ახალი ამბები

ვაზიანში ავტოავარიის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაშავდა

7 სექტემბერი, 2018 • 2388
ვაზიანში ავტოავარიის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაშავდა

ვაზიანის სასროლეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ორი დაშავდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მე-3 ასეული, სწავლების მიზნით, ვაზიანში არსებულ სასროლეთზე იმყოფებოდა. სწავლების დასრულების შემდეგ, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები  სასროლეთის ტერიტორიას ტოვებდნენ, ავტომანქანა მიწაყრილიან გზაზე გადაბრუნდა, რის შედეგადაც ჯანმრთელობის სხვადასხვა დაზიანება მიიღო მძღოლმა, რიგითმა გიორგი ძაგანაშვილმა, მანქანის მეთაურმა, რიგითმა ვაჟა შათირიშვილმა და მეტყვიამფრქვევე გიორგი ვარძელაშვილმა.

სამივე სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც ვაჟა შათირიშვილი მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვაჟა შათირიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-400 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს საბრძოლო სატრანსპორტო მანქანის მართვის ან ექსპლუატაციის წესის დარვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 3-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი