ახალი ამბები

რუსეთმა Google $373 მილიონით დააჯარიმა

19 ივლისი, 2022 •
რუსეთმა Google $373 მილიონით დააჯარიმა

მოსკოვის სასამართლომ Google  21.1 მილიარდი რუბლით ($373 მილიონი) დააჯარიმა. რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს, “როსკომნადზორის” თქმით, არაერთ შემთხვევაში კომპანიამ არ შეზღუდა წვდომა რესურსებზე, რომელთაც რუსეთი არალეგალურად მიიჩნევს.

კონკრეტულად, “როსკომნადზორი” აცხადებს, რომ Youtube-მა, რომელიც Google-ს ეკუთვნის, არ წაშალა “ყალბი” მასალები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” ეხება და რუსეთის არმიის “დისკრედიტაციას ახდენს”.

სწორედ სპეციალურ სამხედრო ოპერაციად მოიხსენიებს კრემლი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ სრულმასშტაბიან ომს, რომელსაც ათასობით ადამიანი შეეწირა, არაერთი უკრაინული ქალაქი კი მიწასთან გასწორდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, “როსკომნადზორის” თქმით, YouTube-მა დაუშვა ისეთი მასალების გავრცელება, რომლებიც “ახალისებს ექსტრემიზმსა და ტერორიზმს” და შეიცავს მოწოდებებს არასრულწლოვანებისადმი, მონაწილეობა მიიღონ არასანქცირებულ პროტესტში.

მოსკოვი გასულ წლებშიც ხისტი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც კრემლისთვის არასასურველი შინაარსის მასალას ავრცელებენ. პროცესი განსაკუთრებით გამწვავდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

ხსენებულ პოლიტიკას რუსეთი YouTube-ის მიმართაც იყენებს, თუმცა, Twitter-სა და Facebook-სგან განსხვავებით, ვიდეოპორტალი მოსკოვს არ დაუბლოკავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი