ახალი ამბები

2012 წლის 17 მაისის საქმეზე ევროსასამართლომ მთავრობას საპასუხო ვადა გაუხანგრძლივა

12 აპრილი, 2014 • • 1889
2012 წლის 17 მაისის საქმეზე ევროსასამართლომ მთავრობას საპასუხო ვადა გაუხანგრძლივა

2014 წლის 2 აპრილს “იდენტობამ” მიიღო შეტყობინება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან საქმეზე, რომელიც 2012 წლის 17 მაისს მომხდარ მოვლენებს ეხება. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ევროსასამართლოს სექციის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება საპასუხო ვადა საქართველოს 12 მაისამდე გაუგრძელოს. შეტყობინებას თან ერთვის მთავრობის მოთხოვნის ამსახველი დოკუმენტი, რომელშიც ის მიზეზებია მითითებული რის საფუძველზეც მთავრობამ საპასუხო დროის გახანგრძლივება მოითხოვა.

 

“საქართველოს მთავრობას სურს მოგმართოთ თხოვნით, რათა პატივცემულმა სასამართლომ ზემოხსენებულ საქმეზე მთავრობის პასუხის გასაცემად გამოყოფილი დრო განგვიხანგრძლივოს. იძულებულნი ვართ სასამართლოს ზემოაღნიშნული თხოვნით მივმართოთ, რადგან  ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა  ზემოხსენებულ საქმეზე ინფორმაციის დროულად შეგროვება”.- ნათქვამია დოკუმენტში.

 

ორგანიზაცია “იდენტობასთან” ერთად სარჩელს ხელს 13 ინდივიდუალური პირი აწერს, საქმე 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს მშვიდობიიანი აქციის ძალადობრივი გზით დარბევას ეხება.

 

“როგორც წესი სტრასბურგში, რომ აგზავნი საქმეს ჭირდება რამდენიმე წელი, ჩვენი საქმე ძალიან სწრაფად წავიდა წინ, სადღაც შემოდგომაზე მივიღეთ წერილი სტრასბურგიდან, რომ სარჩელი დასაშვებადაა ცნობილი და იწყება შემდგომი ეტაპი, რაც არის კომუნიკაციის ეტაპი და მისთვის გამოყოფილია 6 თვე, ამ  6 თვის განმავლობაში სასამართლო სახელმწიფოს უგზავნის კითხვებს, მაგალითად რატომ არ ჩაერია პოლიცია? ან რატომ არ გამოიძიეთ რა მოხდა? ეს კიტხვები ჩვენც გვაჩვენეს და 6 თვე მისცეს სახელმწიფოს რომ უპასუხონ ამ შეკითხვებს. სახელმწიფომ როგორც ჩანს 6 თვეში ეს ვერ მოახერხა”.- ამბობს ირაკლი ვაჭარაძე, ორგანიზაციის “იდენტობა” აღმასრულებელი დირექტორი.

 

6 თვიან ეტაპს კომუნიკაციის ეტაპი ეწოდება, ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, რომ მას მთელი ამ დროის განმავლობაშია არავინ დაკავშირებია

 

“არანაირი კომუნიკაცია არ უცდიათ. ჩემ პოვნას რა უნდა? რას ნიშნავს, რომ ინფორმაცია ვერ მოაგროვე? სახელმწიფო ხარ და ეს ორგანიზაცია მუდმივად თვალში გეჩხირება. ძალიან უპასუხისმგებლო საქციელია და სასამართლოს მოტყუების მცდელობაა”.

 

როგორც ორგანიზაციის “იდენტობა” იურისტი ნინო ბოლქვაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში სარჩელის არსს განმარტავს. სარჩელის მიხედვით,  საქართველომ ვერ დაიცვა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი. ესენია: არაადამინური მოპყრობისაგან და წამებისაგან თავისუფლება, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება და დისკრიმინაციისგან თავისუფლება. სარჩელი ასევე ეხება მე-13 მუხლსაც, რომლის მიხედვითაც სახელმწიფომ გამძიება არ ჩაატარა ან რაც ჩატარდა არ იყო ეფექტური.

 

“ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა სასამართლომ იმსჯელოს ამ მოთხოვნაზე და დარღვევები დაადგინოს. მთელი არსი იმათთვის მდგომარეობს, იმაში, რომ ევროსასამართლო ხელისუფლებას უჩვენებს თავის შეცდომებს, რადგან ხელისუფლებას ყოველთვის თავისი პოზიცია აქვს, რაც არის თავის მართლების პოზიცია. ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლომ ძალიან მკვეთრად და მკაფიოდ თქვას, რომ ხელისუფლება არ იყო მართალი და სახელმწიფომ ვერ  უზრუნველყო ამ მუხლების დაცვა”- ამბობს ნინო ბოლქვაძე.

 

სასამართლოს მიერ დარღვევის დადგენის შემთხვევაში, მომჩივანი მხარე მიიღებს მატერიალურ კომპენსაციასაც, თუმცა ნინო ბოლქვაძე  ამ საკითხს მეორეხარისხოვან საკითხად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს პრეცენდენტი სახელმწიფოს კანონის შესრულების პრაქტიკაში დაეხმარება და ასევე აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იქნება 2013 წლის 17 მაისის საქმისთვისაც, რომელზეც ცალკე სარჩელი არსებობს:

 

“თუ დარღვევა იქნება დადგენილი სავარააუდოდ კომპენსაციაზეც იქნება საუბარი. შეგვეკითხებიან თანხას,  რა ზაინი მოგადგათ. სასამართლოს აქვს პრაქტიკა და მატერიალური ზიანის რაოდენობა პრაქტიკით განისაზღვრება, ეს არ არის დიდი თანხები, მაგრამ ეს იქნება სახელმწიფოსთვის გაკვეთილი და ამისთვის არსებობს ეს ანაზღაურების საკითხი და მოუწევს გადახდა”.

 

ევროსასამართლოს მიერ გამოგზავნილ წერილში, ნათქვამია, რომ 12 მაის საქართველოს მთავრობამ სასამართლოს უნდა აცნობოს თავის პოზიცია აღნიშნულ საქმეზე მეგობრულ მორიგებასთან დაკავშირებით. მეგობრული მორიგება მოდავე მხარეებს შორის მორიგების შესაძლებლობას გულისხმობს, როცა სახელმწიფო იხდის ფინანსურ კომპენსაციას და ევროსასამართლო საქმის წარმოებას აჩერებს. ირაკლი ვაჭარაძეც და ნინო ბოლქვაძეც აცხადებენ, რომ მომჩივანი მხარე მეგობრულ მორიგებას არ დათანხმდება.

 

“ჩვენ ამაზე არ ვიქნებით თანახმა, ვინაიდან პრინციპული მნიშვნელობა აქვს და საქმის მთელი არსი მდგომარეობს იმაში დადგინდეს დარღვევბის არსებობა. ეს თემა, რომ უფლებები არ ირღვევა და ყველაფერი კარგადაა კიდევ უფრო  მარგინალიზებას ახდენს იმ უფლებადამცველი ორგანიზაციების ვინვ ამ საქმეებზე მუშაობს. იმ სოციალური ჯგუფისთის ეს არ იქნება სასარგებლო, შეიძლება მატერიალური თვალსაზრისით, რამდენიმე აპლიკანტისთვის ეს იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენთის ის შედეგია მნიშვნელოვანი რაც მთელი ჯგუფისთის და საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის”.- ამბობს ბოლქვაძე.

 

ევროსასამართლომდე, ორგანიზაცია  “იდენტობამ”  2012 წლის 17 მაისის მოვლენების გამოსაძიებლად მაშინდელ შსს მინისტრს ვანო მერაბიშვილსაც მიმართა, თუმცა როგორც იურისტი განმარტვას  პროკურატურისგან მიღებულ პასუხში ნათქვამი იყო, რომ გამოძიება არ ჩატარდება, ვინაიდან დასჯილია 4 პიროვნება 100-100 ლარიანი ჯარიმით. სწორედ აღნიშნული პასუხის შემდეგ გაეგზავნა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი