ახალი ამბები

სოციალური ქსელი Google + იხურება

9 ოქტომბერი, 2018 • 2188
სოციალური ქსელი Google + იხურება

Google საკუთარ სოციალურ ქსელს, Google +-ს ხურავს.  ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ Google მალავდა ცნობებს მომხმარებლების პირადი ინფორმაციის შესაძლო გაჟონვის თაობაზე.

Wall Street Journal-ის სტატიის მიხედვით, კომპანიამ ხარვეზი მარტში აღმოაჩინა, როდესაც ცნობილი გახდა კემბრიჯ ანალიტიკსის მიერ ფეისბუკ მომხმარებლების პირადი ინფორმაციის მოპოვების ამბავი. პროგრამული ხარვეხი Google +-ზე გარე დეველოპერებს აწვდიდა ცნობებს არა მხოლოდ მომხმარებლებზე, არამედ მათ მეგობრებზეც.

თუმცა საკუთარ მომხმარებლებს Google ხარვეზის შესახებ არ აცნობდა, რადგან კომპანიის განცხადებით, არ არსებობდა მტკიცებულება, რომ მათი მონაცემებზე ვინმემ წვდომა მოიპოვა კომპანიის ინფორმაციის დაცვის ოფიცერმა კი მიიჩნია, რომ სამართლებრივად არ ჰქონდათ ამის ვალდებულება.

როგორც New York Times წერს, მონაცემების გაჟონვა  შესაძლოა პოტენციურად შეხებოდა 500 000 ანგარიშს. მომხმარებლის პირად ინფორმაციაზე 438 -მდე გარე დეველოპერს მიუწვდებოდა ხელი.

“არანაირი მტკიცებულება არ გვიპოვია, რომ დეველოპერებმა ამ სისტემური ხარვეზის შესახებ იცოდნენ. არც იმის მტკიცებულება  აღმოგვიჩენია, რომ პერსონალური მონაცემები მოიპარეს”, – თქვა ბენ სმიტმა, რომელიც Google-ის ვიცეპრეზიდენტია.

გამოცემის ცნობით, არ არსებობს ფედერალური კანონი, რომელიც Google-ს მონაცემების გაჟონვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. კალიფორნიაში კი, სადაც კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს, კომპანიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება, თუ გაჟონილი ინფორმაცია შეიცავს პიროვნების სახელს, გვარს და სოციალური უსაფრთხოების ნომერს,  აიდი ბარათსა და მართვის მოწმობის ნომერს, ასევე, ავტომობილის ნომერს, ან სამედიცინო და სადაზღვეო ინფორმაციას.

Google + 2011 წელს გამოჩნდა და Facebook-ის კონკურენტად მოიაზრებოდა. კომპანია არ ასაჯაროებს ინფორმაციას, თუ რამდენი ადამიანი მოიხმარს სერვისს რეგულარულად, თუმცა განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მომხმარებლების 90 პროოცენტი პლატფორმაზე 5 წამზე ნაკლები დროით ჩერდება.

გამომდინარე აქედან, კომპანიამ გადაწყვიდა 2019 წლის აგვისტოდან სოციალური ქსელი ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის დახუროს, კორპორატიული მომხმარებლებისთვის კი სერვისი კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.

Facebook-ის განცხადებით, Cambridge Analytica-მ 87 მლნ მომხმარებლის მონაცემები მოიპოვა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი