ახალი ამბები

მთავრობა 728 სამხედროსთვის საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს

8 ნოემბერი, 2018 • 1303
მთავრობა 728 სამხედროსთვის საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს

საქართველოს პერმიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს 728 სამხედრო მოსამსახურის ბინებით უზრუნველყოფის მიზნით.

ბახტაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე 1 634-მა ოჯახმა ისარგებლა. დარჩენილ 728 სამხედროს კი სახლებს 2020 წლამდე აუშენებენ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად თანხები ცენტრალური და თავდაცვის უწყების ბიუჯეტიდან მობილიზდება:

“2020 წლისათვის ჩვენ შევძლებთ თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად
შესრულებას. ბინების გადაცემა სამ ეტაპად განხორციელდება და ის 2020 წლისთვის დასრულდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI) მიიჩნევს, რომ II ტურის წინ მთავრობამ მასშტაბური სოციალური პროექტების წარდგენისგან თავი უნდა შეიკავოს. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლება მნიშვნელოვნად გააქტიურდა. ბოლო კვირის განამვლობაში თითქმის ყოველდღე ვისმენთ „ქართული ოცნების” ლიდერების დაპირებებს ახალი მრავალმილიონიანი სოციალური ხასიათის პროექტების შესახებ. ეს ტენდენცი, თავისი არსით, ინტენსივობითა და სამიზნე აუდიტორიით ცხადად ატარებს საარჩევნო მოტივირებული საბიუჯეტო ხარჯვის ხასიათს, რაც საარჩევნოდ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შეიძლება უტოლდებოდეს”, – ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

ვრცლად წაიკითხეთ:

მეორე ტურმა რა ჰქმნა?

მასალების გადაბეჭდვის წესი