ახალი ამბები

რატომ არის გადაუწყვეტელი საქართველოს მოსახლეობის მესამედი არჩევნებამდე 3 თვით ადრე?

1 აგვისტო, 2018 • 2554
რატომ არის გადაუწყვეტელი საქართველოს მოსახლეობის მესამედი არჩევნებამდე 3 თვით ადრე?

საქართველოს მოსახლეობა 28 ოქტომბერს პრეზიდენტს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს. NDI-ს კვლევით, 60%–ს არჩევნებზე წასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუმცა 75%–მა ჯერ არ იცის, ვის შემოხაზავს საარჩევნო ბიულეტენში.  ორგანიზაციას ქვეყანაში ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არ ახსოვს:

“ეს, შესაძლოა, კანდიდატების სრული სიის არარსებობას ან პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას უკავშირდებოდეს. აზრთა სხვადასხვაობაა კანდიდატებთან მიმართებაშიც. თუ [მოქმედი] პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, პირველ ტურში დიდი სხვაობა იქნება, თუმცა მეორე ტურში მარგველაშვილისა და “ქართული ოცნების” კანდიდატის შედეგები პროცენტულად ახლოს იქნება”, – აცხადებს NDI–ის დირექტორი საქართველოში ლორა თორნტონი.

თორნტონის ვერსიებიდან ერთ–ერთს მოქმედი პრეზიდენტიც იზიარებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტის შეზღუდვის ფონზე ამომრჩეველი იმდენად დაიბნა, რომ ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, ვის დაუჭიროს მხარი.

„დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ პრეზიდენტს ჩამოართვეს უშიშროების საბჭო, ჩამოართვეს მოსამართლეების დანიშვნის უფლება, ჩამოართვეს საერთაშორისო აქტიურობები უფლება, რომ ფაქტობრივად, მოქალაქეობის უფლების ნაწილში იუსტიციის მინისტრის გადასწყვეტი იქნება ეს საკითხი. აქედან გამომდინარე, მოქალაქეები დაბნეული არიან, ასევე დაბნეულია პოლიტიკური სპექტრი”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

NDI-მ რესპონდენტებს პარტიების მიმართ მათი განწყობის შესახებაც ჰკითხა. შედეგებიდან ჩანს, რომ გამოკითხულთა 48% არცერთი პარტიის შეხედულებებს არ იზიარებს. 18% ასეთ პარტიად “ქართულ ოცნებას” მიიჩნევს, 10% კი “ნაციონალურ მოძრაობას”.

უკავშირდება თუ არა მოცემული შედეგები საზოგადოებაში პოლიტიკური ცხოვრების მიმართ გაჩენილ ნიჰილიზმს, რაც ზემოაღნიშნული შედეგიდანაც ჩანს? “ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ – არა. თამარ ჩუგოშვილი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობის ზრდის მიზეზებს არა სკეპტიციზმში, არამედ კანდიდატების არასრულ სიასა და NDI-ის მიმართ უნდობლობაში ხედავს.

“ალბათ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის განწყობის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისი კანდიდატი არ დაუსახელებია. კანდიდატის დასახელება რიცხვებსა და მაჩვენებლებს თვისობრივად შეცვლის. ალბათ, უარი გამოწვეულია კვლევის მიმართ საზოგადოებაში არსებული გარკვეული უნდობლობით, რაც ორგანიზაციასთან მიმართებაში არსებობს”, – უთხრა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მედიას.

მმართველი პარტიის წევრისგან განსხვავებით, ანალიტიკოსი გიორგი ცხადაია ამომრჩეველთა უმრავლესობის ჩამოუყალიბებლობის მიზეზს სწორედ “ოცნების” რიტორიკის რყევაში ხედავს. მისი თქმით, ხელისუფლების დაპირებების შეუსრულებლობამ და ოპოზიციის სისუსტემ მმართველი პარტიის პოპულარობა ბუნებრივად დაწია.

