ახალი ამბები

ქ-ნი სალომე პარტიის წევრიც რომ იყოს, მაშინაც დამოუკიდებელი იქნებოდა – სუბარი

24 სექტემბერი, 2018 • 4273
ქ-ნი სალომე პარტიის წევრიც რომ იყოს, მაშინაც დამოუკიდებელი იქნებოდა – სუბარი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული მართვის საკითხებში, სოზარ სუბარ მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება ნიშნავს “მეტ ევროპას” საქართველოში. მისი განცხადება სუბარის პრესსამსახურმა გაავრცელა.

“ქალბატონი სალომე არ არის “ქართული ოცნების” წევრი. ის არის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც “ქართული ოცნება” უჭერს მხარს. ქალბატონი სალომე პარტიის წევრიც რომ იყოს, მაშინაც დამოუკიდებელი იქნებოდა, რადგან დამოუკიდებელი პიროვნებაა და თავის სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობს, ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. მაგრამ ზოგიერთი ჩვენი ოპონენტისგან განსხვავებით, ის არასდროს იქნება საქართველოს ოპონენტი, ის ყოველთვის არის საქართველოს მხარეს”, – აცხადებს სუბარი.

სუბარისვე მოსაზრებით, ზურაბიშვილი იდგება საქართველოს გვერდით და იქნება ხელისუფლების მხარდამჭერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საქმეში.

“მნიშვნელოვანია, რომ ის, ერთი მხრივ, არის დამოუკიდებელი, მაგრამ, მეორე მხრივ, არასდროს იქნება საკუთარი ქვეყნის ოპონენტი. ის იქნება ყოველთვის თავისი ქვეყნის გამარჯვებისთვის მებრძოლი”, – მიიჩნევს სუბარი. მას ასევე სჯერა, რომ ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა დააჩქარებს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაციას.

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოფიციალურად დამოუკიდებელ კანდიდატად არის რეგისტრირებული, მას “ქართული ოცნება” პირველივე დღიდან უჭერს მხარს. პარტიული ლიდერები ესწრებიან სალომე ზურაბიშვილის პრეზენტაციებსა და შეხვედრებს მოსახლეობასთან. გარდა ამისა, “ოცნებამ” თავის შემომწირველებს მოუწოდა, თანხა სწორედ სალომე ზურაბიშვილს შესწირონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი