ინგოროყვას კლინიკის ექიმი რეანიმატოლოგის, გია ბიბილაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში კორპუსის ჩამონგრევისას დაშავებული 3 წლის თაიას და 11 წლის ანდრიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამის შესახებ ექიმმა „ტვ პირველთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, 3 წლის თაია კლინიკაში შედარებით მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს და ამიტომ პედიატრიულ დეპარტამენტში მოათავსეს და არა ბავშვთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

როგორც ექიმი ამბობს, თაიასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

„ბავშვის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ნათელი ცნობიერებით არის, თამაშობს, ტემპერატურა არ აღენიშნება, სასიცოცხლო პარამეტრები კარგი აქვს. რა თქმა უნდა, მასთან ფსიქოლოგები არიან ჩართული და ალბათ, რამდენიმე დღეში დაგვტოვებს ეს გოგონა“, – განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება 11 წლის ანდრიას, ექიმის თქმით, ის კლინიკაში გაცილებით მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. თუმცა როგორც ექიმი ამბობს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მას აღენიშნება: თავის ტვინის კეროვანი დაზიანებები, რამდენიმე დაჟეჟილობის კერა თავის ტვინში, დაჟეჟილობის კერა ფილტვებში, ქალა ძვლების დაზიანება, გარეთა ყურის დაზიანება, რის გამოც პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა და კანის და ქსოვილების მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

ამ პაციენტთანაც დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. აქაც ნათელი ცნობიერებაა. ჩივილები არ აქვს. სასიცოცხლო პარამეტრები აქაც კარგია. ამიტომ ეს პაციენტიც მალე გადავა ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ზოგადი თერაპიის განყოფილებაში.

ფაქტია, რომ ორივე ეს პაციენტი გადაურჩა ამ მძიმე ტრაგედიას“, – განაცხადა გია ბიბილაშვილმა.

19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი, 3 წლის ბავშვი გადარჩა. დაღუპულთაგან სამი ქალია, ერთი კაცი და ორი ბავშვი. მათ შორის დაღუპულია 3 წლის თაიას დედა და და.

ნანგრევებში მოყოლილ 7 პირს, მათ შორის 3 მცირეწლოვან ბავშვს, მაშველები თითქმის 14 საათის განმავლობაში ეძებდნენ.