“ყველაზე დიდი ნიჰილიზმი გააჩინა იმან, რომ იყო რაღაც დაპირებები, რომლებიც არ შესრულდა.  რადიკალურად არ გამოსწორდა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რისი მთავარი იმედიც ჰქონდათ. ასევე, “ქართული ოცნების” მთელი რიტორიკა აგებული იყო “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკაზე. როცა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, როგორც ოპოზიციურმა ძალამ, დაკარგა რეპუტაცია იმ დონეზე, რომ მისი ხელისუფლებაში დაბრუნების შანსები რადიკალურად შემცირდა, “ოცნებამაც” დაკარგა არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ აი, მე “ნაციონალურ მოძრაობაზე”  უკეთესი ვარ”, – უთხრა ცხადაიამ “ნეტგაზეთს”.

პოლიტოლოგი გია ნოდია კი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კლასის მიმართ ნიჰილიზმი მართლაც არსებობს, რომელსაც ერი მხრივ, ხელისუფლების არასათანადო მუშაობა, მეორე მხრივ კი ოპოზიციის არასაკმარისი აქტიურობა განაპირობებს.

“ძალიან მაღალია მაჩვენებელი იმ ხალხისა, ვინც თვლის, რომ არასწორი მიმართულებით მიდის საქართველო. უკმაყოფილების ზომა ხალხში განსაკუთრებით მაღალია. ასევე, მათ, ერთის მხრივ, ოპოზიციაში არ ეგულებათ საკმარისად კარგი კანდიდატი, მეორეს მხრივ კი, კვლევიდან არ ჩანს, თუმცა ნათელია, რომ მათთვის დიდად მნიშვნელოვანი არ არის, ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი, რადგან ის მაინც ვერაფერს უშველის. ეს ფაქტორები ზოგად ნიჰილიზმს ბადებს. უფრო კონკრეტულია ის, რომ სრულად არ ვიცით, ვინ არიან პრეზიდენტობის კანდიდატები. როცა კვლევა ტარდებოდა, მაშინ უფრო ნაკლები ინფორმაცია იყოს ამაზე”, – განუცხადა პოლიტოლოგმა “ნეტგაზეთს”.

ნოდიას თქმით, მსგავსი განწყობები კვლავ ამჟამინდელ ხელისუფლებას წაადგება, ვინაიდან საკუთარი კანდიდატისათვის დიდი ძალისხმევის გაწევა არ მოუწევს:

“თუ ამომრჩევლის უმრავლესობა არის უკმაყოფილო, არ ენდობა ხელისუფლებას და ეს აშაკარაა, მაშინ ხელისუფლებისათვის მომგებიანია, დამკვიდრდეს ის აზრი, რომ ამ არჩევნებით მაინც ვერავინ ვერაფერს მიაღწევს; ნაკლები ხალხი მივიდეს არჩევნებზე და მისი ე.წ. ადმინისტრაციული რესურსი აღმოჩნდეს გადამწყვეტი ფაქტორი”.

საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა საზოგადოებას რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ უკვე წარუდგინა. “ნაციონალური მოძრაობა” კანდიდატად გრიგოლ ვაშაძეს წარადგენს, “ევროპული საქართველო” – დავით ბაქრაძეს, “გირჩი” – ზურაბ ჯაფარიძეს, “შენების მოძრაობა” კი, დავით უსუფაშვილს. საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად ჯერ არცერთ მათგანს წარუდგენია.

ჯერჯერობით უცნობია, ვის წარადგენს ან წარადგენს თუ არა ვინმეს საპრეზიდენტო კანდიდატად “ქართული ოცნება”. როგორც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა “პირველი არხის” ეთერში აღნიშნა, მისი პოზიციაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო კანდიდატი გუნდიდან არ დაასახელოს. 25 ივლისს კი ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა განიხილავს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მმართველ პარტიას საპრეზიდენტო არჩევნებზე შეიძლება არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი