევა თანაგუნდელებს, თუ რა უნდა უპასუხონ მედიას ოქუაშვილის ინტერვიუზე

ოქუაშვილის  სკანდალური ინტერვიუ ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე და 4 მილიონის გამოძალვაზე

ივანიშვილის რჩევა თანაგუნდელებს, თუ რა უნდა უპასუხონ მედიას ოქუაშვილის ინტერვიუზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი