ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

2 ივლისი, 2019 • 1029
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

ბათუმიდან სენაკის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელსაც მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა, სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 14-მა სამხედრო მოსამსახურემ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

უწყების ინფორმაციით, 3 დაშავებული საავადმყოფოდან უკვე გაეწერა, ყველა სხვა სამხედროს მდგომარეობა კი ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

2019 წლის პირველ ივლისს ოზურგეთის რაიონის დაბა შეკვეთილში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი